ორდღიანი შესვენების შემდეგ საქართველოს ორგზის ჩემპიონები ზესტაფონში შეიკრიბნენ და ვარჯიშს საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე შეუდგნენ. გუშინ საღამოს და დღეს დილით გამართულ ვარჯიშებს ქვეყნის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში გამოძახებული ოთხი ფეხბურთელი აკლდა.
ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული როინ კვასხვაძის, ახალგაზრდულ ნაკრებში მყოფი კახა მეშეველიანის და ცხრამეტწლამდელებში მივლინებული გურამ სამუშიასა და ავთო ენდელაძის გარდა, სხვადასხვა მიზეზის გამო გუნდთან ერთად არ უვარჯიშიათ ორიოლ ლოსანოსა და რატი წინამძღვრიშვილს.
სანაკრებო მატჩების გამართვის პერიოდში წარმოქმნილი სათამაშო პაუზის შესავსებად, ზესტაფონელებმა საკონტროლო მატჩის გამართვა დაგეგმეს. ზეგ, 23 მარტს, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" საკუთარ ბაზაზე მარტვილის "მერანს" კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყება.