10.03.2013
საბრძოლო ფრე მარტვილელ დუბლიორებთან
2013 წლის 10 მარტს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეოთხე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტები საკუთარ ბაზაზე მარტვილის ”მერანის” მეორე გუნდს დაუპირისპირდნენ.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, რობაქიძე, შალამბერიძე, ჯიქიძე (წურწუმია, 25), გაგოშიძე (გიორგაძე, 57), გაჩეჩილაძე, გოგია (ახალაძე, 18), მიქელთაძე, ო. გრიგალაშვილი (ჩუბინიძე, 56), კვარაცხელია, მახარაძე (ეგუტიძე, 29).
საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის კალენდრის მიხედვით, დღევანდელი მატჩი მარტვილში უნდა გამართულიყო, თუმცა "მერანისა" და "ზესტაფონის" შეთანხმების თანახმად, იქნა მიღებული გადაწყვეტილება მატჩის იმერეთში ჩატარების შესახებ.
პირველი ტაიმი მარტვილელთა უპირატესობით წარიმართა. რამდენიმე დღის წინ ბათუმელებთან გამართული მატჩის მსგავსად, ზესტაფონელთა ძალიან ახალგაზრდული გუნდი ასაკით გაცილებით უფროსს ოპონენტებთან ჭიდილში ფავორიტად ნამდვილად არ მოიაზრებოდა. მარტვილელებმა რამდენიმე სახიფათო იერიში განახორციელეს ნომინალურ სტუმართა კართან და 41-ე წუთზე ექს-ზესტაფონელმა ბერდია შარვაძემ თავის ახალი გუნდი ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით დააწინაურა.
მეორე ტაიმის დებიუტში იმერლები გააქტიურდნენ და ნიკა შალამბერიძის ოდნავ არაზუსტი თავურის შემდეგ მარტვილელები გაშვებულ გოლს ბეწვზე გადაურჩნენ. დაახლოებით 60-ე წუთიდან მოყოლებული კი ზესტაფონელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ - ბადრი კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. არადა ამ დროისათვის "ზესტაფონს" ხუთივე ცვლილება განხორციელებული ჰქონდა.
უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი იმერლები არ გატყდნენ და ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხეს - 64-ე წუთზე ავთანდილ ეგუტიძე მარტვილელთა გოლკიპერთან პირისპირ დარჩა და თავის შანსი ცივსისხლიანად გამოიყენა. მატჩის დასკვნითი ნაწილი ორმხრივ იერიშებში წარიმართა და გოლის გატანის შესაძლებლობები ხან ერთ მხარეს მიეცა, ხანაც მეორეს. ზესტაფონელთა ბაზის მწვანე მინდორზე გაჩაღებული გახსნილი და შემტევი ფეხბურთის მიუხედავად, დღევანდელ შეხვედრაზე შეკრებილმა 200-მდე გულშემატკივარმა მატჩის მიწურულს გატანილი გოლები ვეღარ იხილა - ფრე 1-1.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი
|