19.03.2013
ზესტაფონელები ქვეყნის სხვადასხვა ნაკრებში
მიმდინარე მარტის თვე ძალიან დატვირთული გამოდგა საქართველოს თითქმის ყველა ასაკობრივი ნაკრებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ, ქართული და უცხოური კლუბების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქვეყნის სხვადასხვა ნაკრებში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ფეხბურთელებიც არიან გამოძახებულნი.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც გუშინ პარიზში შეიკრიბა, საფრანგეთის ნაკრებთან 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს 22 მარტს გამართავს. ამ მნიშვნელოვანი მატჩისათვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ეროვნულ გუნდში ზესტაფონელთა გოლკიპერი როინ კვასხვაძე გამოიძახა.
საქართველოს ოცდაერთწლამდელთა ნაკრები კი გაემგზავრა ავსტრიაში, სადაც ალექსანდრე ჩივაძის გუნდი საწვრთნელ შეკრებასაც გაივლის და პარალელურად, ძალზე სასარგებლო ამხანაგურ მატჩებს გამართავს ალბანეთის, აზერბაიჯანისა და ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებებთან. სხვა ფეხბურთელებთან ერთად, ახალგაზრდული ნაკრების ღირსებას მარგველთა კიდეც ერთი გოლკიპერი კახაბერ მეშველიანი დაიცავს.
რაც შეეხება საქართველოს ცხრამეტწლამდელთა ნაკრებს, რომელიც 21 მარტს პოლონეთში გაემგზავრება და 22 და 24 მარტს ადგილობრივ თანატოლებთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს, გუნდის დამრიგებელმა გია ცეცაძემ ნაკრების ფერების დასაცავად გურამ სამუშიასა და ავთო ენდელაძეს უხმო.
შედგენილია www.gff.ge-ს პუბლიკაციების მიხედვით |