14.02.2013
ინტერვიუ კახა კაჭარავასთან
”ზესტაფონი” თურქული შეკრებიდან დაბრუნდა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა საკონტროლო მატჩები ჩაატარა და არაერთი ფეხბურთელი გასინჯა. როგორც კახა კაჭარავამ გვითხრა, ესპანელი მცველის, პრიმერაში გამობრძმედილი ორიოლ ლოზანოს დამატება უკვე გადაწყვეტილია. ”ზესტაფონი” ოთხთვიან კონტრაქტს სთავაზობს ბულგარელ საყრდენ დიმიტარ პეტკოვს და ამის პარალელურად, მარგველები სხვა ფეხბურთელებთანაც მართავენ მოლაპარაკებას.
- თამამად შემიძლია გითხრათ, რომ თურქეთში ძალიან ნაყოფიერი შეკრება გამოგვივიდა. ჩავატარეთ საკონტროლო მატჩები, დავხვეწეთ სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზი. საქმეში ვნახე ახალწვეულები. მოკლედ, კმაყოფილი ვარ.
- უშუალოდ შეკრებაზე არაერთ ფეხბურთელს დააკვირდით. რას იტყვით მათ შესახებ და გუნდში რომელიმეს ჩარიცხვის საკითხი თუ გადაწყდა?
- ორიოლ ლოზანოს საკითხი გადაწყვეტილია. ის სამშობლოში გაემგზავრა თურქეთიდან და ორ დღეში შემოგვიერთდება. ძალიან გამოგვადგება, გამოცდილი და ჭკვიანი მცველია, ახალგაზრდებს გაზრდის.
- ბოლო საკონტროლო მატჩში ჟოდინოს ”ტორპედოსთან” საქმეში ნახეთ სიერალეონელი შერიფ სუმა და ბულგარელი დიმიტარ პეტკოვი...
- სუმას საკითხი ჯერ არაა დახურული, შესაძლოა, მასთან ვითანამშრომლოთ. რაც შეეხება პეტკოვს, მებრძოლი საყრდენია. მასზე დაკვირვებისთვის დიდი დრო არ მქონია. ამიტომ ვთავაზობთ ოთხთვიან კონტრაქტს. ეს ერთგვარი გამოსაცდელი ვადა იქნება მისთვის. თუ გაამართლებს, დარჩება. ვნახოთ, დათანხმდება თუ არა ვფეხბურთელი ჩვენს შეთავაზებას.
ახალი გუნდის ფორმირება რთული პროცესია. მაქსიმალურად ვცდილობ, არ შევცდე. და კიდევ ერთი - ლეგიონერი მთელი თავით მაღლა უნდა იდგეს ქართველ ფეხბურთელზე.
- ”ზესტაფონი” ყველა სათამაშო რგოლში გაძლიერდა, მაგრამ თავდასხმაში პრობლემები აშკარაა. არ აპირებთ ფორვარდის დამატებას?
- სწორი შენიშვნაა, თავდასხმაში გვჭირდება მეტი კონკურენცია. თავადაც ამჩნევთ, დღევანდელ ფეხბურთში ყველაზე პრობლემატური თავდამსხმელის პოზიციაა. ჩვენც ვეძებთ ფორვარდს. ჩემპიონატის დაწყებამდე არ გამოვრიცხავ გუნდში ახალი მოთამაშეების გამოჩენას.
- გიორგი ქვილითაია უნგრულ ”დიორში” ისინჯება, არადა, ის სასურველი ფეხბურთელი იყო ”ზესტაფონისთვის...
- გიორგის ტრანსფერი ჩვენთან თითქმის გადაწყვეტილი იყო. მოვიდა ჩემთან და მითხრა, უცხოეთიდან, უნგრეთიდან მაქვს მოწვევაო. ვნახოთ, რა როგორ იქნება. ქვილითაიას აქვს ”ზესტაფონში” თამაშის სურვილი და თუ დაბრუნდა, ჩვენთან ითამაშებს.
- ჩემპიონატისთვის მზადებას ზესტაფონში განაგრძობთ?
- ორი დღით დავითხოვეთ ფეხბურთელები. საკუთარ ბაზაზე მოვემზადებით სუპერთასისა და ჩემპიონატის განახლებისათვის.
|