2013 წლის 20 თებერვალს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც გუნდის სამომავლო გეგმებზე საუბართან ერთად, ფართო საზოდოებრიობას წარედგინა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რამდენიმე ახალწვეული, ფეხბურთელებს მიენიჭათ პერსონალური ნომრები და იმერული კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ვასილ გველესიანმა საპატიო ვითარებაში მათ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურები გადასცა.
პრესკონფერენციის დასაწყისში ზესტაფონელთა დამრიგებელმა კახა კაჭარავამ ისაუბრა სეზონის განახლებისათვის მზადების განვლილ მოსამზადებელ ეტაპზე. საუბარი თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირეთში გამართულ შეკრებასა და იქ ჩატარებულ სპარინგ-შეხვედრებს შეეხო. "ზესტაფონის" მთავარმა მწვრთნელმა გულშემატკივართა შეკითხვებსაც უპასუხა...
საინტერესო სიახლეთა რიცხვს მიეკუთვნება ის, რომ ახლადგაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე კლუბის ღირსებას კვლავაც დაიცავენ შემდეგი ფეხბურთელები: იგორ იელიჩი (3 წლის მანძილზე) და ბოტი გოა დემელი (მიმდინარე სეზონის ბოლომდე, მაგრამ ხელშეკრულების 2 წლით გაგრძელების პერსპექტივით).
სადღეისოდ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” ხუთი ახალწვეული ჰყავს - ალჟირელი ფორვარდი მოჰამედ რეკრუკი, რომელიც კლუბის ღირსებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაიცავს, ქართველი ნახევარმცველი ლევან კუტალია (2-წლიანი ხელშეკრულება), ესპანელი მცველი ორიოლ ლოსანო ფარანი, ბულგარელი ნახევარმცველი დიმიტარ პეტკოვი (ორივე 2-2 წლით) და ახალგაზრდა გოლკიპერი რომან ტურავა. პერსონალური მაისურების გადაცემის საზეიმო ცერემონიალის დასრულების შემდეგ, გუნდის ახალწვეულები მარგველ გულშემატკივართა წინაშე დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის მწვანე საფარზე წარსდგნენ...
აქვე უნდა ითქვას, რომ ზემოიმერული გუნდის წევრები ზაალ ელიავა, საბა ლომია და ნოდარ კიკნაველიძე მიმდინარე სეზონის ბოლომდე უმაღლესი ლიგის ბინადარ სხვადასხვა კლუბებში იასპარეზებენ.
აქვე დღევანდელი პრეზენტაციის ამსახველ მცირე ვიდეო და ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ ...