07.03.2013
ინტერვიუ ბოტი გოა დემელთან
კარიერაზე, "ზესტაფონზე", გულშემატკივარზე ...
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" რიგებში 24 წლის კოტ-დ'ივუარელი ფორვარდი ბოტი გოა დემელი თამაშობს, რომლის სრული სახელი და გვარი ბოტი გოა ტიროლენ ორფი დემელი გახლავთ. მომავალი ფეხბურთელი თურმე ბავშობაში სულაც არ ფიქრობდა სერიოზულ სპორტულ კარიერაზე. მიუხედავად იმისა, რომ მის ქვეყანაში ფეხბურთი ნომერ პირველი სპორტია, ბოტის საფეხბურთო სკოლაში მისვლაზე არც კი უფიქრია.
"მხოლოდ უბნების ჩემპიონატში ვმონაწილეობდი, უბრალოდ მოყვარული ვიყავი, არც კი ვფიქრობდი მაშინ, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდებოდი", – გვიამბობს თავდამსხმელი, რომელთანაც Geosports.ge-მ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ნაკრები საკმაოდ დიდ წარმატებებს აღწევს ფეხბურთში, ადგილობრივი ჩემპიონატი მაღალი დონის მაინც არ არის, ამიტომ ყველა მოთამაშე ცდილობს საკლუბო დონეზე კარიერა ევროპის ქვეყანაში გაიკეთოს.
სიმართლე გითხრათ, ევროპაში კარიერისთვის არ წავსულვარ, უბრალოდ დედა საფრანგეთში მუშაობდა და 18 წლის რომ გავხდი, მეც მასთან წავედი საცხოვრებლად. საფრანგეთშიც მოყვარულის დონეზე ვაგრძელებდი თამაშს, თუმცა აღმოჩნდა რომ ტალანტი და ყველა მონაცემი მქონდა იმისათვის, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი. მალე ჩემით ადგილობრივი კლუბი "Viry-Châtillon" დაინტერესდა. თავიდან უხელფასოდ ვთამაშობდი, ჩემთვის მაშინ მთავარი იყო, რომ საკუთარი შესაძლებლებები გამომევლინა. პირველივე სეზონზე გავხდი რეგიონული ჩემპიონატის ბომბარდირი, რა თქმა უნდა, ჩემს მიმართ ინტერესი ამის შემდეგ გაიზარდა. კონტრაქტი შემომთავაზეს, მაგრამ არ ვიჩქარე ხელის მოწერა, უკვე მენეჯერიც მყავდა და რადგანაც ლიგაში მაღალ საფეხურზე მოასპარეზე გუნდი დაინტერესდა ჩემით, საბოლოოდ ამ კლუბში ყოფნაზე უარი ვთქვი. გადავედი "კრეტეიში" (2006–2007 წ.წ.), სადაც ასევე უხელფასოდ ვითამაშე 6თვე.
ამის შემდეგ პორტუგალიაში, "ბენფიკას" აკადემიაში წასვლა გადავწყვიტე. ვვარჯიშობდი "ბენფიკას" ძირითად შემადგენლობასთან ერთად, თამაშით კი დუბლებში ვთამაშობდი. ერთი სეზონის შემდეგ ძირითადში უნდა გადავსულიყავი. რამდენიმე თვე ვერ ვითამაშე, რადგან ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა და საფრანგეთში წავედი სამკურნალოდ. პორტუგალიაში დაბრუნებულმა "ბენფიკასა" და "სპორტინგის" დაპირისპირებაში მივიღე მონაწილეობა, უკვე ძირითად გუნდში ვთამაშობდი, ის მატჩი 3-2 მოვიგეთ. ერთი გოლი გავიტანე და ორი საგოლე პასი მივეცი. რის შემდეგაც უკვე კონტრაქტი შემომთავაზეს, მაგრამ ჩემ აგენტს არ სურდა მეჩქარა, რადგან შესაძლებელი იყო კიდევ უკეთეს გუნდში გავეყიდე. ამიტომ კონტრაქტის გარეშე ვაგრძელებდი გუნდში თამაშს. "ბენფიკა B" (2007–2008 წ.წ.) მაშინ არ იყო კარგ ადგილას ჩემპიონატში, გუნდშიც ფინანსური პრობლემები იყო, ამიტომ სეზონის დამთავრებამდე კლუბის პრეზიდენტმა და ჩემმა აგენტმა გადაწყვიტეს ჩემი სხვა კლუბში გასხვისება, რადგან კარგ სატრანსფერო თანხას სთავაზობდნენ. მაგრამ არ მომეწონა შემოთავაზება, პირობებზეც ვერ შევთანხმდით.
