ზესტაფონელთა სპარინგ-მატჩების შესახებ
მიმდინარე წლის 29 იანვარს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” სეზონის განახლებისათვის მზადების მეორე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილ საწვრთნელ შეკრებაზე თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრება. ხმელთაშუა ზღვის კარგად ნაცნობ სანაპიროზე საქართველოს ორგზის ჩემპიონები ხუთ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ.
თურქულ შეკრებაზე პირველ საკონტროლო მატჩს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” აზერბაიჯანული ფეხბურთის წარმომადგენელ საფეხბურთო კლუბ "ყარაბახის" წინააღმდეგ გამართავს. აზერბაიჯანის 1993 წლის ჩემპიონთან და ქვეყნის თასის სამგზის მფლობელ აგდამელებთან იმერელთა დაპირისპირება 1 თებერვალს გაიმართება.
თავის მეორე სპარინგ-მატჩს მარგველები 3 თებერვალს ჩაატარებენ. ამჯერად მათი მეტოქე პოლონური ფეხბურთის წარმომადგენელი, ხოჟუვის "რუხი" იქნება. "რუხი" ზაბჟეს "გურნიკთან" ერთად პოლონეთში ყველაზე მეტი (14-14) საჩემპიონო ტიტულის მფლობელი გახლავთ.
5 თებერვალს, რიგით მესამე საკონტროლო შეხვედრაში, იმერლები უკრაინულ "ვორსკლას" დაუპირისპირდებიან. საინტერესოა, რომ ეს პოლტაველთა და ზესტაფონელთა პირველი შეხვედრა არ იქნება. ამ კლუბების "გაცნობა" 2009 წლის 21 იანვარს მოხდა - თურქულ სიდეში გამართულ ამხანაგურ მატჩში მურთაზ დაუშვილისა და ალექს ბენაშვილის გოლების წყალობით ანგარიშით 2-1 გამარჯვება ქართველებმა მოიპოვეს.
ანატოლიაში გასამართ მეოთხე შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” პოლონური ექსტრაკლასას კიდევ ერთ წარმომადგენელ - გდანსკის "ლეხიას" წინააღმდეგ 9 თებერვალს გამართავს, ხოლო წლევანდელ თურქულ შეკრებაზე თავის მეხუთე მატჩს იმერლები 12 თებერვალს გამართავენ. დასკვნით სპარინგ-შეხვედრაში ქართველთა მეტოქის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
|