Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

09.03.2013

 

 

 

 

 

 

ჩემპიონატის ოცდამესამე ტურის მატჩი

 

 

 

 

 

 

 

 

 

2013 წლის 9 მარტს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამესამე ტურის მატჩები. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სრადიონზე ადგილობრივმა საფეხბურთო კლუბმა ”დილამ” საქართველოს მოქმედ ჩემპიონ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა.

 

ორიოდე კვირის წინ გამართული ქვეყნის სუპერთასის გათამაშების მონაწილეთათვის დღევანდელი შეხვედრა ზამთრის პაუზის შემდეგ ჩატარებული პირველი საჩემპიონატო მატჩი გახლდათ. უკანასკნელ წლებში ჩამოყალიბებული ერთგვარი ტრადიციის თანახმად, გორულ-ზესტაფონური დაპირისპირებები უკომპრომისო და დაძაბული ხასიათისაა. სამწუხაროდ, ამ დაპირისპირებებს კიდევ ერთი, უსიამოვნო ხასიათის ტრადიციაც შეემატა - იმერულ-შიდაქართლური მატჩების მიმდინარეობის შემხედვარე, ზოგი გულშემატკივარი ნაადრევად ტოვებს ხოლმე სტადიონს; ფეხბურთის სპეციალისტებს კი ამ მატჩების სპორტულ მხარეზე მეტად მსაჯობის თემაზე უწევთ საუბარი...

 

პირველი ტაიმის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში იყო გალეული, როდესაც ზესტაფონელთა კარში, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური პენალტი დაინიშნა - გორელთა შეტევის მარჯვენა ფლანგიდან განვითარებული იერიში სტუმართა საჯარიმოში გაკეთებული გადაცემით გაგრძელდა, სადაც ბურთისათვის ზესტაფონელი ორიოლ ლოსანო და გორელი ნათან ჟუნიორი იბრძოდნენ, საბოლოოდ კი ბურთთან დარჩა გიორგი ილურიძე, რომლის გასატანი პოზიციიდან დარტყმულის მოგერიება როინ კვასხვაძემ მოახერხა. ამ სათამაშო ეპიზოდის დასრულების შემდეგ კი არბიტრმა დავით ხარიტონაშვილმა ზესტაფონელთა ესპანელი მცველის მხრიდან ხელით თამაშის შესახებ აუწყა დამსწრე საზოგადოებას. ორიოლ ლოსანომ რეფერის მტკიცებულებად საკუთარ მაისურზე დატოვებული ბურთის კვალი "წარმოუდგინა", თუმცა ამას დავით ხარიტონაშვილზე დიდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ მოუხდენია - 22-ე წუთზე ლაშა გვალიამ გორელები 11-მეტრიანი ნიშნულიდან ზუსტი დარტყმით დააწინაურა.

 

ამის შემდეგ უპირატესობას გორელები დაეუფლნენ და 29-ე წუთზე კარგი კომბინაციის შედეგად ანგარიში ორამდე გაზარდეს - ამჯერად მატჩის არბიტრს მხოლოდ ნათან ჟუნიორის მიერ სტუმართა კარის აღების დაფიქსირება დასჭირდა. ტაიმის მიწურულს არბიტრი კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში - მას შემდეგ, რაც მასპინძელთა საჯარიმოში თეიმურაზ ღონღაძე

წაიქცა, მარგველებს მიმდინარე ჩემპიონატში პირველი თერთმეტრიანის შესრულების იმედი მოეცათ, თუმცა ის, რასაც ზესტაფონელები წინა 22 მატჩში ვერ ეღირსნენ, ვერც დღევანდელ შეხვედრაში "დაიმსახურეს"...

 

მეორე ტაიმი სტუმართა უპირატესობით წარიმართა, თორნიკე აფციაური და თორნიკე გორგიაშვილი თამაშში ძალიან აქტიურად ჩაერთვნენ. სწორედ ეს უკანასკნელი გახლდათ სტუმართა შეტევების სულისჩამდგმელი და ერთ-ერთ ეპიზოდში თორნიკეს უძლიერესი დარტყმის შემდეგ ანგარიში უთუოდ შეიცვლებოდა, რომ არა ბექა შეყრილაძის სასწაულებრივი რეაქცია. იმერლებმა ბურთიც და ტერიტორიაც იგდეს ხელთ და 73-ე წუთზე აუღებელი თავურით სწორედ თორნიკე გორგიაშვილმა შეძლო ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება. მალევე სტუმრებს გათანაბრებაც მართებდათ - შეტევის მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში მაღალი ჩაწოდების შემდეგ გორგიაშვილმა ვერ შეძლო ბურთისთვის საჭირო მიმართულების შერჩევა, არადა ბურთი რომ

გაეტარებინა, ლევან კუტალია მშვენიერ დასარტყმელ პოზიციაზე იმყოფებოდა. ერთი სახიფათო მომენტი გორელებმაც შექმნეს - კახა ალადაშვილმა სტანდარტული მდგომარეობა კარგად შეასრულა და ბურთი სტუმართა კარის ზედა ძელს გაარტყა... ზესტაფონელთა დასანანი მარცხი ანგარიშით 2-1.

 

მატჩის შემდეგ (www.psoni.ge):

ვალდას ივანაუსკასი („დილას“ მთავარი მწვრთნელი): „არასოდეს მინდა ვნახო ისეთი „დილა“, როგორიც ამ მატჩის მეორე ნახევარში ვნახე. პირველ ტაიმში ჩვენი უპირატესობა აშკარა იყო და გოლებიც გავიტანეთ. მეორე ტაიმში რა მოგვივიდა, არ ვიცი. ჩვენი მიზანი ევროსაგზურის მოპოვებაა. რაც შეეხება გოგიტა გოგუას, იგი გუნდთან ერთადაა და სრული დატვირთვით ვარჯიშობს, ოღონდ ჯერ კიდევ არაა სასურველ კონდიციაში. ნუკრი რევიშვილზე კი არაფერი მსმენია. არ ვიცი, ითამაშებს თუ არა იგი ჩვენთან.”

 

კახა კაჭარავა („ზესტაფონის“ მთავარი მწვრთნელი): „ახალ გუნდს ვაშენებთ და ცხადია, არის ნაკლოვანებები. ბევრი სამუშაო გვაქვს. მეორე ტაიმში გაცილებით უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე პირველში. კმაყოფილი ვერ ვიქნები, რადგან როცა აგებ, ამის უფლებას თავს ვერ მისცემ. რაც შეეხება გუნდში არსებულ თავდამსხმელის პრობლემას, ეს საკითხი მართლაც მწვავედ დგას და ვაგრძელებთ სელექციას“.

 

 

09.03.2013 ”დილა” (გორი) - ”ზესტაფონი” 2-1

დაწვრილებით:

 

 

 

მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 17 მარტს ზესტაფონში გამართავს. საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეოთხე ტურში იმერული დერბი გაიმართება - მარგველები ქუთაისის საფეხბურთო კლუბ ”ტორპედოს” უმასპინძლებენ.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013