Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

21.02.2013

 

 

 

 

 

 

 

სუპერთასი: "ზესტაფონი" - "დილა"

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფეხბურთში საქართველოს სუპერთასის გათამაშება 1996 წლიდან იმართება და მასში მონაწილეობას ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებული და საქართველოს თასის მფლობელი იღებენ. ყველაზე მეტჯერ ეს ტიტული თბილისის "დინამოს" აქვს მოპოვებული, 2-ჯერ - თბილისის "ამერს", ხოლო თითო-თითო ტიტული ბათუმის "დინამოს, "ვიტ-ჯორჯიას", "ოლიმპსა" და "ზესტაფონს" მოუგიათ.

 

უკანასკნელი სუპერთასის გამარჯვებული სწორედ იმერული კლუბი გახლავთ, რომელმაც შარშან "გაგრა" დაამარცხა 3-1.

აღსანიშნავია, რომ სუპერთასის გათამაშება 2000 წლიდან 2004 წლამდე შეწყვეტილი იყო გარკვეული მიზეზების გამო. სულ კი 11 ასეთი სახელწოდების შეხვედრა გამართულა და აქედან ქვეყნის ჩემპიონს 8-ჯერ უმარჯვია, თასის მფლობელს კი ეს ჯილდო მხოლოდ 3-ჯერ დარჩენია.

შარშანდელი ჩემპიონატის გამარჯვებული და თასის მფლობელი წელს, 22 თებერვალს გაარკვევენ უძლიერესის ვინაობას. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და ერთმანეთს "ზესტაფონი" და გორის "დილა" დაუპირისპირდებიან. იმერლებს შეეძლებათ ზედიზედ მეორედ მოიგონ ეს ტიტული, ხოლო "დილას" სუპერთასის დაუფლების პირველი შანსი ეძლევა.

ამ გუნდების დაპირისპირება ბოლო პერიოდში დიდ ინტერესს იწვევს, გულშემატკივარი საკმაოდ დაძაბულ შეხვედრას ელის. ამის მიზეზი, ერთის მხრივ, უკანასკნელი თასის ფინალია, რომელშიც "დილამ" მეტოქეს 4-1 აჯობა, თუმცა კი შეხვედრაში ანგარიში იმერლებმა გახსნეს და თამაშიც მათ მიჰყავდათ 30-ე წუთამდე, სანამ მთავარი არბიტრის ლევან კვარაცხელიას გადაწყვეტილებით, "დილას" სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა, ხოლო თეიმურაზ ღონღაძე გაძევებულ იქნა (არის გულშემატკივართა ნაწილი, რომლებსაც დღემდე უსამართლოდ მიაჩნიათ ეს გადაწყვეტილება და საკმაოდ საფუძვლიანადაც).

 

ამის გარდა კი, ამ თამაშს დაძაბულობას ისიც ჰმატებს, რომ გორის "დილა" ბოლო პერიოდში საკმაოდ გაძლიერდა და არა მარტო "ზესტაფონს", არამედ სხვა ძლიერ ქართულ გუნდებს ტოლს აღარ უდებს. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ გორელებმა წლევანდელი ჩემპიონატის პირველი ნახევარი მეორე პოზიციაზე დაასრულეს და ლიდერთან სხვაობა მხოლოდ 3 ქულას შეადგენს. "დილა" მწვრთნელმა და რამდენიმე ფეხბურთელმა კი დატოვა, მაგრამ გუნდში მოვიდა ლიტველი სპეციალისტი ვალდას ივანაუსკასი და რამდენიმე ახალი მოთამაშე. სავარაუდოა, რომ ამ კლუბს ისევ მაღალი მიზნები ექნება.

 

თავის მხრივ, ქვეყნის ჩემპიონი მეტად სახეშეცვლილი ხვდება ამ მატჩს. "ზესტაფონი" ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, მწვრთნელი ჩემპიონმაც შეიცვალა. თურქულ შეკრებაზე გუნდი კახა კაჭარავამ წაიყვანა, რომელმაც პირველი ეტაპის ბოლოს ჩაიბარა გუნდი. იმერლების შემადგენლობაში ახალწვეულებიც არიან. ამ დროისთვის გუნდი მხოლოდ მე-5 პოზიციაზეა და ამ ადგილზე მოხვედრისთვისაც საკმაო ჯაფა დაადგა.

ურთიერთშეხვედრებს თუ გადავხედავთ, 2004 წლიდან დღემდე გუნდებმა 17 შეხვედრა ჩაატარეს. "ზესტაფონმა" 12-ჯერ იმარჯვა, "დილამ" – 5-ჯერ. აშკარა უპირატესობა იმერლებს აქვთ, თუმცა აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 3 მატჩი გორელებმა მოიგეს.

აქვე იხილეთ სუპერთასის ყველა მატჩი:

 

1996
თბილისის "დინამო" (ჩემპიონი) 4-0 ბათუმის "დინამო" (თასის მფლობელი)
1997
თბილისის "დინამო" (ჩემპიონი) 4-1 ბათუმის "დინამო" (თასის მფლობელი)
1998
ბათუმის "დინამო" (თასის მფლობელი) - თბილისის "დინამო" (ჩემპიონი)
1999
თბილისის "დინამო" (ჩემპიონი) 1-0 "ტორპედო" (თასის მფლობელი)
2005
თბილისის "დინამო" (ჩემპიონი) 1-0 თბილისის "ლოკომოტივი" (თასის მფლობელი)
2006
თბილისის "ამერი" (თასის მფლობელი) 1-0 ბოლნისის "სიონი" (ჩემპიონი)
2007
თბილისის "ამერი" (თასის მფლობელი) 4-1 "ოლიმპი" (ჩემპიონი)
2008
თბილისის "დინამო" (ჩემპიონი) 1-0 "ზესტაფონი" (თასის მფლობელი)
2009
"ვიტ ჯორჯია" (ჩემპიონი) 2-1 (დ.დ.) თბილისის "დინამო" (თასის მფლობელი)
2010
"ოლიმპი" (ჩემპიონი) 2-0 "ვიტ ჯორჯია" (თასის მფლობელი)
2011
"ზესტაფონი" (ჩემპიონი) 3-1 "გაგრა" (თასის მფლობელი)

 


გიორგი ბაბუნაშვილი, www.geosports.ge

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005 - 2013