Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

13.02.2013

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ როინ კვასხვაძესთან

 

განსაკუთრებით რთული გიორგი ლორიასთან კონკურენციაა...

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჯერ კიდევ 2007 წელს, კლაუს ტოპმიოლერმა გამოიძახა და გუნდის 18-კაციან განაცხადშიც ძალიან ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ ისე მოხდა, რომ სანაკრებო დებიუტი გასული წლის სექტემბერში, პირდაპირ ესპანეთთან მატჩში ჰქონდა.

მაშინ როინ კვასხვაძე თამაშში ტრავმირებული გიორგი ლორიას ნაცვლად ჩაერთო, 6 თებერვალს კი პირველად ითამაშა ნაკრების ძირითად შემადგენლობაში, რისი მიზეზიც კვლავ ლორიას შეუძლოდ ყოფნა გახდა.

ქართველებმა ალბანეთში 2:1 გაიმარჯვეს, რაშიც "ზესტაფონის" 23 წლის მეკარის წვლილი საკმაოდ წონადია - კვასხვაძემ ტირანაში რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია და ზოგადად, მთელი შეხვედრის განმავლობაში დამაჯერებლად იცავდა ჩვენს კარს.

კვასხვაძეს ანთალიაში შევეხმიანეთ, სადაც "ზესტაფონი" სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას ასრულებდა...


- ტირანაში გამართულ მატჩი შენს კარიერაში ალბათ, განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს...
- გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ეს ჩემთვის ძალიან დიდი დღე იყო. უზომოდ ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ ნაკრების ძირითადში პირველად ვითამაშე, კიდევ უფრო დიდი სიხარული კი გამარჯვებამ მომიტანა. იმ თამაშის მერე კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ემოციები ჯერაც არ გამნელებია.

- შენს მიერ მოგერიებული ორი რთული ბურთიდან რომელს გამოარჩევ?
- უფრო ჯარიმის ეპიზოდს, რადგან რიკოშეტზე რეაგირება ნებისმიერი მეკარისთვის ურთულესია. საბედნიეროდ, რეაქცია მოვასწარი და გუნდი გადავარჩინე. ბედნიერი ვარ, რომ სამწვრთნელო შტაბის ნდობა გავამართლე და პირველ სანაკრებო მატჩში, რომელიც შეუცვლელად ჩავატარე, ჩემთვის სასურველ დონეზე წარმოვჩნდი.

- ტელეეკრანიდან ჩანდა, რომ მღელვარება საერთოდ არ გეტყობოდა.
- უკვე დიდი ხანია, ნაკრებში ვარ და ძირითადში თამაშისთვის ყოველთვის მზად ვიყავი. ესპანეთთან თამაშშიც კი თავდაჯერებულად ჩავერთე, ალბანეთთან კი მღელვარებაზე საუბარიც კი ზედმეტია.

- ტირანაში ჩატარებული თამაშით ნაკრების პირველ ნომრობაზე უფრო ხმამაღალი განცხადება გააკეთე. როგორ შეაფასებ შენს შანსებს?
- ჩემთვის ნაკრებში გამოძახება უდიდესი პატივია და სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არასდროს მეთაკილებოდა, თუმცა თამაში ყველა ფეხბურთელს უნდა და ჩემი მიზანია, ნაკრების ძირითადში დავმკვიდრდე. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებს მეკარის პრობლემა აღარ აქვს და ამ რგოლში კონკურენცია ისეთი მაღალია, როგორც არასდროს.

განსაკუთრებით რთული გიორგი ლორიასთან კონკურენციაა, რომელიც მართლაც რომ შესანიშნავი მეკარეა. მას მთელი გულით ვუსურვებ წარმატებებს, ჩვენ მეგობრები ვართ, მაგრამ შევეცდები, მასთან, ნუკრი რევიშვილთან და სხვებთან სამართლიან ბრძოლაში მოვიპოვო ნაკრების პირველნომრიანი მაისური. ნაკრებში ხანგრძლივი ვარჯიშითა და საკლუბო კარიერით საკმაო გამოცდილება დავაგროვე საიმისოდ, რომ ეროვნულ გუნდში ჩემს მომავალს ოპტიმისტურად ვუყურო.

- საქართველოს ნაკრების პერსპექტივას როგორ შეაფასებ?
- ამ ჯგუფში მესამე ადგილი ჩვენი მაქსიმუმია და მჯერა, ამ მიზანს მივაღწევთ, მომავალ შესარჩევ ციკლში კი უფრო მაღალი ამოცანებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ქართველი გულშემატკივარი თამაშის უკეთეს ხარისხს ნახავს და უკეთესი შედეგებითაც გაიხარებს.

- გადავინაცვლოთ საკლუბო თემაზე. როგორ შეაფასებ "ზესტაფონში" ბოლო დროს მიმდინარე პროცესებს?
- ახლა საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ გვიდგას, მაგრამ ბოლოდროინდელი მოვლენები მაიმედებს, რომ ამ რთულ პერიოდს დავძლევთ და სულ მალე საქართველოშიც და ევროსარბიელზეც ანგარიშგასაწევი ძალა ისევ გავხდებით.

- "ზესტაფონის" უცხოელი ახალწვეულები საქართველოში ჯერ არ გვინახავს. მათზე რისი თქმა შეგიძლია?
- საინტერესო ფეხბურთელები ჩანან და იმედია, "ზესტაფონის" გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტანენ.

- ანთალიაში გამართულ საკონტროლო მატჩებში ნაჩვენები თამაშის ხარისხი დამაკმაყოფილებელი იყო?
- დატვირთვების ფონზე თამაში იოლი არ არის, თუმცა ხშირ შემთხვევებში "ზესტაფონი" ხარისხიან ფეხბურთს თამაშობდა, რაც იმის იმედს მაძლევს, რომ საქართველოს ჩემპიონატში შედეგებს მკვეთრად გავაუმჯობესებთ და თასის მოსაგებადაც ვიბრძოლებთ.

- ევროსაგზურის მოპოვება რამდენად რეალურად მიგაჩნია?
- ფაქტია, რომ სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ ევროპის ლიგაზე გასვლის შანსი მაინც გვაქვს და მის გამოსაყენებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ.

- ალბათ, ძალების საზღვარგარეთ მოსინჯვაზეც ფიქრობ...
- რა თქმა უნდა, ვფიქრობ და იმედი მაქვს, ამის დროც მოვა, მაგრამ ახლა მთლიანად "ზესტაფონზე" ვარ კონცენტრირებული. ამ კლუბში უკვე შვიდი წელიწადი გავატარე და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

სანამ ჩემი წასვლის დრო მოვა, კლუბის ერთგულად სამსახურს განვაგრძობ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს...

 

იბეჭდება მცირე ცვლილებებით


ლევან ჯანეზაშვილი, სპორტული გაზეთი "ლელო"

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005 - 2013