21.02.2013
მატჩისწინა პრესკონფერენცია და კომენტარები
22 თებერვალს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 2013 წლის საფეხბურთო სეზონი სუპერთასის გათამაშებით განახლდება. ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" და თასის მფლობელი გორის "დილა" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
სუპერთასის მფლობელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისაგან ჯილდოდ 30 ათას ლარს მიიღებს, ხვალინდელ შეხვედრაში წაგებული კი - 20 ათასს. დღეს გაიმართა თამაშისწინა პრესკონფერენცია - ჟურნალისტთა წინაშე გუნდების მთავარი მწვრთნელები, ”დილას” დამრიგებელი ვალდას ივანაუსკასი და ”ზესტაფონის” თავკაცი კახა კაჭარავა წარსდგნენ.
კახა კაჭარავა (ზესტაფონი): "თურქეთში ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. ვემზადებოდით როგორც სუპერთასისათვის, ისე ჩემპიონატის განახლებისათვის. ახალი გუნდის შენება გვიწევს, 10 ფეხბურთელი წავიდა ძველი გუნდიდან, მაგრამ მოვიყვანეთ ახლები და იმედია, ისინი გაამართლებენ.
მართალია, ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში ვართ, მაგრამ ეს შედეგზე პასუხისმგებლობას არ გვიხსნის. ძლიერ გუნდთან მოგვიწევს საქმის დაჭერა. მართალია, ”დილამ” არაერთი ფეხბურთელი გაუშვა, მაგრამ არანაკლებ ძლიერი მოთამაშეები დაიმატა.
ყველა მწვრთნელს უნდა, რომ მისი გუნდი ლამაზ, შემტევ ფეხბურთს თამაშობდეს. ასე ვარ მეც. მთავარია, რა კონტინგენტი გვეყოლება. გუნდი კეთდება იმ ფეხბურთელების მიხედვით, რომლებიგ გყავს. ხვალინდელ მატჩში შანსებს აბსოლუტურად თანაბრად ვაფასებ."
ვალდას ივანაუსკასი (დილა): "ვფიქრობ, მოგენატრათ ქართული ფეხბურთი. პაუზა მართლაც ხანგრძლივი იყო. მეც მოუთმენლად ველი საკუთარ დებიუტს. თურქეთში ნაყოფიერი შეკრება გვქონდა, ბევრი ვიმუშავეთ. შედეგი ხვალ, მინდორზე გამოჩნდება.
”ზესტაფონზე” ვიცი ის, რომ მოვიდა ახალი მწვრთნელი და მოიტანა ახალი იდეები. ვიცი, რომ ტექნიკური გუნდია და იცავს სათამაშო დისციპლინას. კიდევ ის ვიცი, რომ ერთად გავფრინდით თურქულ შეკრებაზე და ჩვენსავით ლურჯი ფორმები აცვიათ. (იცინის.) ვეცდებით, სეზონი ტიტულის მოგებით განვაახლოთ."
allsport.ge კი "ზესტაფონის" ფეხბურთელებს გაესაუბრა მატჩისწინა განწყობაზე.
თორნიკე აფციაური: "თურქეთში ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ, აგრეთვე მომზადების პირველი ეტაპი ზესტაფონში. ნაყოფიერი იყო ყველა ის თამაშები რაც ჩავატარეთ. დაგვემატნენ ლეგიონერები, რომლებიც მნიშვნელოვნად გაგვაძლიერებენ და დაგვეხმარებიან ჩემპიონატში. რაც შეეხება ხვალინდელ თამაშს, გორის "დილა" ერთ-ერთი წამყვანი გუნდია, სერიოზულ ძალას წარმოადგენს, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას, მითუმეტეს რევანში გვაქვს ასაღები თასის ფინალის გამო. ყველაფერს გავაკეთებთ ხვალინდელი თამაშის მოსაგებად."
თორნიკე გორგიაშვილი: "კარგი შეკრება გამოგვივიდა. ყველა შეცდომა გავაანალიზეთ რაც პირველ წრეში დავუშვით. ახალი ფეხბურთელებითაც კმაყოფილები ვართ. ხვალ შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ და ვეცდებით აუცილებლად მოვიგოთ. გორის "დილა" კარგი და ანგარიშგასაწევი გუნდია. მიუხედავად იმისა რომ ჩვენზე წინ იმყოფებიან მიმდინარე გათამაშების ცხრილში, ჩვენ არ ვართ სუსტები და ხვალ სუპერთასისთვის ვიბრძოლებთ."
ლევან კუტალია: "ხვალ ჩემი პირველი ოფიციალური თამაშია "ზესტაფონის" რიგებში, რაც ძალიან მიხარია. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ ჩემი დებიუტი წარმატებული იყოს. ვეცდებით გავიმარჯვოთ და გოლი გავიტანო. ჩვენ ძალიან კარგი ლეგიონერები გვყავს. მათთან ერთად სერიოზული ძალა ვიქნებით ჩემპიონატზე."
ორიოლ ლოზანო: "კმაყოფილი ვარ, რომ სერიოზულ გუნდში მოვხვდი. ნაყოფიერი მომზადების პერიოდი გავიარეთ თურქეთში. ხვალ პირველი ოფიციალური თამაში მელის და ძალიან დიდი სურვილი მაქვს პირველი ქართული ტიტული მოვიპოვო."
|