18.02.2013
ინტერვიუ მოჰამედ რეკრუკთან
მთავარი ის იყო, რომ ძირითად გუნდში მოვდიოდი
ბელეკში ყოფნისას “ზესტაფონის” თამაშს ვუყურე (პოლონურ “ლეხიასთან”), ოღონდ რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმის გამო არ იყო მოედანზე, ზოგიერთი კი კახა კაჭარავამ უბრალოდ დაასვენა. არც ალჟირელი ახალწვეული, 10 ნომერი მოჰამედ რეკრუკი თამაშობდა - დრო ვიხელთე და გავესაუბრე.
მოჰამედ რეკრუკი: კარგ გუნდში მოვხვდი. უშუალო ატმოსფეროა, ბიჭებმა თავისიანად მიმიღეს. სასიამოვნო ფეხბურთს თამაშობს “ზესტაფონი”, შეკრული გუნდია. აქ მომწონს.
- ესპანეთში, “სარაგოსაში” გაიზარდეთ და იქ განსხვავებული სტილის ფეხბურთია. მთავარ განსხვავებას რაში ხედავთ?
- ესპანეთში უფრო მეტად დაბლა აგორებენ ბურთს და ბევრი პასი კეთდება. აქ შედარებით მეტია ორთაბრძოლა, თუმცა ფეხბურთელი იმისაა, რომ გუნდს უნდა მოერგოს.
- გასაგებია, რომ “სარაგოსას” ძირითად გუნდში თამაში არ გიწევდათ, თუმცა მაინც რისკია, როცა უცხო, მითუმეტეს, ალჟირიდან შორს მიდიხარ. რატომ აირჩიეთ “ზესტაფონი”?
- ჩემმა მენეჯერმა მითხრა, რომ საქართველოს გუნდი იყო დაინტერესებული. უარი აღარ ვთქვი: მთავარი ის იყო, რომ ძირითად გუნდში მოვდიოდი. ახლა ჩემზეა დამოკიდებული.
- “სარაგოსას” ახალგაზრდულ გუნდსა და დუბლებში როცა თამაშობდით, ცნობილი ტალანტების წინააღმდეგაც გიწევდათ გამოსვლა.
- დიახ. ჟერარდ დელოფეუ, პაკო ალკასერი, იკარდი, მორატა... ესპანეთი სავსეა ტალანტებით, მაგრამ უცხოელისთვის იქ ძნელია.
- რატომ არის ძნელი?
- ესპანელ ფეხბურთელებს უფრო დიდ პატივს სცემენ. ესპანელს უფრო დააწინაურებენ, ვიდრე უცხოელს.
- “სარაგოსაში” ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი ვინაა?
- მეკარე რობერტო ხიმენესი და პორტუგალიელი ფორვარდი ელდერ პოშტიგა.
- “სარაგოსას” დუბლებში თამაშობს რუსი ფორვარდი ანტონ შვეცი, რომელიც საქართველოშია დაბადებული...
- შვეცი ჩემი საუკეთესო მეგობარია.
- იცით, რომ საქართველოშია დაბადებულ-გაზრდილი?
- დიახ. უთქვამს ამის შესახებ.
- და რა უთქვამს საქართველოზე?
- ახლა არ მახსოვს, თუმცა როდესაც “ზესტაფონში” მოვდიოდი, გამოვკითხე რაღაც-რაღაცეები. მხოლოდ კარგი მითხრა.
ამ დროს “ზესტაფონის” მარცხენაფლანგელი ვახტანგ ჭანტურიშვილი ჩაგვერთო საუბარში – შვეცი ბავშვობაში ჩემი გუნდელი იყო, “ნორჩ დინამოელში” დადიოდაო. ამ ფეხბურთელზე ადრეც გვეწერა, ის ახლა 21 წლისაა. საქართველოდან კი 10 წლის ასაკში წავიდა...
|