საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” განაგრძობს საფეხბურთო სეზონის განახლებისათვის მზადებას. დღეს სასტუმრო "სუენოს" საფეხბურთო მოედანზე ქართული გუნდის ორი ვარჯიში გაიმართა. სასიამოვნო სიახლეთა რიცხვს მიეკუთვნება ის, რომ გუნდთან ერთად დღეს პირველად ივარჯიშა ესპანელმა მცველმა ორიოლ ლოსანომ.
ხვალ საქართველოს ორგზის ჩემპიონი წლევანდელი თურქული შეკრების პირველ სპარინგ-მატჩს გამართავს - საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” აზერბაიჯანის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს, აგდამის საფეხბურთო კლუბ ”ყარაბახს” ქალაქ ბელეკში დაუპირისპირდება. საწვრთნელი შეკრების ორგანიზატორებთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ ქართულ-აზერბაიჯანული დაპირისპირება ადგილობრივი დროით 15:00 საათზე (თბილისის დროით 17:00 საათზე) დაიწყება.
აქვე დღევანდელი ვარჯიშის ამსახველი მცირე ფოტორეპორტაჟი...