Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
08.03.2013

 

 

 

 

 

 

 

 

ჩემპიონატის მეორე ეტაპის სტარტზე

 

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული ჩემპიონატის განახლებისათვის ემზადება. ხვალ, 9 მარტს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე, საქართველოს პირველობის ოცდამესამე ტურის შეხვედრა გაიმართება - ერთმანეთს ეროვნული თასის მფლობელი გორის "დილა" და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დაუპირისპირდებიან.

 

იმერლები ზესტაფონში, საკუთარ ბაზაზე ემზადებიან. სასიამოვნო სიახლეთა რიცხვს მიეკუთვნება ის, რომ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლეს რატი წინამძღვრიშვილმა და თედო გრიგალაშვილმა (ამ უკანასკნელმა - ინდივიდუალური პროგრამით). უსიამოვნო ამბავი კი ლევან შარიქაძის ტრავმაა, რომელიც მან ორი დღის წინ ვარჯიშზე მიიღო და რომლის გამოც მას რამდენიმე დღე გაუცდება.

 

მარგველთა და შიდაქართლელთა დაპირისპირებათა ისტორია 2004 წლიდან იწყება და სადღეისოდ უკვე 20 შეხვედრას ითვლის. "ზესტაფონისა" და გორის "დილას" მატჩები ტრადიციულად უკომპრომისო ხასიათისაა - ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ 16 შეხვედრაში ზესტაფონელებმა 12 მოიგეს და მხოლოდ 4 მატჩში დამარცხდნენ. ცხადია, რომ გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაშიც უპირობო უპირატესობა იმერელთა მხარესაა - 32-13.

 

გუნდების გზები დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც გადაკვეთილა და აქ, ჩემპიონატში გამართული მატჩებისაგან განსხვავებით, სრული თანაფარდობაა - 3 დაპირისპირებაში მეტოქეებმა თოთო-თითო გამარჯვება მოიპოვეს და ერთი შეხვედრაც ფრედ დასრულდა, ბურთების შეფარდება 5-5. რაც შეეხება საქართველოს სუპერთასზე დაპირისპირებას, მიმდინარე წლის 22 თებერვალს გამართული დრამატული მატჩის ბედი მატჩისშემდგომი პენალტების სერიამ იმერელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა.

 

გორელებთან ხვალ გასამართი შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება. ჩვენ კი გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონელთა დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013