04.03.2013
ინტერვიუ კახა კაჭარავასთან
არ მჭირდება ფეხბურთელი, ვისაც ჩემი არ ესმის
ქვეყნის ჩემპიონმა "ზესტაფონმა" ყველასათვის მოულოდნელად ეროვნული თასის გათამაშების მერვედფინალში ლანჩხუთის ”გურიას” ბარიერი ვერ გადალახა. გვესაუბრება საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა.
- რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. ფეხბურთელებს ოთხი დღის განმავლობაში ვეუბნებოდი, რომ რთული თამაში იქნებოდა. პროფესიონალ ფეხბურთელს ამის თქმა არ უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ ქართველ ფეხბურთელები გამონაკლისები არიან.
პირადად მე მქონდა ამის გამოცდილება ”დინამოში”, რომ სათასო დუელში არ უნდა მოდუნდე. ”გურიასთან” მატჩში კონცენტრაცია არ გვქონდა. რთულია, როცა ასე გადიხარ სათამაშოდ. კი, მეორე ტაიმში მოვინდომეთ, მაგრამ ამან საქმეს არ უშველა.
პირდაპირ გეტყვით - გუნდში არ მჭირდება ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ჩემი არ მესმის, რომელსაც შეუძლია, რომ მეტოქეს ცხვირი აუბზუოს. სერიოზულად ვფიქრობდი, რომ რამდენიმე მოთამაშე გუნდიდან გამეშვა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ მათ ბოლო შანსი მივცე. მეც ფეხბურთელი ვიყავი და ერთი ხელის მოსმით მოვერიდე მათ მოკვეთას, თუმცა უკვე გადაწყვეტილი მაქვს, ვინ დარჩება და ვინ წავა.
- არადა, ახალგაზრდებს მონდომება მაინც არ აკლდათ...
- სწორია - რეკრუკი, ენდელაძე... მანამდე რაჟამაშვილი და სამუშია - მირჩევნია, ახალგაზრდებს მივცე შანსი. ჩვენ რომ ერთწლიანი გუნდი გვინდოდეს, მოვიყვანდით გამოცდილ ფეხბურთელებს და გავხდებოდით საქართველოს ჩემპიონები, მაგრამ მერე? ასე ვერც ნაკრები იხეირებს და ვერც მთლიანად ქართული ფეხბურთი. საქართველოს ჩემპიონატი ალბათ ყველაზე მატყუარა ჩემპიონატია მსოფლიოში. გადაჭრი აქ კიონკრეტულ ამოცანას, გახვალ ევროთასზე, მაგრამ მერე რა?! ამიტომ მინდა, რომ აქცენტი ახალგაზრდებზე გავაკეთოთ. მითუმეტეს, სრული ნდობა გვაქვს კლუბის პრეზიდენტისაგან.
- გასაგებია, რომ მომავლის გუნდს აშენებთ, თუმცა რა ვუყოთ იმას, რომ თქვენს განკარგულებაში მხოლოდ ერთი ჯანმრთელი ფორვარდი, ბოტი გოაა...
- თავდამსხმელის პრობლემა დგას ჩვენს გუნდში და ამას არც უარვყოფ. ერთია - არ მინდა, უცებ მოვიყვანო ვინმე და მერე შეცდომის შედეგი ვნახო. სელექცია გრძელდება. ვეძებთ ფორვარდს და არა მარტო ფორვარდს. აქვე მინდა ვთქვა, რომ ვეთანხმები თემურ ქეცბაიას იდეას - სულ მცირე, ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი მაინც უნდა თამაშობდეს ქართული კლუბის ძირითადში.
- როგორ ხედავთ ”ზესტაფონის” პერსპექტივას მიმდინარე სეზონში?
- ჩვენთვის ახლა ყველა მატჩი ფინალია. მიზანი კი ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებაა, თუმცა ისიცაა, რომ მომავლის გუნდს ვაშენებთ და კედელთან არავინ მიგვაყენებს, თუ ეს ამოცანა ვერ გადავჭერით. აი, მომავალ სეზონში კი ”ზესტაფონი” ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი უნდა იყოს.
|