მალე ესპანეთის მეორე ლიგაში – "ჟირონაში" (2009 წ.) გადავედი, იქ 4 თვე ვითამაშე. შემდეგ კი სომხეთში, ერევანში, "მიკაში" (2009–2011 წ.წ., 2012 წ.) ჩავირიცხე. თუმცა გაცილებით დაბალი დონე დამხვდა, ვიდრე იმ გუნდებში, სადაც მანამდე ვთამაშობდი. თუმცა "მიკა" უმაღლესი ლიგის გუნდი იყო, კარგი პირობებით და თან შანსი მქონდა ჩემი შესაძლებლობები გამომეყენებინა. პირველ სეზონში ვიყავი პირველი ბომბარდირი, მეორე სეზონში კი მეორე ბომბარდირი, 28 გოლი გავიტანე ორივე სეზონში.
სომხეთიდან ნორვეგიაში წავედი "რუსენბორგში" (2011 წ.), მხოლოდ სამი თვე ვითამაშე, შემდეგ ავარიაში მოვყევი და ოპერაცია გავიკეთე, 7 თვე ვეღარ ვითამაშე, კლუბმა ჩემთან კონტრაქტი შეწყვიტა. როცა გამოვჯანმრთელდი, ძალების აღსადგენად ისევ ერევანში დავბრუნდი სავარჯიშოდ. "მიკაში" ნებისმიერ დროს შემიძლია დაბრუნება, რადგან მათი საყვარელი ფეხბურთელი ვარ.
"ზესტაფონი" გასულ სეზონში ეძებდა ფორვარდს და როცა ჩემი მონაცემები ნახა, დაინტერესდა, სომხებთან მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და საქართველოში სექტემბერში ჩამოვედი. სამთვიანი კონტრაქტი მქონდა, რომლის ვადაც დეკემბრის ბოლოს გავიდა, შესაძლებელი იყო სხვა კლუბშიც გადავსულიყავი, წინა სეზონში, ბოლო თამაშზე თბილისის "დინამომ" გამოხატა ჩემს მიმართ ინტერესი, მაგრამ ზესტაფონში ახალი მწვრთნელი მოვიდა და მოითხოვა ჩემი გუნდში დარჩენა. "ზესტაფონმა" კონტრაქტი მაისამდე გამიგრძელა. თუ ყველაფერი კარგად იქნება, არ არის გამორიცხული მაისის შემდეგაც დავრჩე გუნდში. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მაღალი დონის კლუბში თამაში მინდა სამომავლოდ, თუმცა ამისათვის ჯერ კიდევ ბევრი მუშაობა მჭირდება.
– რატომ დათანხმდი საქართველოში თამაშს?
– საქართველოს ჩემპიონატის დონე სომხეთისაზე გაცილებით უფრო მაღალია, ამიტომ ჩემთვის, სამომავლოდ, აქ თამაში უკეთესია. მაგრამ მენტალიტეტი იგივეა, რაც სომხეთში. ვგულისხმობ თამაშისას ფეხბურთელების დამოკიდებულებას... ევროპაში ფეხბურთელები როგორც ერთი ოჯახი ისე ვიყავით. ჩვენ თუ გვინდა გამარჯვება, მაშინ ერთნი უნდა ვიყოთ.
შეცდომებს თუ ვუშვებთ ფეხბურთელები მინდორზე, პასუხისმგებლობაც ყველამ ერთნაირად უნდა გავინაწილოთ. ძირითად განსხვავებას ევროპასთან სწორედ ფეხბურთელისადმი მიდგომაში ვხედავ. იქ არ აქვს მნიშვნელობა რამდენს უხდიან ფეხბურთელს, პასუხს ერთნაირად სთხოვენ ყველას. მაგრამ სომხეთშიც და საქართველოშიც დავინახე, რომ უცხოელების მიმართ უფრო მეტად მომთხოვნები და პრეტენზიულები არიან.
– ფეხბურთელები მინდორზე რამდენად ბოლომდე იხარჯებით, ნაკრების მისამართით ეს პრეტენზია საქართველოში ხშირად ისმის, კლუბებში როგორაა ამ მხრივ საქმე?
– ხშირად ვარჯიშებზე ზოგიერთი ფეხბურთელი ძალიან კარგად თამაშობს, მაგრამ როცა თამაშია, ისე ვეღარ ავლენს თავს. ეს შევამჩნიე ერევანშიც და აქაც. განსაკუთრებით როდესაც ტიტულოვან გუნდებთანაა თამაში, მაგალითად თბილისის "დინამოსთან", როგორც შევატყვე, რაღაცნაირად კომპლექსი აქვთ ზოგ ფეხბურთელებს, შესაძლოა ფსიქოლოგიური მომენტიცაა. არ არიან ბოლომდე დარწმუნებულნი გამარჯვებაში, ეს ყოველთვის ხელისშემშლელი ფაქტორია, მინდორზე ფეხბურთელი ყოველთვის გამარჯვების ჟინით უნდა გავიდეს.
