15.03.2013
მორიგი იმერული დერბის მოლოდინში
კვირას, 17 მარტს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეოთხე ტურში მორიგი იმერული დერბი გაიმართება - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი ადგილობრივი კლუბისა და ქუთაისის "ტორპედოს" მატჩს უმასპინძლებს.
სულ, ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებში, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და ქუთაისის "ტორპედოს" ერთმანეთში 18-ჯერ უასპარეზიათ. აქედან 9 შეხვედრაში გაიმარჯვეს ზესტაფონელებმა, 4 დასრულდა ფრედ, 5 კი მოიგეს ქუთაისელებმა. შესაბამისად, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაში მცირე უპირატესობას ზემოიმერელი ფეხბურთელები ფლობენ - 18:16.
ორივე გუნდის ქომაგს კარგად ახსოვს შიდაიმერული "გარჩევები" დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც. აქაც მცირე უპირატესობა ზესტაფონელების მხარესაა: სადღეისოდ გამართულ 5 სათასო შეხვედრაში მარგველებმა იმარჯვეს 2-ში, ასევე 2 მატჩი დასრულდა ფრედ და მხოლოდ 1-ხელ გაიმარჯვეს ქუთათურებმა; ბურთების სხვაობა 5:3 ”ზესტაფონის” სასარგებლოდ.
აღნიშვნის ღირსია ის, რომ ზესტაფონელთაგან ქუთაისელთა კარში სხვაზე ხშირად ექს-ტორპედოელ ზურაბ იონანიძეს გაუტანია - იონას ანგარიშზე 6 გოლია. თორნიკე გორგიაშვილს და ჯაბა დვალს (ორივეს სათასო მატჩების ჩათვლით) "ტორპედოს" კარი 3-3-ჯერ აქვთ აღებული ...
ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოსთან" კვირას, 17 მარტს, გასამართი შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება. ამ მატჩის პირდაპირი ონლაინ-რეპორტაჟი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზე გადაიცემა.
|