Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

02.03.2013

 

 

 

 

 

 

ზესტაფონელები თასის გათამაშებას გამოეთიშნენ

 

 

 

 

 

 

 

 

2013 წლის 2 მარტს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მერვედფინალური სტადიის განმეორებითი მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ ”გურიას” უმასპინძლა.

 

პირველი მატჩის მსგავსად, "ზესტაფონისა" და "გურიას" განმეორებით მერვედფინალურ შეხვედრასაც დავით აბაშიძის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. ზესტაფონის მთავარ არენაზე შეკრებილმა გულშემატკივარმა სანახაობრივი ფეხბურთი, ხუთი გატანილი გოლი და რაც მთავარია, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის მიმდინარე გათამაშების უმთავრესი სენსაცია იხილა - ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, სუპერთასის გამარჯვებული და თასის ბოლო გათამაშების ფინალისტი სათასო ბატალიებს ნაადრევად გამოეთიშა...

 

მატჩი უფრო აქტიურად ლანჩხუთელებმა დაიწყეს და როინ კვასხვაძის კართან ზედიზედ მეოთხედ ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ, 5-ე წუთზე სტუმრებმა დაწინაურებაც მოახერხეს - მიხეილ კაკალაძის დარტყმა ზუსტი გამოდგა... გაშვებულმა გოლმა მასპინძლები გამოაფხიზლა და ამის შემდეგ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას უკვე ისინი დაეუფლნენ. მოედანზე აქტიურად მოქმედებდა იმერელთა ალჟირელი ლეგიონერი მოჰამედ რეკრუკი, რომელმაც ზესტაფონელთა მიერ გატანილი გოლებისას პარტნიორებს ასისტენტობა გაუწია - მისი ზუსტი გადაცემის შემდეგ 17-ე წუთზე ანგარიში ალექსი ბენაშვილმა გაქვითა, 29-ე წუთზე კი რეკრუკმა უკვე ბოტი გოა დემელს გაატანინა.

 

ყველასათვის მოულოდნელად, სტუმრებმა ისევ გაიბრძოლეს და ტაიმის მიწურულს კიდევ ორი გოლით დაამწუხრეს ზესტაფონელები - 34-ე წუთზე სტუმრებმა მასპინძელთა პოზიციური შეცდომით კარგად ისარგებლეს და ლაშა ჩალაძემ წონასწორობა აღადგინა, 36-ეზე კი დავით მაისაშვილმა წინ ისევ გურულები გაიყვანა...

 

შეხვედრის მეორე ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით კი წარიმართა, თუმცა მათი ყველა მცდელობა საბოლოოდ უშედეგო აღმოჩნდა და დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების მეოთხედფინალური სტადიის საგზური პირველლიგელმა ლანჩხუთელებმა მოიპოვეს - 2-3.

 

 

02.03.2013. ”ზესტაფონი” - ”გურია” (ლანჩხუთი) 2-3

დაწვრილებით:

 

 

მომდევნო შეხვედრას იმერლები 9 მარტს გამართავენ. ქვეყნის რიგით XXIV საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამესამე ტურის მატჩს ზესტაფონელები, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ "დილას" წინააღმდეგ გამართავენ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012