Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

04.04.2013

 

 

 

 

 

 

ზესტაფონურ-ზუგდიდური არითმეტიკა

 

 

 

 

 

 

 

შაბათს, 6 აპრილს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის ცენტრალური სტადიონი ზესტაფონელთა და ზუგდიდელთა მორიგ, რიგით მეოცე საჩემპიონატო დაპირისპირებას უმასპინძლებს. საქართველოს XXIV ეროვნული პირველობის ოცდამეექვსე ტურის შეხვედრაში ქვეყნის ორგზის ჩემიონი საფეხბურთო კლუბ ”ზუგდიდს” ესტუმრება.

 

დასავლეთ საქართველოს წარმომადგენელი ამ ორი ქალაქის კლუბების დაპირისპირებათა ისტორია რიგით მეორე ეროვნული ჩემპიონატიდან მოყოლებული იწყებს ათვლას. ჩვენ კი თქვენს ყურადღებას ზუგდიდელებთან საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" "ურთიერთობებზე" შევაჩერებთ - "გაცნობა" 2005 წლის 23 აგვისტოს მოხდა - ეროვნული თასის გათამაშების პირველ მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრაში, რომელსაც ზესტაფონის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა, მასპინძლებმა ანგარიშით 3-0 მოუგეს საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდს". საპასუხო შეხვედრა იმავე წლის 13 სექტემბერს სენაკში გაიმართა და იმერლებმა კიდევ უფრო დიდი სხვაობით დაამარცხეს მეტოქე - 4-0. აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ ზესტაფონელებს "ზუგდიდური ბარიერის" გადალახვა მათთვის ყველაზე დიდი წარმატების მომტან 2007-2008 წლის სათასო გათამაშებაშიც მოუხდათ - 2007 წლის 2 ოქტომბერს გამართულ ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში ზესტაფონელებმა მეტოქე 6-3 დაამარცხეს, ხოლო 5 ნოემბერს ზუგდიდს მეორე გუნდით ესტუმრნენ და მატჩი 0-2 დათმეს.

 

ეროვნულ ჩემპიონატში გამართული პირველი დაპირისპირება 2007 წლის 25 აგვისტოს ზესტაფონში გაიმართა - მატჩის მიწურულს ზურაბ იონანიძის მიერ შესრულებული "დუბლით" მასპინძლებმა 2-0 იმარჯვეს, ხოლო გულია თუთბერიძის სახელობის სტადინზე გამართული XIX ჩემპიონატის საპასუხო შეხვედრა ფრედ 0-0 დასრულდა.

 

XX და XXI ეროვნულ ჩემპიონატებში გამართულ შეხვედრებში მხოლოდ ზესტაფონელები იმარჯვებდნენ - 2008-2009 წლის საფეხბურთო სეზონში იმერლებმა ზუგდიდის "მგლები" ორჯერ შინ (1-0 და 3-1) და ერთხელაც სტუმრად (1-0) დაამარცხეს, ხოლო მომდევნო წელს უკვე "ბაიასთან" მატჩებში ზედიზედ 4 გამარჯვებას მოუყარეს თავი - ორჯერ შინ (2-1 და 4-0) და ამდენჯერვე სტუმრად (1-0 და 1-0).

 

XXII ეროვნულ ჩემპიონატში გამართული პირველივე ზუგდიდურ-ზესტაფონური დუელი აღსანიშნავია იმით, რომ სწორედ 2010 წლის 11 სექტემბერს შემდგარ შეხვედრაში, გიორგი მეგრელაძის დუბლის მეშვეობით, სამეგრელოს წარმომადგენელმა (კერძოდ, "ბაიამ") პირველად და დღემდე უკანასკნელად მოახერხა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ძლევა, ის მატჩი 2-1 დასრულდა. ამის შემდეგ, პირველი საჩემპიონო ტიტულის მოსაპოვებლად მომართულმა იმერლებმა ზედიზედ 3 მარცხი აგემეს ოპონენტს - ორჯერ შინ (6-1 და 3-0) და ერთხელ სტუმრად (3-1).

 

ასევე უდავო იყო "ზესტაფონის" უპირატესობა მეორე საჩემპიონო ტიტულის მოპოვებისას - მარგველებმა მოიგეს ზესტაფონში შემდგარი ორივე შეხვედრა (1-0 და 4-1), ხოლო ზუგდიდში გამართული ორი მატჩიდან ერთი მოიგეს ანგარიშით 2-1, ხოლო მეორე დასრულდა ფრედ ანგარიშით 1-1.

 

მიმდინარე ჩემპიონატში მეტოქეებმა უკვე ორი მატჩის გამართვა მოასწრეს და ორივეში იმერლებმა იმარჯვეს - გასული წლის 20 ოქტომბერს "დავით აბაშიძეზე" გამართულ შეხვედრაში ზესტაფონელებმა ლევან შარიქაძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით იმარჯვეს (1-0), ხოლო 19 დეკემბერს განმუხურში ზუგდიდელებს უფრო დამაჯერებლად (3-0) სძლიეს - გატანილი გოლები ბოტი დემელის, თედორე გრიგალაშვილის და ზურაბ მენთეშაშვილის ანგარიშზეა.

 

სულ, ეროვნული პირველობის ეგიდით საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" და ზუგდიდელებმა ერთმანეთში 19 შეხვედრა გამართეს. ამ მატჩებში 16-ჯერ გაიმარჯვეს იმერლებმა, 2 დასრულდა ფრედ, 1 კი მოიგეს სამეგრელოს წარმომადგენლებმა. არაა გასაკვირი არც გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსში მარგველთა დიდი უპირატესობა - 40-9.

 

საინტერესოა ისიც, რომ ზესტაფონელთაგან ზუგდიდელთა კარში ყველაზე მეტი გოლი ნიკოლოზ გელაშვილს გაუტანია - დღესდღეობით გერმანული "ბოხუმის" რიგებში მოასპარეზე ექს-ზესტაფონელს "მგლებისა" და "ბაიას" კარში 7 გოლი აქვს გატანილი. 4-4-ჯერ კი ზუგდიდელთა კარის ბადე ერთბაშად 3 ზესტაფონელ ფეხბურთელს (ზურაბ იონანიძე, შოთა გრიგალაშვილი და ჯაბა დვალი) შეურხევია...

 

საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდთან" შაბათს გასამართი შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება...

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013