Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
05.02.2013

 

 

 

 

 

 

 

 

შეხვედრა ძველ ნაცნობ პოლტაველებთან

 

 

 

 

 

 

 

 

2013 წლის 5 თებერვალს ხმელთაშუა ზღვის თურქულ ნაპირზე მყოფმა საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მორიგი საკონტროლო შეხვედრა გამართა. საწვრთბელი შეკრების მესამე მატჩში იმერელთა მეტოქე უკრაინული უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი, ქალაქ პოლტავას საფეხბურთო კლუბი ”ვორსკლა” გახლდათ.

 

პოლტაველებთან მატჩი ქალაქ სიდეს სასტუმრო "ბლუ უოთერსის" კუთვნილ საფეხბურთო მოედანზე გაიმართა და ადგილობრივი დროით 15:00 (თბილისის დროით - 17:00) საათზე დაიწყო... პოლტავურ კლუბს უკრაინელი სპეციალისტი სერგეი სვისტუნი წვრთნის. საინტერესოა, რომ დღევანდელი დაპირისპირება პოლტაველთა და ზესტაფონელთა პირველი შეხვედრა არ გახლდათ. ამ კლუბების "გაცნობა" 2009 წლის 21 იანვარს მოხდა - ის შეხვედრაც სიდეში გაიმართა და მურთაზ დაუშვილისა და ალექს ბენაშვილის გოლების წყალობით ანგარიშით 2-1 გამარჯვება ქართველებმა მოიპოვეს...

 

საქართველოს ჩემპიონები საგრძნობ დანაკლისს ვერც დღევანდელ შეხვედრაში ასცდნენ - ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უკრაინელთა წინააღმდეგ მატჩში ვერ იასპარეზეს თედორე გრიგალაშვილმა, მიხეილ სარდალიშვილმა, ალექს ბენაშვილმა, რატი წინამძღვრიშვილმა და იგორ იელიჩმა. რაც შეეხება როინ კვასხვაძეს, ის ტირანაში იმყოფება და ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ალბანელებთან ხვალინდელი მატჩისათვის ემზადება.

 

თამაში თანაბარ და დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა - შეხვედრის პირველ ნახევარში უკეთ ქართველები გამოიყურებოდნენ, მეორეში კი უმეტესად "ვორსკლა" აქტიურობდა. რამდენიმე სახიფათო, მაგრამ უშედეგო მცდელობის შემდეგ ანგარიში ქართველებმა გახსნეს. მოხდა ეს პირველი ტაიმის მიწურულს (39-ე წუთი), მას შემდეგ, რაც იმერლებმა ორიგინალური ფინტებით თავსატეხი გაუჩინეს პოლტაველთა დაცვას და საჯარიმოს მისადგომებთან დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა თეიმურაზ ღონღაძემ აუღებელი დაურტყა "ვორსკლას" გოლკიპერ ტიმოფეევს.

 

შესვენების შემდეგ მწვრთნელებმა თავის გუნდების შემადგენლობები მნიშვნელოვნად გადაასხვაფერეს და მეორე ტაიმის სადებიუტო ნაწილის აქტივში შეტანა უკვე პოლტაველებს შეეძლოთ. ანგარიშის გათანაბრებაც მათ თამაშის სწორედ ამ მონაკვეთში შეძლეს - 54-ე წუთზე, "ვორსკლას" ერთ-ერთი შეტევისას, დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა ალექსეი ჩიჩიკოვი და კახა მეშეველიანს საკუთარი კარის გადარჩენის შანსი არ დაუტოვა.

 

თამაშის დასკვნითი მონაკვეთი თანაბარ ბრძოლაში გაილია და ანგარიშის სათავისოდ შეცვლის საშუალება ორივე მხარეს მიეცა. ამის ფონზე, აშკარად გამორჩეული მომენტი მიეცათ ზესტაფონელებს, როდესაც პოლტაველთა კარში ჯერ თორნიკე გორგიაშვილი ურტყავდა, შემდეგ კი გიორგი ჭანკოტაძე ამატებდა, თუმცა სერგეი დოლგანსკიმ სასწაულებრივი რეაქციის წყალობით შეძლო თავის გუნდის აშკარა გოლისაგან ხსნა. მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.

 

დღევანდელ შეხვედრაში ზესტაფონელთა შემდგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: მეშველიანი, ღონღაძე, ლოსანო, კაჭკაჭიშვილი (გაგოშიძე, 46), თორნიკე გრიგალაშვილი (კაჭკაჭიშვილი, 66), ბაბუნაშვილი (ჭანტურიშვილი, 46), გორგიაშვილი (ბაბუნაშვილი, 86), სამუშია (ენდელაძე, 46), აფციაური (შარიქაძე, 46), რაჟამაშვილი (ჭანკოტაძე, 66), კუტალია (რეკრუკი, 46).

 

 

 

05.02.2013 ”ზესტაფონი” - ”ვორსკლა” (პოლტავა, უკრაინა) 1-1

 

 

 

მორიგ სპარინგ-მატჩს იმერული გუნდი პოლონეთის უმაღლესი დივიზიონის წარმომადგენელთან, ქალაქ გდანსკის ”ლეხიასთან9 თებერვალს გამართავს.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013