25.03.2013
დუბლიორთა ტურნირის გადადებული მატჩი
2013 წლის 25 მარტს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეხუთე ტურის გადადებული შეხვედრა. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საკუთარ ბაზაზე თბილისის ”დინამოს” მეორე გუნდს უმასპინძლეს.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: ტურავა, შალამბერიძე, გაგოშიძე, რობაქიძე, ახალაძე (კვერნაძე, 51), ჭანკოტაძე, გაჩეჩილაძე, სარდალიშვილი (ო. გრიგალაშვილი, 89), ჯიქიძე (წურწუმია, 67), მიქელთაძე, ჭანტურიშვილი (მაკარიძე, 81).
დუბლიორთა მიმდინარე ტურნირის ერთპიროვნულ ლიდერთან შეხვედრის პირველი ტაიმი ზესტაფონელთა უპირატესობით წარიმართა. მატჩის საწყის მონაკვეთში გოლის გატანასთან ახლოს მიხეილ სარდალიშვილი და ბექა მიქელთაძე იყვნენ, თუმცა ორივეს გადამწყვეტი დარტყმა დაუგვიანდათ. გიორგი ჭანკოტაძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა კი თბილისელთა კარის ხარიხამ უკუაგდო. 35-ე წუთზე ზესტაფონელები მაინც დაწინაურდნენ - ვახტანგ ჭანტურიშვილმა "დინამოს" გოლკიპერ ტარიელ ხაინდრავას ახლო მანძილიდან აუღებელი დაურტყა.
შეხვედრის მეორე ნახევარი პირველი ტაიმისაგან აბსოლუტურად განსხვავებული სცენარით წარიმართა - სტუმრები უფრო აქტიურობდნენ და 64-ე წუთზე დინამოელმა ალექსანდრე რეხვიაშვილმა მასპინძელთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ ორივე გუნდმა გადამწყვეტი გოლის გასატანად გაიწია და ასეთ თამაშში ბედმა გაუღიმა თბილისელებს, რომლებიც მთლიანობაში მეორე ტაიმში ოპონენტზე უკეთ გამოიყურებოდნენ. 87-ე წუთზე ზესტაფონელთა კარში გატანილი გადამწყვეტი გოლი ჭიაბერ ჭეჭელაშვილის ანგარიშზეა - 1-2.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი
|