Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

29.03.2013

 

 

 

 

 

 

მარგველთა დერბის წინათქმა

 

 

 

 

 

 

 

30 მარტს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანწმინდის სტადიონზე გაიმართება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეხუთე ტურის შეხვედრა, რომელშიც ადგილობრივი ”ჩიხურა” საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლებს.

 

მარგვეთის მხარის წარმომადგენელი ამ ორი კლუბის დაპირისპირებათა ისტორია 2006 წლის 9 სექტემბერს იღებს სათავეს - "ზესტაფონისა" და საჩხერეს "ჩიხურას" პირველ მატჩს ზესტაფონის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა და ის შეხვედრა გოგი ფიფიასა და ზურაბ იონანიძის გოლების წყალობით მასპინძლებმა 2-0 მოიგეს.

 

ეროვნულ ჩემპიონატში გამართული შემდეგი შეხვედრა 2007 წლის 31 მარტს შედგა. მატჩი, რომელიც გატანილი გოლების გარეშე (0-0) დასრულდა, ნეიტრალურ მოედანზე, კერძოდ გორის მრავლის მნახველ სტადიონ "ქართლზე" გაიმართა. უნდა ითქვას, რომ ამ მატჩში საჩხერელთა რიგებში ითამაშა ჯაბა დვალმა, რომელმაც შემდგომში ზესტაფონელთა რიგებში წარმატებულად ასპარეზობისას ქვეყნის ორგზის ჩემპიონისა და ეროვნული პირველობის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულებს მოუყარა თავი.

 

შემდეგი ზესტაფონურ-საჩხერული მატჩიც, რომელიც 2012 წლის 29 სექტემბერს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართა, უგოლოდ დასრულდა. რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატის ეგიდით გამართულ მაგველთა ბოლო დერბის, რომელიც 2012 წლის 6 დეკემბერს ივანწმინდაში გაიმართა და რომელშიც სტუმრებმა მეორე გუნდით იასპარეზეს, ის "ჩიხურას" გამარჯვებით 3-1 დასრულდა. ზესტაფონელთაგან გატანილი გოლი თავი მიხეილ სარდალიშვილმა გამოიჩინა.

 

გუნდების გზები ერთხელ დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც გადაიკვეთა. 2008-2009 წლების თასის გათამაშების პირველ მერვედფინალურ მატჩში, რომელიც რუსულ-ქართული ომით გამოწვეული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, 2008 წლის 30 აგვისტოს გაიმართა, ზესტაფონელებმა საჩხერელი სტუმრები დიდი ანგარიშით 5-0 დაამარცხეს. გატანილი გოლები ბექა გოცირიძის, ერიკ რომეო ჩასემის, ნიკა კვასხვაძის (ეს ფეხბურთელი დღესდღეობით სწორედ "ჩიხურას" ღირსებას იცავს) და ორჯერ ნიკოლოზ გელაშვილის (3-0 და 5-0) ანგარიშზეა. ამ მერვედფინალური წყვილის საპასუხო შეხვედრა 2008 წლის 17 სექტემბერს საჩხერეში გაიმართა და მირიან მიქაძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით გამარჯვება "ჩიხურას" ფეხბურთელებმა მოიპოვეს - 1-0.

 

რაც შეეხება XXIV ეროვნულ ჩემპიონატს, 24 განვლილ შეხვედრაში მოპოვებული 14 გამარჯვებით და 5-5 ფრითა და მარცხით, საჩხერელები სადღეისოდ სატურნირო ცხრილის მეოთხე პოზიციაზე იმყოფებიან და ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს მთელი ცხრა ქულით უსწრებენ. "ჩიხურას" ფეხბურთელები თავს მიმდინარე პირველობაში გატანილი 38 გოლით იწონებენ. ამ გოლებიდან 7 "ჩიხურას" ფეხბურთელების მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტრიანებით გავიდა. რაც შეეხება 2012-2013 წლების სეზონის მსვლელობისას 31 გოლის გამტან ზესტაფონელებს, XXIV ეროვნულ ჩემპიონატში მათი მეტოქეები, "ზესტაფონის" შეტევების წესების დარღვევით ჩაშლის გამო, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, უმაღლესი საფეხბურთო სასჯელით არც ერთხელ არ დასჯილან.

 

საჩხერეს "ჩიხურასთან" ხვალ გასამართი შეხვედრა, რომელსაც სირიელი ფიფას არბიტრი აბდულა ბასლეჰლო იმსაჯებს, 15:00 საათზე დაიწყება...

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005 - 2013