Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

17.03.2013

 

 

 

 

 

სველი მინდორი და მშრალი ანგარიში

 

უგოლოდ დასრულებული იმერული დერბი

 

 

 

 

 

 

 

 

2012 წლის 17 მარტს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეოთხე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონმა მორიგ იმერულ დერბის უმასპინძლა - ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” და წინა სეზონში ბრინჯაოს მედლების მფლობელი ქუთაისის საფეხბურთო კლუბი ”ტორპედო” დაუპირისპირდნენ...

 

გუშინდელი საღამოდან მოყოლებული ზესტაფონში გადაუღებლად წვიმდა. უხვად მოსულმა ნალექმა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის ადმინისტრაცია და მოედნის მომსახურე პერსონალი უმძიმესი გამოცდის წინაშე დააყენა - ამ ოდენობის წყლის ნაკადის გამკლავება ზესტაფონის მთავარი არენის საკმაოდ საიმედო სადრენაჟო სისტემასაც გაუჭირდა. მართალია, თავად მატჩის გამართვას სერიოზული საფრთხე არ დამუქრებია, თუმცა ჭარბი ოდენობის ნალექი შეხვედრის მონაწილეებს გარკვეულ დისკომფორტს მაინც უქმნიდა.

 

თავად მატჩი ზესტაფონელთა იერიშებით დაიწყო. პირველი ტაიმის პირველ ნახევარში მასპინძლები ბურთსაც აკონტროლებდნენ, ტერიტორიასაც და რამდენიმე სახიფათო შეტევის განხორციელებაც მოახერხეს ქუთათურთა კართან - მატჩის დებიუტში, მას შემდეგ რას "ტორპედოს" მცველს ბურთი უხერხულად აეჭრა, უსიამოვნებებისაგან საკუთარი კარი ომარ მიგინეიშვილმა იხსნა, მერე კი კარის აღების შანსები ბოტი გოა დემელსა, თორნიკე აფციაურსა და თედორე გრიგალაშვილს მიეცათ, თუმცა ზესტაფონელებს ხან სიზუსტე აკლდათ, ხანაც სტუმართა გოლკიპერი და მცველები თამაშობდნენ საიმედოდ. ტაიმის შუაწელიდან მოყოლებული თამაში თანდათანობით გათანაბრდა. ქუთაისელებმა სტანდარტებითა და შორიდან დარტყმებით სცადეს როინ კვასხვაძისათვის უსიამოვნებების შექმნა, თუმცა სტუმართა ამ მცდელობებს ზესტაფონელთა მეკარე დიდად არ აუღელვებია. ტაიმის მიწურულს გუნდებმა მომენტები გაცვალეს - გიორგი ბერიაშვილის ძალიან სახიფათო ჩაწოდებას სათანადოდ მისი პარტნიორები ვერ გამოეხმაურნენ, ხოლო დავით რაჟამაშვილის ქუთაისელთა კართან კარგი ჩაწოდების შემდეგ კი მოსალოდნელი ხიფათი ომარ მიგინეიშვილმა გააუვნებელჰყო.

 

მეორე ტაიმი მასპინძელთა იერიშების აკომპანემენტით წარიმართა, ქუთათურები კი ძირითადად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვით იყვნენ დაკავებულნი. მასპინძელთა მხრიდან გოლის გატანის კარგი შესაძლებლობები ბოტი გოას, ავთო ენდელაძეს, ლევან კუტალიასა და თორნიკე აფციაურს მიეცათ, თუმცა საბოლოოდ იმერული დერბი, რომელიც დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის სველ გაზონზე საკმაოდ სანახაობრივ და დაძაბულ ბრძოლაში გაილია, მშრალი ანგარიშით 0-0 დასრულდა.

 

მატჩის შემდეგ (www.worldsport.ge):

გია გეგუჩაძე (“ტორპედო”):ვფიქრობ არცერთ გუნდს აწყობდა ასეთი შედეგი. ბუნებრივმა პირობებმა არ მოგვცა შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება. მინდორზე ბურთის დამორჩილება და შეტევის განხორციელების საშუალება არ იყო. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ასეთ პირობებში ეს შედეგი ლოგიკური გახლდათ”.

კახა კაჭარავა (“ზესტაფონი”): კარგია, როცა ასეთი თამაშები ტარდება. საკმაოდ სანახაობრივი მატჩი გამოვიდა. უპირატესობას ვფლობდით და მხოლოდ პირველი ტაიმის ბოლოს დავთმეთ ის მცირე ხნით”.

 

 

17.03.2013. ”ზესტაფონი” - ”ტორპედო” (ქუთაისი) 0-0

დაწვრილებით:

 

 

 

შემდეგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიმდინარე წლის 30 მარტს გამართავს - საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეხუთე ტურში ზესტაფონელები საჩხერის საფეხბურთო კლუბ "ჩიხურას" ესტუმრებიან.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013