– საქართველოს თასის მეოთხედფინალში, გულშემატკივრისთვის მოულოდნელად, "ზესტაფონი" ვერ გადავიდა, რას ფიქრობ, რამ გამოიწვია მარცხი, მითუმეტეს, გუნდი სუპერთასის მფლობელი გახდა ცოტა ხნის წინ?
– ბოლო თამაში ცუდად არ ჩაგვიტარებია. სახიფათო სიტუაციებიც შევქმენით, მაგრამ მოწინააღმდეგემ საგოლე მომენტები უფრო კარგად გამოიყენა და დავმარცხდით. არ იფიქროთ მწვრთნელის ფუნქციაში ვერევი, მაგრამ პირადად მე გაცილებით ეფექტურად 4-4-2 განლაგებისას ვთამაშობ. სომხეთის ჩემპიონატის ბომბარდირიც ამ სქემით თამაშით გავხდი. კარგი იქნება ერთი ფეხბურთელი რომ მყავდეს კიდევ წინ. "გურიასთან" დაპირისპირებაში გოლი გავიტანე, მაგრამ წინ რომ კიდევ ერთი ფეხბურთელი მყოლოდა, მჯერა უკეთეს შედეგს დავდებდი. არაუშავს, ჩემპიონატი წინაა და "ზესტაფონი" ღირსეულად იასპარეზებს.
– რას იტყვი გულშემატკივარზე?
– "ზესტაფონს" კარგი ფანკლუბი ჰყავს. ბევრნი არ არიან, მაგრამ ძალიან შემართებულად ქომაგობენ კლუბს, მეც კარგად მიმიღეს, მგულშემატკივრობენ, ფეისბუქზეც შემოდიან და მიმეგობრდებიან, მწერენ...
– რაც შეეხება კოტ-დ'ივუარის ნაკრებს, ისევე როგორც ყველა ფეხბურთელის, ალბათ შენი ოცნებაცაა ქვეყნის ნაკრებში ითამაშო?
– რა თქმა უნდა, ახალგაზრდულ ნაკრებში ვთამაშობდი, ჩემმა ტრავმამ ცოტა უკან დამწია, მაგრამ შანსი არის, ჯერ ახალგაზრდა ვარ და ნაკრებში თამაშიც არ არის გამორიცხული მომავალში.
– საქართველოში, ახლობლებისგან შორს ცხოვრება არ გიჭირს? მოგწონს ჩვენი ქვეყანა?
– ფეხბურთელები ამას შეჩვეული ვართ, მე დამოუკიდებლად ვცხოვრობ უკვე რამდენი წელია და ყველა ახალი ქვეყნის გაცნობა საინტერესოა. ძალიან მომწონს თბილისი, ლამაზი ქალაქია... მე ბინა ქუთაისში მაქვს და პრინციპში ზესტაფონში ცხოვრება არ მიწევს. ენა არ ვიცი და ბევრ ადამიანთან ვერ ვკონტაქტობ, როცა თბილისში ვარ, ძირითადად ჩემ რამდენიმე მეგობართან ერთად ვატარებ დროს. ისინი ჩემი ქვეყნიდან არიან, მაგრამ საქართველოში გავიცანი. აქ კოტ-დ'ივუარიდან საკმაოდ ბევრი ფეხბურთელია უკვე ჩამოსული, მაგრამ მხოლოდ რამდენიმესთან ვმეგობრობ. ერევანში ბევრ შავკანიანს დავეხმარე ფინანსურად, მაგრამ საბოლოოდ სიკეთე ცუდად დამიბრუნეს და ამიტომ ვცილობ აქაც არ ვიკონტაქტო ზედმეტ ხალხთან.
– ფეხბურთელების პირადი ცხოვრება ყოველთვის აინტერესებს გულშემატკივარს...
– (მაწყვეტინებს)... არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მირჩევნია ჩემი საქმე მინდორზე გავაკეთო, მინდვის გარეთ კი მინდა ისე ვიცხოვრო, როგორც რიგითმა ადამიანმა. თუ უცნობი მეკითხება ფეხბურთელი ვარ თუ არა, ვამბობ რომ არ ვარ. აფიშირება ჩემი სტილი არ არის, ერთადერთი რასაც არ ვმალავ, ჩემი პატარა ვაჟიშვილია, რომელიც ერთი წლის ახლახან გახდა, დანარჩენი კი იმდენად პირადია, ამაზე ხმამაღლა საუბარი არ მსურს.
– წარმატებებს გისურვებ!
იბეჭდება მცირე ცვლილებებით...
|