Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

29.12.2012

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ კახა კაჭარავასთან

 

"ზესტაფონზე", პოტენციურ ახალწვეულებზე, აკადემიის როლზე, ახალგაზრდების წარმოჩენაზე ...

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონი" უკვე სიდეშია, "მსოფლიო სპორტი" კი თურქეთში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე შეხვდა გუნდის მწვრთნელ კახა კაჭარავას. ამ ინტერვიუში მხოლოდ "ზესტაფონის" სიახლეებსა და პოტენციურ ახალწვეულებზე არ ყოფილა საუბარი, ზოგადად ქართულ ფეხბურთში წლობით დაგროვებულ პრობლემებსაც შევეხეთ.
თუმცა, თავიდან სწორედ სიახლეებზე და "ზესტაფონის" კონტინგენტზე, პრობლემატურ პოზიციებზე...

 


- თურქეთში 24 ფეხბურთელით მიდიხართ. სია უკვე გამოაცხადეთ. იქ კი, როგორც ცნობილია, პოტენციურ ახალწვეულებს ელით...
- გუნდი საბოლოო სახეს სწორედ შეკრების შემდეგ მიიღებს. თურქეთში ყველას მიეცემა თამაშის საშუალება. ტესტ-მატჩებში კარგ გუნდებს ვხვდებით და დავინახავთ, ვის რა პოტენციალი აქვს. გასასინჯი ფეხბურთელები ჩამოვლენ და ვნახოთ, როგორ წარმოაჩენენ თავს.


- მათ ვინაობას ვერ გაგვიმხელთ?
- სახელ-გვარების დასახელებას მოვერიდები, თუმცა გეტყვით, რომ ეგვიპტელი ცენტრალური მცველი ჩამოვა. ის ეგვიპტის ჩემპიონატში თამაშობს. ველით მარცხენა მცველს სერბეთის კლუბიდან და ფეხბურთელს, რომელსაც ესპანეთის პრიმერა დივიზონში აქვს ნათამაშები.


- აშკარად ჩანს, რომ თავდასხმის ხაზში საკადრო პრობლემები გაქვთ. ასევე, მარცხენა მცველის პოზიციაზე...
- მარცხენა მცველის პოზიცია ჩვენთან კი არა, საქართველოს ნაკრებშიც პრობლემატურია. ვეცდებით, ეს გამოვასწოროთ. ვნახოთ, როგორ გამოიჩენს თავს ახალი ფეხბურთელი, რომელიც თურქეთში შემოგვიერთდება. რაც შეეხება თავდამსხმელს, არ დავმალავ, ახალგაზრდა გიორგი ქვილითაიასთან მოლაპარაკებას ვმართავთ.


- როგორც ვიცით, ქვილითაიას გადაყვანა არაერთ კლუბს სურს...
- ჩვენ ვცდილობთ მის გადმოყვანას და არაა გამორიცხული, თურქეთში შემოგვიერთდეს.


- რამდენიმე უცხოელი უკვე იყო გასინჯვაზე და მათგან მხოლოდ ალჟირელი რეკრუკი დაიტოვეთ. დანარჩენებზე რას იტყვით?
- როცა ადგილობრივ ფეხბურთელს ვერ სჯობს, აზრი არ აქვს. არის მეორე მომენტი: როცა ლეგიონერი გამოცდილია, თუნდაც ასაკში იყოს და საუკეთესო პერიოდი გავლილი ჰქონდეს, ახალგაზრდა ფეხბურთელი მისგან ბევრს ისწავლის. მაგალითად, თბილისის "დინამოში" ასეთი იყო ავსტრალიელი ნედ ზელიჩი. ის 35 წელს გადაცილებული გახლდათ, მაგრამ მისმა ავტორიტეტმა და გამოცდილებამ დიდი სამსახური გაუწია ახალგაზრდებს - გურამ კაშიას, გულვერდ თომაშვილს, ლევან კაკუბავას. ასევე, გიორგი ლორიამ დიდიე ოვონოს გვერდით ბევრი რამ შეიძინა.


- გასაგებია. რეკრუკს როგორ დაახასიათებდით და რომელ პოზიციაზე გამოიყენებთ?
- ახალგაზრდა, ტექნიკური, იმპროვიზაციის უნარის მქონე ბიჭია. ბურთს კარგად ფლობს და ცენტრფორვარდის გარდა, შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში - მარცხნივ, მარჯვნივ, მეორე ფორვარდად...


- "დინამოში" შემტევ სტილს ანიჭებდით უპირატესობას. "ზესტაფონიც" ასე თამაშობდა წლების განმავლობაში. გემოვნებაში თანხვედრაა?
- დიახ. ჩვენ გვსურს, რომ უფრო შეტევაზე ორიენტირებული იყოს "ზესტაფონი" და თანამედროვე ფეხბურთს თამაშობდეს. ფეხბურთელებსაც ისეთებს ვარჩევთ, ვისაც იმპროვიზაცია, შეტევაში თამამად თამაში შეუძლიათ.


- თურქეთში დუბლშემადგენლობიდანაც მიგყავთ ფეხბურთელები. ახალგაზრდების წარმოჩენას ჩემპიონატის მატჩებშიც უნდა ველოდოთ?
- საერთოდ, რისკი მიყვარს და "დინამოში" არაერთხელ დამიწინაურებია ახალგაზრდა. ამის გამო ბევრს უსაყვედურია ჩემთვის, კრიტიკა არ მაკლდა, მაგრამ დრომ გამოაჩინა, რომ ეს რისკი გამართლებული იყო. ახალგაზრდას გზა უნდა გაუხსნა. სათადარიგოთა სკამზე ფეხბურთელი ჯერ არ გაზრდილა.


