Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

20.02.2013

 

 

 

 

 

 

„ზესტაფონის“ ახალწვეულები, გეგმები და სარჩელი სასამართლოში

 

 

 

 

 

 

 

 

 

რამდენიმე დღის წინათ თურქული შეკრებიდან დაბრუნებული „ზესტაფონი“ საშუასეზონო სამზადისს საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე განაგრძობს. მალე კი ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს წლის პირველი ოფიციალური შეხვედრა ელის - 22 თებერვალს გორის „დილას“ სუპერთასს შეეცილება. ეს თამაში თბილისში, „მიხეილ მესხზე“ ჩატარდება. ამის შემდეგ ზესტაფონელები დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ორ მერვედფინალურ მატჩს გამართავენ პირველლიგელ ლანჩხუთის „გურიასთან“, ხოლო 9 მარტიდან 24-ე ეროვნულის პლეი ოფში ჩაებმებიან.

 

 

ყველა წინაპირობით, „ზესტაფონი“ მომზადებული უნდა ხვდებოდეს დამდეგ ბატალიებს. გუნდს წვრთნა და ტესტ-მატჩები არ დაუკლია და დასახული მიზნების მისაღწევად ძალა უნდა კმაროდეს. ჰოდა, იმერული კლუბიც იმედიანადაა განწყობილი, ძველი გვარდიით და ახალწვეულებით აპირებს ჩემპიონატის წინასწარ ეტაპზე, ცოტა არ იყოს, შელახული რეპუტაციის აღდგენას.

 

ახალწვეულები ვახსენეთ და დღეს „ზესტაფონმა“ საშუასეზონო პერიოდში დამატებული ფეხბურთელები წარადგინა. ცერემონია დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში შედგა. კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სერგო ფუტკარაძემ დამსწრეთ, რომელთა შორის გუნდის წევრები, ფან-კლუბის წარმომადგენლები, რიგითი ქომაგები და ჟურნალისტები იყვნენ, „ზესტაფონის“ ახალი მოთამაშეები გააცნო. ამის შემდეგ კლუბის ვიცეპრეზიდენტმა ვასილ გველესიანმა ახალწვეულებს დანომრილი,  სახელობითი მაისურები  გადასცა.

 

იმერულ კლუბს საშუასეზონო პერიოდში შეემატნენ:

№23. ორიოლ ლოსანო ფარანი - დაბადებული 1981 წელს, ესპანელი ცენტრალური მცველი. თამაშობდა „ლეიდაში“, „ონდაში“, „ჰოსპიტალეტში“, პრიმერა დივიზიონის „რასინგში“, ბერძნულ „არისში“, „რეალ მურსიაში“ - გააფორმა 2-წლიანი კონტრაქტი;

№10. მოჰამედ რეკრუკი - 19 წლის, ალჟირელი ფორვარდი. თამაშობდა ესპანური „სარაგოსას“ ახალგაზრდულ გუნდში - გააფორმა 3-წლიანი კონტრაქტი;

№ 5. დიმიტარ პეტკოვი - დაბადებული 1987 წელს, ბულგარელი ნახევარმცველი. თამაშობდა ბულგარულ ცსკა-ში, „სლავიაში“, „ჩერნო მორეში“, „მონტანაში“ - გააფორმა 2-წლიანი კონტრაქტი;

№17. ლევან კუტალია - დაბადებული 1989 წელს, თავდამსხმელი. თამაშობდა ბოსნიურ „ზრინსკში“, „მოსტარში“, „სლავიაში“, ბოლოს „ზუგდიდში“ - გააფორმა 2-წლიანი კონტრაქტი;

№ 12. რომეო ტურავა - დაბადებული 1996 წელს, მეკარე, ზუგდიდის „ბაიას“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილი, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრი.

 

გუნდის უახლოეს მიზნებზე და სამომავლო გეგმებზე ზესტაფონელთა თავკაცმა კახი კაჭარავამ ისაუბრა:

 

ყველა ხედავს, ახალ გუნდს ვაშენებთ. თურქულ შეკრებაზე და მანამდეც, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოვცადეთ და ახლაც ძიებაში ვართ. ჩვენ წინ ვიყურებით და ამიტომაც ვაკეთებთ აქცენტს ახალგაზრდებზე. ოღონდ გუნდში გამოცდილი მოთამაშეებიც საჭიროა. სწორედ მათ გვერდით უნდა მოხდეს პერსპექტიული ბიჭების ზრდა. საწვრთნელი პროცესით, მათ შორის თურქული შეკრებით, კმაყოფილი ვარ. ყველაფერი გეგმაზომიერად მიდის. თურქეთში 5 ამხანაგური თამაშიდან 1 მოვიგეთ, 3 ფრედ ვითამაშეთ და 1 წავაგეთ, თუმცა ამ შედეგებს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარ ყურადღებას სათამაშო სქემების დამუშავებას და ბიჭების შეთამაშებას ვუთმობდით.

