საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” განაგრძობს სეზონის განახლებისათვის მზადებას. თურქულ სიდეში მყოფი მარგველების ბანაკს გუშინ კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა - 20 წლის სენეგალელი პაპე აბდულაიე დიაკიტე საყრდენი ნახევარმცველი გახლავთ. ბოლოს აფრიკელი ფეხბურთელი სლოვაკეთის უმაღლესი დივიზიონის წარმომადგენელ საფეხბურთო კლუბ "ტრენჩინში" ასპარეზობდა.
ხვალ საქართველოს ორგზის ჩემპიონი მიმდინარე თურქულ შეკრებაზე რიგით მეოთხე საკონტროლო შეხვედრას გამართავს - საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” პოლონეთის მიმდინარე ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე დამკვიდრებულ ქალაქ გდანსკის საფეხბურთო კლუბ ”ლეხიას” დაუპირისპირდება. ქართულ-პოლონური დაპირისპირება ადგილობრივი დროით 15:00 საათზე (თბილისის დროით 17:00 საათზე) დაიწყება.
აქვე დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ ...