Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

26.02.2013

 

 

 

 

 

 

თასის მერვედფინალის პირველი მატჩი

 

 

 

 

 

 

 

 

2013 წლის 26 თებერვალს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მერვედფინალური სტადიის პირველი მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ ”გურიას” დაუპირისპირდა.

 

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 26 დეკემბერს გამართული კენჭისყრის შედეგად, დღევანდელი შეხვედრა ლანჩხუთში უნდა გამართულიყო, მაგრამ ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ლანჩხუთელები და ზესტაფონელები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ამ მერვედფინალური წყვილის ორივე დაპირისპირებას "დავით აბაშიძე" უმასპინძლებდა.

 

მატჩი ზესტაფონელთა იერიშებით დაიწყო, თუმცა გარკვეულ მომენტამდე ამ იერიშებს სიმწვავე აკლდა. გოლის გატანა “ზესტაფონმა” მატჩის 31-ე წუთზე მოახერხა - მას შემდეგ, რაც გურულების გოლკიპერმა გიორგი ძაძამიამ გამოსვლაზე თამაშისას შეცდომა დაუშვა, იმერელთა კოტდ'ივუარელი ფორვარდი ბოტი გოა დემელი დასარტყმელ პოზიციაზე დარჩა და "გურიას" კარის ბადე აუღელვებლად შეარხია. მალევე გოლის გატანა დავით რაჟამაშვილსაც მართებდა, თუმცა მისი კარგი დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა. შემდეგ ჯერ სახიფათო პოზიციაზე გასულმა მოჰამედ რეკრუკმა დააგვიანა დარტყმა, მერე კი გიორგი ძაძამიამ შოთა ბაბუნაშვილის მიერ შორიდან დარტყმულთან გამკლავება მოახერხა. გოლის გატანის ერთი შესაძლებლობა ნომინალურ მასპინძლებსაც მიეცათ - მას შემდეგ რაც ლანჩხუთელი ტარიელ კუკულაძე მოედნის ცენტრში იგორ იელიჩს ეუხეშა და მატჩის არბიტრმა ჯენერი ხორავამ ამ ეპიზოდში თამაშის წესის დარღვევა ვერ დაინახა, ლანჩხუთელებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს და რომ არა კარიდან დროულად გამოსული როინ კვასხვაძის ბრწყინვალე რეაქცია, გურულები ანგარიშის გათანაბრებას მოახერხებდნენ...

 

მეორე ტაიმში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე შეკრებილმა პუბლიკამ გახსნილი ფეხბურთი და ორივე გუნდის კართან შექმნილი მომენტების სიმრავლე იხილა. ჯერ დავით რაჟამაშვილს მართებდა გატანა, შემდეგ ლანჩხუთელმა მიხეილ კაკალაძემ ბურთი როინ კვასხვაძის კარის ძელს გაარტყა. ამას უკვე ზესტაფონელთა აქტიურობის მონაკვეთი მოჰყვა და კარის ძელი მშველელად უკვე ლანჩხუთელებს მოევლინათ. ამის შემდეგ გოლის გატანის ძალიან კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა ლევან კუტალიამ, მატჩის მიწურულს კი "გურიას" კარის ხარიხა იგორ იელიჩის უძლიერესმა დარტყმამ შეაზანზარა...

 

მარგველთა გამარჯვება მინიმალური ანგარიშით 1-0 და ამ წყვილიდან ეროვნული თასის მეოთხედფინალისტის ვინაობას 2 მარტს ისევ ზესტაფონში გასამართი განმეორებითი მატჩი გამოავლენს.

 

 

26.02.2013. ”გურია” (ლანჩხუთი) - ”ზესტაფონი” 0-1

დაწვრილებით:

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012