Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

05.03.2013

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ კახა კაჭარავასთან

 

რამდენიმე ფეხბურთელს შეცდომის გამოსწორების ბოლო შანსს ვაძლევ ...

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს თასის მერვედფინალის უმთავრესი სენსაცია "ზესტაფონისა" და ლანჩხუთის "გურიას" დაპირისპირებაში დაფიქსირდა.

"ზესტაფონმა", რომელიც წყვილის უპირობო ფავორიტი იყო, ორივე მატჩი საკუთარ მოედანზე ჩაატარა. პირველი შეხვედრა ფეროელებმა, რომლებიც ნომინალური მასპინძლის როლში იყვნენ, 1:0 მოიგეს, მეორე კი 2:3 წააგეს და გათამაშებას გამოეთიშნენ.


"ცხვირაწეული ფეხბურთელები არ მჭირდება", - განაცხადა ნამატჩევს "ზესტაფონის" თავკაცმა კახა კაჭარავამ და ისიც თქვა, რომ მის ზოგ შეგირდს გუნდის დატოვება მოუწევს.

დავინტერესდით - იგეგმება თუ არა კლუბში მკაცრი ზომების გატარება და ამის გასაგებად 4 მარტს კაჭარავას შევეხმიანეთ.

"ფაქტია, რომ თასის გათამაშებას ასე ნაადრევად მეტოქის დაუფასებლობის გამო გამოვეთიშეთ.

ჩემს ფეხბურთელებს მეორე მატჩამდე გამუდმებით ჩავჩიჩინებდი, რომ პირველ შეხვედრაში გამარჯვების მიუხედავად, "გურიასთან" მძიმე ბრძოლა ელოდათ, მაგრამ, როგორც ხედავთ, მათ ამ მნიშვნელოვანი თამაშისთვის სათანადოდ მობილიზება ვერ შეძლეს.

რამდენიმე ფეხბურთელს, ალბათ, მართლაც დავემშვიდობებით, მაგრამ არა ახლა, არამედ - სეზონის ბოლოს.

მინდა, მათ კიდევ მივცე თავის გამოჩენისა და შეცდომების გამოსწორების შანსი",
- გვითხრა "ზესტაფონის" მთავარმა მწვრთნელმა, რომელმაც "შავ სიაში" შეტანილი ფეხბურთელების ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

ახლა კაჭარავა ცდილობს, მოთამაშეები სათანადო განწყობითა და კონდიციებით შეახვედროს ჩემპიონატის მეორე ეტაპს:

"რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავივიწყოთ თასზე განცდილი წარუმატებლობა და მთელი ძალებით ჩემპიონატზე გადავერთოთ. ევროსაგზურის მოპოვების შანსი ჯერ კიდევ გვაქვს და მიზნის მისაღწევად თითოეულ შეხვედრას ისე უნდა მოვეკიდოთ, როგორც ფინალს.

რაც მოხდა, იმას უკვე აღარაფერი ეშველება. ახლა მთავარია, მსგავსი ჩავარდნა მეორედ აღარ დაგვემართოს.

საქართველოს სუპერთასის მოპოვებით დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობა მივიღეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, თასიდან გამოვარდნამ ეს ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა".


ჩემპიონატს "ზესტაფონი" 9 მარტს, გორის "დილასთან" გასვლითი მატჩით განაახლებს. დღეისთვის საქართველოს მოქმედი ჩემპიონი 37 ქულით უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა და მეოთხეადგილოსან "ჩიხურას" 6 ქულით ჩამორჩება.

იბეჭდება მცირე ცვლილებით


ლევან ჯანეზაშვილი, სპორტული გაზეთი "ლელო"

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005 - 2013