Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

14.04.2013

 

 

 

 

 

 

მარცხი ჩემპიონატის ლიდერთან

 

 

 

 

 

 

 

 

 

2013 წლის 14 აპრილს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეშვიდე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" მიმდინარე პირველობის ერთპიროვნულ ლიდერ თბილისის ”დინამოს” უმასპინძლა და დამარცხდა ანგარიშით 0-1.

 

"ბოლო წლებია საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ყველაზე საინტერესო და პრინციპული მატჩები სწორედ ამ გუნდების მონაწილეობით იმართებოდა. უფრო მეტიც, ქვეყნის ჩემპიონობის ბედიც უმეტესწილად სწორედ “ზესტაფონი”-“დინამოს” დუელში წყდებოდა. წლევანდელ ეროვნულში ზემოთქმულის განმეორება გაგვიჭირდება, რადგანაც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი “ზესტაფონი”, მთელი რიგი გარემოებების გამო, საჩემპიონო მარათონს ფაქტობრივად ნაადრევად გამეთიშა, რაც შეეხება “დინამოს”, ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონები სატურნირო ცხრილის სათავეში არიან და რეალურად ისინი ჩემპიონობის ყველაზე რეალურ პრეტენდენტად რჩებიან. ყველაფერ ამის მიუხედავად, დედაქალაქელებს იოლი გასეირნება რომ არ ელოდათ ზესტაფონში, ყველასათვის ცხადი იყო. ეს დაადასტურა მეორე წრის მატჩმაც, როდესაც ფეროელებმა ფავორიტი სტუმრების დამარცხება “დავით აბაშიძეზე” მოახერხეს.

 

ამინდიდან დაწყებული საფეხბურთო მოედნით დასრულებული, იდეალური სათამაშო პირობები ჰქონდათ მატჩის მონაწილეებს. შეხვედრის დაწყებამდე ორივე გუნდის ფეხბურთელებმა ბანერით თანადგომა გამოუცხადეს ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელ გიორგი ონიანს, რომელმაც რამდენიმე დღის წინათ განმეორებით სათასო მატჩში ბოლნისის “სიონთან” უმძიმესი ტრამვა მიიღო. ტრამვირებული ფეხბურთელის მიმართ თანადგომა ანალოგიური ფორმით ზესტაფონელთა ქომაგებმაც გამოხატეს...

 

პირველი სახიფათო მომენტი შეხვედრაში მე-6 წუთზე შეიქმნა, როდესაც თბილისელი მცველების შეცდომით ისარგებლა ბოტი დემელმა და ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა. კოტ დივუარელმა განივი გადაცემა გააკეთა ძლიერად, მაგრამ ბურთი ადრესატამდე ვერ მივიდა, რადგანაც გიორგი ლორიამ იგი კუთხურზე გადააგდო. მალე ხიფათი მასპინძელთა კართანაც შეიქმნა სტანდარტული სიტუაციის გათამაშებისას. ჩისკოს და გრაიციარის გათამაშებული ბურთი პირინეელმა ზესტაფონელთა საჯარიმოში ჩააწოდა. ბურთზე ყველაზე მაღლა კვარაცხელია ახტა და თავურითაც დაარტყა, მაგრამ მცირედით არაზუსტად...

 

35-ე წუთზე მასპინძელთა სწრაფი იერიშისას ბოტი დემელს მეკარესთან პირისპირ გასვლის შანსი მიეცა. დასწრებაზე ფორვარდს ლორიამ დაასწრო, რომელმაც კარი დატოვა და ბურთი ფეხით მოიგერია. ეროვნული ნაკრების დარაჯს ეს არც ისე კარგად გამოუვიდა, მისგან ბურთი ენდელაძეს მიუვიდა, რომელმაც შორიდან გადაგზავნა ცარიელ კარში ბურთი, თუმცა ახალგაზრდა ნახევარმცველს დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.

 

ტაიმის მიწურულს დინამოელებმა შეუტიეს მეტოქის კარს ფლანგებიდან. შეტევის მარცხენა ფლანგიდან გრაიციარის ჩაწოდების შემდეგ, ხმალაძეს ოდნავაც რომ შეეცვალა ბურთზე მიმართულება, გოლი გარდაუვალი იქნებოდა, მაგრამ დინამოელთა კაპიტანმა ეს ვერ შეძლო. აღმოსავლელთა შეტევა გაგრძელდა და ამჯერად მარჯვენა ფლანგიდან კოტოს ჩაწოდებულზე კვარაცხელიამ იმარჯვა თავურით, თუმცა მისი დარტყმული მცირედით არაზუსტი გამოდგა...

 

მეორე ტაიმი უფრო აქტიურად სტუმრებმა დაიწყეს და პირველი სახიფათო მომენტიც მათ მიერ შეიქმნა. ჩისკოს ჩაწოდებულ კუთხურზე ყველაზე მარდი სეთურიძე აღმოჩნდა, რომლის თავური დარტყმა კვასხვაძისთვის ძნელად ასაღები იქნებოდა, მაგრამ “დინამოს” მარჯვენაფლანგელის გარჯას მცირედით დააკლდა სიზუსტე.

 

50-ე წუთზე თბილისელებმა ანგარიში გახსნეს. აუტიდან ჩამოწოდებულ ბურთზე ზესტაფონელთა ნახევარზე ჩისკომ იბრძოლა და ლევან ხმალაძისთვის პასის გაკეთება შეძლო. სტუმართა კაპიტანმა სიტუაცია სწორად შეაფასა და დაახლოებით 27 მეტრიდან ძლიერად “გაისროლა”. მართალია როინ კვასხვაძემ ნახტომიც მოასწრო და ბურთზე ხელით შეხება, მაგრამ გოლი მაინც გავიდა და “დინამო” დაწინაურდა – 0:1.

 

ანგარიშში ჩამორჩენისთანავე მასპინძლები შეეცადნენ მალევე აღედგინათ წონასწორობა, მაგრამ ზესტაფონელთა ამ მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია. დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ფეროელებმა რამდენჯერმე შორიდან სცადეს ბედი, თუმცა აქედან არაფერი გამოვიდა. ყველაზე დასამახსოვრებელი მათ მცდელობებიდან მაინც იელიჩის შორეული დარტყმა იყო, რომლის აღება ლორიას საკმაოდ გაუჭირდა... მდგომარეობის გამოსასწორებლად ზესტაფონელთა დამრიგებელმა შეცვლებს მიმართა. კაჭარავამ მოედანზე სამუშია და რეკრუკი შეუშვა. მართალია, ამ ფეხბურთელებმა მყისიერად ვერ შეცვალეს სიტუაცია, მაგრამ აქტიურები კი იყვნენ. უნდა გამოვყოთ ალჟირელის სახიფათო ჩაწოდება, რომელსაც ბოტი დემელმაც და ლორიამაც თვალი გააყოლეს. ბურთმა კი რამდენიმე სანტიმეტრით ჩაუქროლა “დინამოს” კარს.

 

74-ე წუთზე სტუმრებს ანგარიშის გაზრდა მართებდათ. ზესტაფონელთა კართან ხიფათი ისევ სტანდარტულიდან შეიქმნა. მერებაშვილის ჩაწოდებულ კუთხურზე ყველას ხმალაძემ დაასწრო, რომელსაც ხელს არავინ უშლიდა. დინამოელთა კაპიტნის თავური დარტყმით წესით გოლი უნდა გასულიყო, რომ არა კვასხვაძის დიდებული გარჯა. მასპინძელთა მეკარემ ამ შემთხვევაში ბრწყინვალე სეივი განახორციელა. რამდენიმე წუთში კვასხვაძემ ისევ ისახელა თავი, როდესაც მერებაშვილის არც თუ სასიამოვნო დარტყმული მშვენიერ ნახტომში მოიგერია.

 

თამაშის დასკვნით ნაწილში მასპინძლები ისევ ცდილობდნენ სიტუაციის გამწვავებას, მაგრამ დინამოელებს საიმედოდ ჰქონდათ გადაკეტილი საკუთარი კარის მისადგომები. თავის მხრივ თბილისელები კონტრშეტევების განხორციელებასაც ცდილობდნენ, მაგრამ მატჩის ეპილოგში მათ ამის გაკეთების საშუალება არ მისცემიათ. მნიშვნელოვანი და საინტერესო არც სირიელი არბიტრის მიერ დამატებულ დროში მომხდარა. “დინამომ” მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა და მეტად საჭირო 3 ქულა გაიფორმა აქტივში" ...

 

მატჩის შემდეგ:

დუშან უჰრინი (“დინამო”): “ჩვენთვის რთული თამაში იყო, რადგანაც გორის “დილას” თამაშის შედეგი ვიცოდით. შეცდომის დაშვების უფლება არ გვქონდა, ამიტომაც ფრთხილად ვთამაშობდით. ყველაფერი ერთმა შედეგიანმა დარტყმამ გადაწყვიტა, რომელმაც სასურველი 3 ქულა მოგვიტანა. მადლობელი ვარ ჩემი ბიჭების, რომლებმაც დავალებები პირნათლად შეასრულეს და საკმაოდ რთული მატჩი მოიგეს”.

კახა კაჭარავა (“ზესტაფონი”): “წაგებული მატჩის შემდეგ, ბუნებრივია, ვერ ვიტყვი რომ კარგად ვითამაშეთ. დაძაბული თამაში იყო, ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდებოდა წარმატება, რადგანაც განახლებულ ჩემპიონატში ჯერჯერობით გამარჯვება არ მოგვიპოვებია. ახალგაზრდებს ვენდეთ, რომლებმაც ნორმალურად ითამაშეს, მაგრამ გამოცდილ მეტოქესთან მაინც დამარცხდნენ”.

 

გამოყენებულია www.worldsport.ge-ს პუბლიკაცია, ავტორი ზაზა ლეთოდიანი    (იბეჭდება შემოკლებით...)

 

 

14.04.2013. ”ზესტაფონი” - ”დინამო” (თბილისი) 0-1

დაწვრილებით:

 

 

რეზო სვანიძის ფოტოები

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012