Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
01.02.2013

 

 

 

 

 

 

 

 

პირველი სპარინგ-მატჩი თურქულ შეკრებაზე

 

 

 

 

 

 

 

 

2013 წლის 1 თებერვალს თურქულ შეკრებაზე მყოფმა საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” პირველი საკონტროლო მატჩი გამართა. ზემოიმერელთა მეტოქე აზერბაიჯანის მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი, აგდამის საფეხბურთო კლუბი ”ყარაბახი” გახლდათ.

 

შეხვედრა ქალაქ ბელეკში გაიმართა და ადგილობრივი დროით 15:00 (თბილისის დროით - 17:00) საათზე დაიწყო. აზერბაიჯანული კლუბი, რომელსაც დღესდღეობით ახლო წარსულში ეროვნული ნაკრების ფორვარდი გურბან გურბანოვი წვრთნის, თავის ქვეყნის მიმდინარე ჩემპიონატში მესამე პოზიციაზე იმყოფება. გუნდში ბრაზილიელი, ალბანელი, არგენტინელი, ხორვატი, მაკედონიელი ლეგიონერები და აზებაიჯანის ნაკრებში მოასპარეზე არაერთი ფეხბურთელი ასპარეზობს.

 

ზესტაფონელები კი დღევანდელ შეხვედრას საგრძნობი დანაკლისით შეხვდნენ - სხვადასხვა სირთულის ტრავმის გამო აზერბაიჯანელთა წინააღმდეგ ვერ იასპარეზეს როინ კვასხვაძემ, თედორე და თორნიკე გრიგალაშვილებმა, დავით რაჟამაშვილმა, გურამ სამუშიამ, მიხეილ სარდალიშვილმა და მოჰამედ რეკრუკმა. სამაგიეროდ, გამოჩნდა "ახალი სახე" - მეორე ტაიმში მარგველთა რიგებში გვატემალელმა ფორვარდმა ჰენრი ლოპესმა იასპარეზა.

 

პირველი ტაიმი ზესტაფონელთა უპირატესობით კი წარიმართა, თუმცა გოლის გატანის რამდენიმე კარგი შანსი ვერ იქნა სათანადოდ გამოყენებული - თავის გუნდის დაწინაურების შესაძლებლობები ხელიდან რატი წინამძღვრიშვილმა და ესპანელმა ორიოლ ლოსანომ გაუშვეს.

 

ანგარიში მეორე ტაიმის დებიუტში გაიხსნა - 50-ე წუთზე, მას შემდეგ რაც ზესტაფონელთა იერიში მატჩის თურქმა არბიტრმა იბრაჰიმ ოზკაიამ პირდაპირი მნიშვნელობით ჩაშალა, აზერბაიჯანული კლუბის ესპანელმა ლეგიონერმა მანუელ ბლედამ, რომელიც კახა მეშველიანთან პირისპირ აღმოჩნდა, თავის შანსი ცივსისხლიანად გამოიყენა. ზესტაფონელებმა გასათანაბრებლად გაიწიეს და 59-ე წუთზე ძალიან ახლოს იყვნენ მიზანთან - აზერბაიჯანელთა მეკარემ ჯერ ლევან კუტალიას და ჰენრი ლოპესის ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმები მოიგერია, იგორ იელიჩს კიდევ მცველებმა აღარ გაატანინეს. 70 -ე წუთზე ვახტანგ ჭანტურიშვილი "ყარაბახის" გოლკიპერთან პირისპირ გავიდა, მაგრამ კარში დარტყმას ბოლო მომენტში პარტნიორისთვის გადაცემის გაკეთება ამჯობინა... სამწუხაროდ, ეს მომენტიც დაიკარგა.

 

75-ე წუთზე კი ქართველები მომენტების გაფლანგვის გამო დაისაჯნენ - აზერბაიჯანული კლუბის მაკედონიელმა ლეგიონერმა მუარემ მუარემმა კახა მეშველიანს აუღებელი დაურტყა... მატჩის მიწურულს ანგარიშში სხვაობის მინიმუმამდე შემცირება ავთო ენდელაძეს შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმა ძელმა მოიგერია. იმერლებმა შეკრების პირველი მატჩი წააგეს ანგარიშით 0-2.

 

დღევანდელ შეხვედრაში ზესტაფონელთა შემდგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: მეშველიანი, ღონღაძე (ჭანტურიშვილი, 55), ლოსანო, კაჭკაჭიშვილი, გაგოშიძე, იელიჩი (ჭანკოტაძე, 65), ბენაშვილი, გორგიაშვილი (კუტალია, 46), ბაბუნაშვილი (ენდელაძე, 46), აფციაური (შარიქაძე, 46), წინამძღვრიშვილი (ლოპესი, 46).

 

 

01.02.2013 ”ზესტაფონი” - ”ყარაბახი” (აგდამი, აზერბაიჯანი) 0-2

 

 

 

შემდეგ სპარინგ-შეხვედრას იმერული გუნდი 3 თებერვალს პოლონური ხოჟუვის ”რუხის” წინააღმდეგ გამართავს.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013