2013 წლის 22 თებერვალს გაიმართა საქართველოს სუპერთასის 2012 წლის გათამაშება. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს გასული წლის ქვეყნის ჩემპიონი, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” და ეროვნული თასის შარშანდელი მფლობელი, გორის საფეხბურთო კლუბი ”დილა” დაუპირისპირდნენ.
ზამთრის შესვენებისას ორივე გუნდის შემადგენლობაში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა, როგორც იმერელთა, ასევე შიდაქართლელთა რიგებში მრავალი ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა. აქედან გამომდინარე, გუნდებმა 2013 წლის პირველი ოფიციალური მატჩი საკმაოდ მძიმედ დაიწყეს. ორივე მხარე ფრთხილობდა და პირველი ტაიმის განმავლობაში მეტოქეებმა ერთმანეთის კართან თითი-თითო მომენტის შექმნა მოახერხეს - გორელი კახა ალადაშვილის სახიფათო საჯარიმას როინ კვასხვაძე გაუმკლავდა, ხოლო გიორგი კაჭაკაჭიშვილის თავური ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა...
მეორე ტაიმი უფრო სწრაფ ტემპში წარიმართა და ბევრად საინტერესო ბრძოლაში გაილია. გორელები იმერელთა კართან ხიფათის შექმნას ძირითადად შორეული დარტყმებითა და სტანდარტული სიტუაციების გამოყენებით ცდილობდნენ. რაც შეეხება ჩემპიონებს, მეორე ტაიმის შუაწელიდან მოყოლებული, უფრო სწორედ ისინი აქტიურობდნენ. გოლის გატანასთან ახლოს თორნიკე გორგიაშვილი და ბოტი გოა იყვნენ, თუმცა შიდაქართლელები ჯერ მეკარე ბექა შეყრილაძემ გადაარჩინა, შემდეგ კი იმერელთა ფორვარდის უზუსტობამ. შედეგად, მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა. რაც შეეხება დამატებით დროს, თამაშის ამ მონაკვეთში ზესტაფონელთა სათამაშო უპირატესობა კი გამოიკვეთა, თუმცა ამ საღამოს თამაშიდან გოლის გატანა არც ერთ მხარეს არ ეწერა...
სუპერთასის მფლობელის ვინაობა მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში გაირკვა - ზესტაფონელებმა ბაბუნაშვილმა, ღონღაძემ, იელიჩმა და გორგიაშვილმა თავის შანსები ცივსისხლიანად გამოიყენეს, რასაც გორელებმა მხოლოდ ორი გატანილი პენალტით (გვალია და მოდებაძე) უპასუხეს. პენალტების რეალიზება დავით კვირკველიამ და ლეონარდო რამოსმა ვერ შეძლეს - პირველის დარტყმული ზესტაფონელთა კარს ასცდა, ხოლო მეორეს მარგველთა მეკარე როინ კვასხვაძემ აუღო. ზესტაფონელთა გამარჯვება პენალტების სერიაში - 4-2.
დღევანდელ მატჩში მოპოვებული გამარჯვების შედეგად მარგველები ზედიზედ მეორედ დაეუფლნენ საქართველოს სუპერთასს! საინტერესოა, რომ ეს იმერული კლუბის ისტორიაში მეხუთე ჯილდო გახლავთ - ჩემპიონის ორ ოქროსა და 2008 წელს მოპოვებულ ეროვნული თასს სუპერთასის გამარჯვებულის მეორე ტიტული შეემატა.
მატჩის შემდეგ (www.worldsport.ge):
ვალდას ივანაუსკასი ("დილა"): “უპირველესად, “ზესტაფონს” ვულოცავ გამარჯვებას და პრიზის მოპოვებას. დღეს გაზაფხულის ფეხბურთი იყო. რიგ ეპიზოდებში უპირატესობა გვქონდა, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. ჩემი გუნდის თამაშით მაინც კმაყოფილი ვარ, თუმცა გარკვეული ნიუანსები კიდევ დასახვეწი გვაქვს. ესეც დროის ამბავია.” კახა კაჭარავა ("ზესტაფონი"): “მთელ გუნდს მინდა მივულოცო ეს გამარჯვება. მათ ყველაფერი გაიღეს წარმატებისთვის. თამაში, შესაძლოა, მთლად ხარისხიანი ვერ გამოვიდა, მაგრამ, მოგეხსენებათ, გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს. შეთამაშება გვჭირდება. ვფიქრობ, ყველაფერი გამოსწორდება. ორივე გუნდს შეეძლო მოგება, მაგრამ ფეხბურთი ისეთია, ვისაც უმართლებს, ის იგებს.” ორიოლ ლოსანო ("ზესტაფონი"): “ძნელი მატჩი გამოდგა და გამარჯვებით ძალიან ბედნიერი ვარ. მით უმეტეს, რომ აქამდე, რაიმე ტიტული არასოდეს მომიგია.”
მატჩის შემდეგ (www.geosports.ge):
თორნიკე აფციაური ("ზესტაფონი"): "დაძაბული თამაში იყო, ისეთი არ გამოვიდა, როგორიც გვინდოდა, რაზეც მოედნის უხარისხობამაც იმოქმედა. მაგრამ ბრძოლა იყო, დაძაბულობა, ნერვიულობა და ღმერთის წყალობით, გავიმარჯვეთ, თან მანამდე ვვარჯიშობდით თერთმეტმეტრიანებზე, რამაც შედეგი გამოიღო და სუპერთასის მფლობელებიც გავხდით".
იგორ იელიჩი ("ზესტაფონი"): "ბედნიერი ვარ, ეს ჩემი პირველი ტიტულია და თან არც თუ დიდი ხანია ამ გუნდის წევრი ვარ. იმედი მაქვს, ასე გავაგრძელებთ და ევროსაგზურის მოპოვება არ გაგვიჭირდება".
როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი"): "დაძაბული თამაში იყო, საბოლოოდ გამარჯვება ჩვენს მხარეს დარჩა. შევძელით და რევანში ავიღეთ, შარშანდელი ფინალის შემდეგ. მინდა ეს ტიტული მივულოცო ყველა ჩვენს გულშემატკივარს და მადლობა გადავუხადო მათ".