Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

10.02.2013

 

 

 

 

 

 

ილია კოკაია – შეცდომაზე, პერსპექტივაზე, შეკრების როლზე

 

 

 

 

 

 

 

 

“ძიებას ვაგრძელებთ. კლუბის მართვა უწყვეტი პროცესია და “ზესტაფონიც” ამ გზას ადგას. ჩვენ ერთი დიდი შეცდომა დავუშვით, რომ ერთი თაობის მეორეთი შეცვლა სწრაფად ვერ მოვახერხეთ. ამან მოიტანა ის, რომ ახლა ლიდერთა შორის არ ვართ, მაგრამ გული არ გამიტეხავს”, – მითხრა ილია კოკაიამ, რომელსაც სიდეში, “ზესტაფონი”-“ლეხის” ამხანაგური მატჩის შესვენებისას ვესაუბრე.

 


- თურქულ შეკრებაზე ყველა მატჩს დაესწარით?
- დიახ. აი, ახლაც აქ ვარ. ცუდად არ ვთამაშობთ, მწვრთნელებიც და ფეხბურთელებიც გულიანად უდგებიან საქმეს. სულ მეტი და მეტი მსურს, მაგრამ ჯერ ახალი დაწყებულია ის პროცესი, რასაც მივყვებით და ძველ შეცდომებს აღარ გავიმეორებთ.


- რომელ შეცდომებს გულისხმობთ?
- მთავარი: წავიდა ერთი თაობა და მეორეთი სწრაფად შეცვლა ვერ მოვახერხეთ. ეს შემადგენლობა, რომელსაც ახლა ხედავთ, ბოლომდე არაა დაკომპლექტებული.


- ანუ, პოტენციურ ახალწვეულებს ამ ზამთარში კიდევ ელით?
- რა თქმა უნდა. მართალია, რამდენიმე ფეხბურთელი დავიმატეთ და მათ შორის, ესპანელი ორიოლ ლოსანოცაა, მაგრამ ძიება გაგრძელდება. ვეცდებით, ევროტურნირებზე მოვხვდეთ და თუ ვერ მოვხვდით, არც ესაა დიდად საგანგაშო. მთავარია, ის შეცდომები აღარ გავიმეოროთ.


-  კახა კაჭარავას რამდენად აქვს თქვენგან ნდობის კრედიტი?
- ჩვენ მისი სახით მოვიწვიეთ მწვრთნელი, რომელმაც ადრე არაერთი ახალგაზრდა დააწინაურა. “ზესტაფონიც” სწორედ ამ მხრივაა გამორჩეული. ჩვენთან არაერთ ახალგაზრდას გაუკაფავს გზა, რომლებიც შემდეგ ეროვნულ ნაკრებში მოხვდნენ და დღესაც იქ არიან. კაჭარავას ნდობას ვუცხადებ. ჩემი თვალით ვხედავ, როგორ ნაყოფიერად მუშაობს. უბრალოდ, ჯერ ის “ზესტაფონი” არაა, რაც მსურს. კარგად მესმის, რომ ამას გარკვეული დრო სჭირდება.


- რა დადებითი და უარყოფითი ცვლილებები დაინახეთ საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში?
- დადებითია ის, რომ ამდენი ქართული გუნდი წამოვიდა უცხოურ შეკრებაზე. ადრე ასე არ ხდებოდა... კარგია, რომ ნელ-ნელა შემცირდა თამაშების რაოდენობა უვარგის მინდვრებზე. შეხედეთ ამ მოედანს. საქართველოში ამაზე ვიტყოდით, სტადიონიაო. არადა, ეს არაა სტადიონი... უარყოფითს რაც შეეხება, ბევრი ფეხბურთელი, მთელი ევროპა რომ მოვლილი აქვს, აქ ჩამოდის და წესიერად აღარ, ან ვეღარ თამაშობს. ამ დროს კი ახალგაზრდები რჩებიან განზე. ჩვენ ვცდილობთ მათ დაწინაურებას და არა მხოლოდ ვცდილობთ, ვაწინაურებთ კიდეც. თემურ ქეცბაიამაც აღნიშნა, კარგი იქნება, მეტი ახალგაზრდა თამაშობდეს უმაღლეს ლიგაშიო. ვეთანხმები, ასე უნდა იყოს. “ზესტაფონი” ადრეც ამ გზას მიჰყვებოდა, ახლაც მიჰყვება და ასე გაგრძელდება.

 


ილია ნანობაშვილი ბელეკიდან, სპეციალურად www.worldsport.ge-სთვის

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013