 

5 ფეხბურთელი დავიმატეთ, მაგრამ ამით სელექცია არ დაგვიმთავრებია. მხოლოდ იმ ხალხს დავიტოვებთ და მოვიყვანთ, ვინც გუნდის და საკუთარ წინსვლაზე სერიოზულად იფიქრებს. პირდაპირი კაცი ვარ, სათქმელს არასდროს ვერიდები. ვინც აჯობებს, ის ითამაშებს. ამ პრინციპს არავითარ შემთხვევაში გადავუხვევ. ახალწვეულები საქმეში ვნახე და კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. ამიტომაც მოვიყვანეთ გუნდში. მაგრამ, არავინ იფიქროს, რომ ვინმეს ძირითადში ადგილი გარანტირებული ექნება. ეს უნდა დაიმსახუროს ყველამ.

 

კლუბის პრეზიდენტი ილია კოკაია ყველაფერს აკეთებს გუნდის საკეთილდღეოდ და ამ ფონზე ძალიან საწყენია, რომ საწვრთნელი ბაზის მშენებლობა შეჩერებულია. იმედია, პრობლემას მოევლება და ბაზის მშენებლობის დასრულებასთან ერთად ბავშთა აკადემიის ჩამოყალიბებაც მოხერხდება. ადგილობრივი კადრების აღზრდაზე სერიოზულად უნდა ვიფიქროთ.

 

უახლოეს ამოცანებს რაც შეეხება, ზეგ სუპერთასის ფინალი გვაქვს და, ცხადია, მოგება გვინდა. ქვეყნის თასზეც საკადრისად უნდა გამოვიდეთ. ეროვნულ ჩემპიონატში კი, ვეცდებით, პლეი ოფში ლიდერებისგან ჩამორჩენა დავძლიოთ. ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ არარეალური არაფერია. როგორც ვთქვი, ჩვენ მომავლის გუნდს ვაყალიბებთ, გუნდს, რომელსაც ყოველთვის მაღალი მიზნები ექნება და არა მარტო საშინაო ასპარეზზე.“

 

ორიოლ ლოსანო: „ბევრგან მითამაშია და საქმეს ყოველთვის პროფესიულად ვეკიდებოდი. გამონაკლისი არც ჩემი ახალი კლუბი იქნება. აქ ჯანსაღი ატმოსფეროა, გუნდმა თბილად მიმიღო. ვატყობ, ქართველებს ძალიან უყვართ ფეხბურთი. ორ დღეში საპასუხისმგებლო თამაში გვაქვს. სუპერთასი ნამდვილად არ გვაწყენს.“

მოჰამედ რეკრუკი:თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში, ყველა ძალიან თბილად და თავაზიანად მექცევა. მართლა კარგ გუნდში მოვხვდი, არ ვნანობ საქართველოში წამოსვლას. საკუთარი შესაძლებლობები მოედანზე უნდა დავამტკიცო.“

დიმიტარ პეტკოვი: „ქართულ ფეხბურთზე გარკვეული წარმოდგენა მაქვს, ნაკრების თამაშები მინახავს. ამბიციურ გუნდში მოვხვდი და ვეცდები მწვრთნელებს იმედი გავუმართლო.“

ლევან კუტალია: ბოლოს „ზუგდიდში“ ვთამაშობდი, ახლა კი ჩემპიონ გუნდში მოვედი. ვეცდები, რაც შეიძლება კარგად წარმოვაჩინო თავი და „ზესტაფონისთვის“ ბევრი გოლი გავიტანო.“

რომეო ტურავა:მეამაყება, რომ ჩემპიონი გუნდის წევრი გავხდი. ყველაფერი წინ მაქვს, ვიცი, რომ ბევრი უნდა ვიშრომო“.

 

ბოლოს, რაზედაც ზესტაფონელთა თავკაცმა კახი კაჭარავამ  გულისტკივილი გამოთქვა - როგორც შევიტყვეთ, იმერული კლუბის საწვრთნელ ბაზაზე სამშენებლო სამუშაოები, რომლებსაც შპს „დომინუსი“ უნდა აწარმოებდეს, აგერ უკვე 3 თვეა, შეჩერებულია. საფეხბურთო კლუბს ჩატარებული სამუშაოების ექსპერტიზა მოუთხოვია, რითაც დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანიას 263 ათასი ლარი უკანონოდ აქვს მითვისებული. კლუბმა შესაბამისი სარჩელით სასამართლოს მიმართა და ვნახოთ, რა გამოვა...

 


იუზა კაციტაძე ზესტაფონიდან, www.worldsport.ge

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013