2013 წლის 30 მარტს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეხუთე ტურის მატჩები. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანწმინდის სტადიონზე ადგილობრივმა საფეხბურთო კლუბმა ”ჩიხურამ” ქვეყნის ორგზის ჩემპიონს, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა.
მატჩი მასპინძელთა სწრაფი გოლით დაიწყო - სტუმართა კართან დანიშნული ჯარიმა ზესტაფონელთა საჯარიმოში მაღალი ჩაწოდებით გაგრძელდა, როინ კვასხვაძემ ბურთის საჯარიმოს ფარგლებს გარეთ გამოტანა კი მოახერხა, მაგრამ მას დავით ოდიკაძე დაეუფლა და მახვილი კუთხიდან სტუმართა ცარიელ კარში გადაგზავნა.
გაშვებული ბურთის შემდეგ სტუმრები ტერიტორიულ უპირატესობას კი დაეუფლნენ, თუმცა აშკარა საგოლე მომენტები საჩხერელთა კართან ნაკლებად იქმნებოდა. გამონაკლისი გახლდათ ეპიზოდი, როდესაც გიორგისომხიშვილის კარის სიახლოვეს დასარტყტმელ პოზიციაზე მყოფ ლევან კუტალიას დარტყმა დაუგვიანდა.
მეორე ტაიმი შეხვედრის პირველი ნახევრის მსგავსი სცენარით წარიმართა. ბურთს და ტერიტორიას ზესტაფონელები ფლობდნენ, თუმცა მასპინძელთა მასირებულ დაცვაში ხვრელების პოვნა მათ ძალიან უჭირდათ. ანგარიშის გათანაბრების ყველაზე რეალური შესაძლებლობა თორნიკე გორგიაშვილს მიეცა, თუმცა მისი დარტყმა საჩხერელმა მცველმა თავგანწირული ნახტომით გაანეიტრალა. "ჩიხურას" გამარჯვება ანგარიშით 1-0.
მატჩის შემდეგ (www.worldsport.ge):
კახა კაჭარავა: ,,ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა, მაგრამ ასეთ შედეგზე ნამდვილად არ ვფიქრობდით. სამწუხაროდ, პირველ 3 წუთში წავაგეთ. დანარჩენ დროში, სათამაშო უპირატესობა ჩვენი იყო, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ, მეტოქემ კონტრიერიშებზე ააწყო თამაში. მასპინძლებმა ყველაფერი დადეს გასამარჯვებლად. ვულოცავ მათ ამ წარმატებას“.
სოსო ფრუიძე: ,,ჩვენ გამარჯვებაზე ვიყავით ორიენტირებულები. იღბლად, სწრაფი გოლი გავიტანეთ, შემდეგ დაცვიდან ვითამაშეთ და ეს უპირატესობა ბოლომდე შევინარჩუნეთ. კიდევ გვქონდა გატანის შანსი, მაგრამ მიღწეულით კმაყოფილნი ვართ. მომდევნო ტურში, სტუმრად თბილისის ,,დინამოს“ ვხვდებით. სამწუხაროდ, ამ მნიშვნელოვან თამაშზე ძირითადის 5 ფეხბურთელი დაგვაკლდება. კირკიტაძე და დიღმელაშვილი ტრავმირებულები არიან, ბოლქვაძემ დღეს მე-3 გაფრთხილება მიიღო, რაც შეეხება ოდიკაძეს და რეხვიაშვილს, ისინი ჩვენთან განათხოვრებით ,,დინამოდან“ არიან მოსულნი და ვერ ვათამაშებთ.“
მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 6 აპრილს გამართავს. საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურის მატჩში იმერლები ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ ”ზუგდიდს” განმუხურში ესტუმრებიან.