Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

19.02.2013

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ თორნიკე აფციაურთან

 

სამეული – ეს მინიმუმია!

 

 

 

 

 

 

 

 

მოქმედმა ჩემპიონმა შეკრება თურქეთში გაიარა. "ზესტაფონი" ახლა სამშობლოში იმყოფება და 22 თებერვალს გასამართი სუპერთასის ფინალისთვის ემზადება. შეგახსენებთ, ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი "ზესტაფონი" და თასის მფლობელი "დილა" დაუპირისპირდებიან. ალბათ ყველას ახსოვს შარშანდელი ხმაურიანი თასის ფინალი, რომელიც სუპერთასის ფინალს კიდევ უფრო მეტ ინტერესს ჰმატებს.

 

თურქული შეკრების, ახალწვეულების, გუნდის მიზნებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Geosports.ge იმერელთა კაპიტანს, თორნიკე აფციაურს ესაუბრა.

 

– როგორ ჩაიარა თურქულმა შეკრებამ?

– შეკრებამ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. უცხოურ გუნდებთან ამხანაგური მატჩები გავმართეთ, რაც გუნდისთვის აუცილებელია, ასეთი სპარინგები ჩვენი რეალური ძალების შესაფასებლად მნიშვნელოვანია.

 

– მიკროტრავმა გაწუხებდა...

– ტრავმა აღარ მაწუხებს, პრობლემა ამოწურულია, შესვენების დროს ჩავიტარე მკურნალობა და ახლა ყველაფერი რიგზეა.

– კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით გუნდმა პირველი შეკრება გაიარა, რას ფიქრობთ, ორგზის ჩემპიონისთვის რა სარგებლის მოტანა შეუძლია ახალ მწვრთნელს?
– რა თქმა უნდა, ყველა კმაყოფილი ვართ მისი მუშაობით. მე აქამდე არ მქონია მასთან მსგავსი შეხება, ვიცოდი, რომ ძალიან აფასებდა და დიდ ყურადღებას აქცევდა დისციპლინას. გუნდში ამ მხრივ ცოტა პრობლემა იყო და ვფიქრობ, მან შეძლო გამოსწორება. ძალიან კარგი სპეციალისტია და მასთან ერთად საინტერესოა მუშაობა.

– კლუბში რამდენიმე ახალწვეული გამოჩნდა, რა პოტენციალი გააჩნიათ მათ, გამოადგებიან კლუბს?
– რახან ისინი "ზესტაფონში" მოვიდნენ, ე.ი. სარგებელი უნდა მოუტანონ კლუბს. მითუმეტეს, როდესაც უცხოელი ჩამოდის. ალჟირელი მოჰამედ რეკრუკი ახალგაზრდა, პერსპექტიული ბიჭია და მომავლისთვის გასათვალიწინებელია. ორიოლ ლოსანო ფარანი – ესპანელი მცველი, რომელსაც ესპანეთის პრიმერადივიზიონში უთამაშია, ჩემი აზრით, იგი თავისი გამოცდილებით ძალიან წაადგება ჩვენს გუნდს. ქართველ ახალწვეულებს რაც შეეხება, მათზეც იგივე შემიძლია ვთქვა, პერსპექტიული ბიჭები არიან, ცოტა დრო სჭირდებათ, რომ თავი წარმოაჩინონ.

– მიმდინარე წელს, "ზესტაფონის" პირველი ოფიცალური მატჩი სუპერთასის ფინალია, მეტოქე კი გორის "დილაა". გულშემატკივრები რევანშს ელოდებიან...

– ამ მატჩისთვის ვემზადებით, განწყობა საბრძოლოა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ტიტული მოვიპოვოთ. არც "დილასთან" რევანში იქნება ურიგო და ყველანაირად ვეცდებით გავიმარჯვოთ. იოლი მატჩი არ იქნება, რადგან "დილა" კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. საბოლოოდ, ვინც მეტს მოინდომებს, გამარჯვებაც მას დარჩება.

 

– ეროვნული ჩემპიონატის გათამაშების ცხრილში მეხუთე ადგილზე ხართ, რა მიზანი აქვს "ზესტაფონს" შიდა და გარე ასპარეზზე და რა რესურსი გააჩნია ამისათვის?

– სამეულში უნდა მოვხვდეთ, ეს მინიმუმია, რომ შემდეგ ევროასპარეზზე მოგვეცეს თამაშის საშუალება. სანამ ჩემპიონობის თეორიული შანსი იქნება, აუცილებლად ვიბრძოლებთ, მოედანზე ყველა მატჩზე მოსაგებათ გავალთ, დანარჩენს დრო გვიჩვენებს.


ბაჩანა ცხადაძე, www.geosports.ge

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005 - 2013