2013 წლის 6 აპრილს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურის მატჩები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის ცენტრალურ სტადიონზე ადგილობრივმა საფეხბურთო კლუბმა ”ზუგდიდმა” საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა. მატჩი დასრულდა ფრედ 0-0.
სტუმრები დღევანდელ შეხედრას გარკვეული საკადრო პრობლემებით შეხვდნენ - სხვადასხვა მიზეზის გამო ზუგდიდელებთან დაპირისპირებაში მარგველთა გუნდს თორნიკე აფციაური, როინ კვასხვაძე, ალექს ბენაშვილი, ბოტი დემელი, გიორგი კაჭკაჭიშვილი, რატი წინამძღვრიშვილი და დავით რაჟამაშვილი გამოაკლდნენ. სამაგიეროდ, ზესტაფონელთა პირველი გუნდის მაისურით სადებიუტო მატჩი ჩაატარა ახალგაზრდა გოლკიპერმა კახაბერ მეშველიანმა, რომელმაც მთლიანობაში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
სტუმრებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს. მატჩის დებიუტშივე ლევან კუტალიას შორიდან დარტყმის შემდეგ ლაშა ძაგანიას ბურთი ხელიდან გაუვარდა, თუმცა სიტუაცია მასპინძელთა მცველების ჩარევის შემდეგ განიმუხტა. კუტალიას თავის გუნდის დაწინაურება პირველი ტაიმის მიწურულს კიდევ ერთხელ შეეძლო - მშვენივრად გათამაშებული კომბინაციის შედეგად ზესტაფონელთა შემტევი ზუგდიდელთა გოლკიპერთან პირისპირ დარჩა, თუმცა ლევანის გადამწყვეტი დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა. ტაიმის ბოლოს ავთო ენდელაძემ სცადა მასპინძელთა მეკარის შორიდან დარტმით შეწუხება, თუმცა ძაგანიამ ამ ეპიზოდში ყურადღებით ითამაშა.
მეორე ტაიმის საწყისი ნაწილი გუნდებმა ორმხრივ იერიშებში გაატარეს, თუმცა თანდათან უპირატესობას ისევ ზესტაფონელები დაეუფლნენ და აშკარა საგოლე მომენტების სიმწირის მიუხედავად, რამდენიმე ეპიზოდში მაინც ახლოს იყვნენ გადამწყვეტი გოლის გატანასთან. განსაკუთრებული გამორჩევის ღირსია ეპიზოდი, როდესაც მასპინძელთა გოლკიპერთან პირისპირ აღმოჩნდა ვახტანგ ჭანტურიშვილი, რომელსაც აქცენტირებული დარტყმის განხორციელებაში უკნიდან წამოწეულმა მცველებმა შეუშალეს, თუმცა ბურთს იქვე მყოფი შოთა ბაბუნაშვილი დაეუფლა და მასპინძელთა კარის დაუცველ შორეულ კუთხეში დაარტყა - ზუგდიდელთა კარის დარაჯმა თავის გუნდი აშკარა გოლს გადაარჩნა. ზესტაფონელთა სამწვრთნელო შტაბმა შეცვლებით სცადა საწადელის მიღწევას, თუმცა საბოლოოდ დღევანდელი მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა - ფრე 0-0.
მატჩის შემდეგ (www.worldsport.ge):
ელგუჯაქომეთიანი (“ზუგდიდი”): „რასაც ჩვენი გუნდი მეორე ეტაპზე აჩვენებს, დღევანდელი შედეგი, ბუნებრივია, ისევ არადამაკმაყოფილებელია, თუმცა ფეხბურთელების მონდომება და შემართება, რაც ზესტაფონის წინააღმდეგ იყო, აუცილებლად დასაფასებელია. სრულიად ნათელია, რომ გუნდი, წინა ტურის შემდეგ, ფსიქოლოგიურად და შემართებითაც მოშლილი იყო, მაგრამ მადლობელი ვარ ჩემი ბიჭების, რომ მოახდინეს კონცენტრირება და ბრძოლისუნარიანად ითამაშეს. ეს იყო თამაში, სადაც ერთ გოლს შეეძლო მატჩის ბედი გადაეწყვიტა, ამიტომ ვიტყვი, რომ შეგვეძლო როგორც მოგება, ასევე წაგებაც“.
კახაკაჭარავა (“ზესტაფონი”): „როგორც მასპინძლებს, ისევე ჩვენც, მეორე ეტაპზე მოგება არ გვქონია და ვიცოდით, რომ რთული თამაში გვექნებოდა. საერთოდ, ზუგდიდში ყველა გუნდს უჭირს თამაში, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. გვქონდა საგოლე მომენტები, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. რიგ ეპიზოდებში კი, მინდვრის საფარმაც შეგვიშალა ხელი კომბინაციის დამუშავებაში, თუმცა ვთვლი, რომ შედეგი ლოგიკური იყო“.
მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 14 აპრილს გამართავს. საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეშვიდე ტურის მატჩში იმერლები მიმდინარე პირველობის ერთპიროვნულ ლიდერ თბილისის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ.