02.04.2013
"წითლები" "ლურჯების" წინააღმდეგ
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩებისათვის მზადებას გუშინ შეუდგა. დღეს კი ზესტაფონელთა ბაზაზე ორმხრივი შეხვედრა გაიმართა - კახა კაჭარავამ ფეხბურთელები ორ პირობით გუნდად - ”ლურჯებად” და ”წითლებად” დაჰყო და მშვენიერ მდგომარეობაში მყოფ ბაზის მწვანე მინდორზე საინტერესო ”ბურთაობა” გაჩაღდა.
"მოწინააღმდეგე გუნდებმა" ასეთი შემადგენლობებით იასპარეზეს:
”ლურჯები”: მეშველიანი, ღონღაძე, პეტკოვი, თედო გრიგალაშვილი, ბენაშვილი, ჩირიკაშვილი, ბაბუნაშვილი, ჭანკოტაძე (მიქელთძე), რაჟამაშვილი, აფციაური, წინამძღვრიშვილი.
”წითლები”: მახათაძე, გაგოშიძე, კაკუბავა, ლოსანო, თორნიკე გრიგალაშვილი, იელიჩი, გორგიაშვილი, შარიქაძე, რეკრუკი, კუტალია, კვერნაძე.
შეხვედრა, რომელშიც გუნდებმა სამი 20-წუთიანი ტაიმი ითამაშეს, ”ლურჯების” შეტევებით დაიწყო და მალევე მათ ანგარიშიც გახსნეს - გია მახათაძის კარი ძლიერი დარტყმით თორნიკე აფციაურმა აიღო. პირველი ტაიმის ბოლომდე აქტიურად მოასპარეზე "ლურჯებმა" კიდევ ორი ბურთის გატანა მოახერხეს - თავი რატი წინამძღვრიშვილმა და შოთა ბაბუნაშვილმა გამოიჩინეს. მეორე ტაიმის დასაწყისში დავით რაჟამაშვილმა თავის გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, თუმცა მალევე თავი "წითლებმაც" გამოიჩნეს - მოჰამედ რეკრუკმა მშვენიერი სოლო-რეიდი ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა. მატჩის დასკვნითი (მესამე) ტაიმი ორმხრივ იერიშებში წარიმართა, თუმცა საბოლოოდ ანგარიში აღარ შეიცვალა - ”ლურჯების” გამარჯვება ანგარიშით 4-1.
ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის მცირე პრობლემის გამო, დღევანდელ ”შიდა დაპირისპირებაში” მონაწილეობა ვერ მიიღეს როინ კვასხვაძემ, ბოტი დემელმა, ავთო ენდელაძემ, მიხეილ სარდალიშვილმა და გურამ სამუშიამ. ეს ფეხბურთელები მზადების პროცესს უახლოეს დღეებში დაუბრუნდებებიან.
|