- 19-წლამდელთა ნაკრებში აღარ იმუშავებთ, არადა, ელიტ-რაუნდში გახვედით...
- ასეა, "ზესტაფონი" ჩემი ახალი სამსახურია. მინდა, ჩემს შემცვლელ გია ცეცაძეს წარმატება ვუსურვო 19-წლამდელთა ნაკრებში.


- ჩემპიონატში მეხუთე ადგილზე ხართ. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ მესამეზე გასვლა, ანუ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურის მოპოვება?
- ექვსეულში ვინც არიან, ყველა გუნდი ჩვენი კონკურენტია. "დინამო" და "დილა" საკმაოდ წინ არიან. თუმცა, ექვსეულში ყველა ყველას ხვდება, ამ 10 ტურში მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. ამასთან, თასზეც ვთამაშობთ.


- თქვენი აზრით, ბოლო წლებში საქართველოს ჩემპიონატის დონემ მოიმატა?
- ამას ვერ ვიტყვი. წეღან ნათქვამს დავუბრუნდები: სამწუხაროდ, ბოლო წლებში ახალგაზრდებს არ ეძლევათ თავის გამოჩენის საშუალება. 18-19 ან 20 წლის რამდენი ფეხბურთელი იცით, უმაღლეს ლიგაში თამაში რომ უწევდეს?


- გეთანხმებით, ასეთები ბევრნი არ არიან. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში ვინც უნდა ითამაშოს, მათი უმეტესობა ან სკამზე ზის, ან დუბლებში თამაშობს.
- საქმეც ამაშია. თუ არ გარისკე, არაფერი გამოვა. თავს არ ვიქებ, ფაქტს ვიტყვი: გავიხსენოთ, როცა "დინამოს" მწვრთნელად ვმუშაობდი, იმ დროს გადმოვიდნენ დუბლებიდან სანდრო კობახიძე, გურამ კაშია, გიორგი ლორია, გიორგი მერებაშვილი, მათე ვაწაძე, გულვერდ თომაშვილი... ცუდი გაკეთდა?


- კობახიძემაც გაიხსენა, კაჭარავამ დიდი როლი შეასრულა ჩემს კარიერაშიო. ისინი დუბლებიდან გადმოგყავდათ, რომლის მწვრთნელიც ადრე თქვენ იყავით. მანამდე კი აკადემიაში იყვნენ, რომელსაც ასევე თქვენ ხელმძღვანელობდით. საინტერესოა, რამდენად დიდი იყო რისკის ფაქტორი - "დინამოს" ძირითად გუნდში დროს გაძლევდნენ?
- არა, "დინამოში" დროს არასოდეს მოგცემდნენ, პირდაპირ შედეგი უნდა გეჩვენებინა. მეორე ადგილზე გავდიოდით, თასიც მოვიგეთ. თასის ფინალი, რომელიც რუსთავის "ოლიმპთან" პენალტებით მოვიგეთ, დიდწილად ლორიას დამსახურება იყო. ეს იყო რისკი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მას ნდობა სჭირდებოდა. ვენდე და გაამართლა. მთავარი ისაა, რომ ეს ბიჭები "დინამოს" აკადემიაში იზრდებოდნენ, იქიდან მოდიოდნენ და ვაწინაურებდი. როდესაც აკადემიაში ვმუშაობდი, "დინამოს" კახა ცხადაძე წვრთნიდა და გავიხსენოთ, თუნდაც მის დროს რამდენი ახალგაზრდა დაწინაურდა ძირითად გუნდში.


- "ზესტაფონსაც" აქვს აკადემია. უშუალოდ თქვენც ჩახედული იქნებით ამ აკადემიაში თუ სხვა მიხედავს?
- რა თქმა უნდა, მეც უშუალოდ დავაკვირვდები. ძალიან კარგია, რომ ზესტაფონში აკადემიაა, უფასოა, სხვადასხვა რაიონებიდან და სოფლებიდან დადიან. ილია კოკაია ამით ფასდაუდებელ საქმეს აკეთებს. ასეთ ადამიანებს უნდა მოვუფრთხილდეთ, რომლებსაც განვითარებისთვის თანხის გადახდა არ ენანებათ. ვარჯიში, კვება, ყურადღება... ეს ყველაფერი არის.…რა თქმა უნდა, კვალიფიცირებული მწვრთნელები უნდა მუშაობდნენ.


- ყველა ასაკობრივი ჯგუფია "ზესტაფონის" აკადემიაში?
- უკვე ყველა ასაკში მოიყრიან თავს. ამის კეთება ახლა იწყება. კარგი იქნებოდა, უფრო ადრე გაკეთებულიყო, მაგრამ მთავარია, რომ საფუძველი ჩაყრილია. კარგი აკადემია, კარგი დუბლები და შემდეგ - ძირითადი გუნდი: ეს პირამიდული მიმართულება, ჩემი აზრით, იდეალურია. შესაძლოა, აკადემიაში 300 ბავშვი შეიკრიბოს და მათგან სამი-ოთხიც რომ გამოვიდეს კარგი ფეხბურთელი, უკვე მიღწევაა. ფეხბურთელი ვერ გამოვა? ქუჩაში უაზროდ არ იდგება, მეგობრებს გაიჩენს, ჯანმრთელი ადამიანი იქნება. აკადემია ფასდაუდებელია. მომავალზე თუ არ იზრუნე, სხვაგვარად მხოლოდ წყლის ნაყვაა და რამდენი ერთწლიანი გუნდი ყოფილა საქართველოში, ეს კარგად იცით..

 

იბეჭდება მცირე შესწორებით...


ილია ნანობაშვილი, www.worldsport.ge

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005