31.03.2013
დუბლიორთა ტურნირის ოცდამეექვსე ტური
2013 წლის 31 მარტს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეექვსე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტები თბილისის ”ვიტ-ჯორჯიას” მეორე გუნდს მცხეთაში ესტუმრნენ.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, რობაქიძე, გაგოშიძე, ჯიქიძე (წურწუმია, 62), ახალაძე (ფოცხვერაშვილი, 72), ჭანკოტაძე (ო. გრიგალაშვილი, 46), გაჩეჩილაძე, გოგია, მაკარიძე, მიქელთაძე, ჭანტურიშვილი (კვარაცხელია, 46 (ეგუტიძე, 64)).
ვეტერინართა დუბლების და ზესტაფონელთა მეორე გუნდის დღევანდელი დაპირისპირების პირველი ტაიმის უმეტესი ნაწილი თანაბარ ბრძოლაში გაილია. სტუმართა მხრიდან ვახტანგ ჭანტურიშვილი აქტიურობდა, ხოლო თბილისელები საწადელის მიღწევას სტანდარტების გამოყენებით ცდილობდნენ. ტაიმის ბოლო 10 წუთში კი თამაშის სცენარი შეიცვალა და მასპინძლების გააქტიურების სწორედ ამ მონაკვეთს მოჰყვა იმერელთა კარში გატანილი ორი გოლი - ანგარიში კახა მეშველიანთან პირისპირ გასულმა გიორგი გაგნიძემ 37-ე წუთზე გახსნა, 45-ეზე კი თავის გუნდის უპირატესობა ორამდე ლევან კუხალეიშვილმა გაზარდა.
მეორე ტაიმის დებიუტში სტუმრები გააქტიურდნენ და ანგარიშში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს - 56-ე წუთზე დანიშნული 11-მეტრიანი გოლად ბადრი კვარაცხელიამ აქცია. ამის შემდეგ კი მოედანზე მიმდინარე მოვლენებს მთლიანად მასპინძლები აკონტროლებდნენ - 76-ე წუთზე ვეტერინართა ორბურთიანი უპირატესობა ბადრი ტეტუნაშვილმა აღადგინა. 85-ეზე ანდრო სოფრომაძის გოლით კი დღევანდელი შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა - "ვიტ-ჯორჯიას" დუბლიორთა გამარჯვება ანგარიშით 4-1.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი
|