Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
25.01.2013

 

 

 

 

 

 

 

 

იმერულ-აჭარული რანდევუ

 

 

 

 

 

 

 

 

2013 წლის 25 იანვარს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გამართულ სპარინგ-შეხვედრაში ქვეყნის ორგზის ჩემპიონი ბათუმის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” დაუპირისპირდა.

 

რამდენიმე დღის წინ ცხინვალელებთან გამართული მატჩისაგან განსხვავებით, დღევანდელ შეხვედრაში მარგველთა დამრიგებელმა კახა კაჭარავამ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებიც გამოიყენა. თუმცა, საქმეს გარკვეული დანაკლისის გარეშე არც ამჯერად ჩაუვლია - ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სირთულის პრობლემის გამო საკუთარ გუნდს დღეს თეიმურაზ ღონღაძე, ლევან შარიქაძე, მიშო სარდალიშვილი, დავით რაჟამაშვილი და თედო გრიგალაშვილი ვერ ეხმარებოდნენ.

 

შეხვედრამ ფეხბურთის მოყვარულთა შორის საკმაო ინტერესი გამოიწვია და დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონის ტრიბუნებზე თავი 250-მდე ადგილობრივმა და ბათუმელმა ქომაგმა მოიყარა. გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით იასპარეზეს:

 

”ზესტაფონი”: კვასხვაძე (მეშველიანი, 46), ბენაშვილი (თორნიკე გრიგალაშვილი, 46 (კიკნაველიძე, 80)), ჩულიბრკი, კაჭკაჭიშვილი, გაგოშიძე (ჭანტურიშვილი, 75), იელიჩი (მუმლაძე, 46), გორგიაშვილი (სამუშია, 46), ებონგე (ენდელაძე, 46), ბაბუნაშვილი (ჭანკოტაძე, 46), აფციაური (რეკრუკი, 46), კუტალია (წინამძღვრიშვილი, 46).

 

დინამო”: მუჯირიშვილი, სიხარულიძე (რამიშვილი, 26), ტყეშელაშვილი (ქორიძე, 46), ჟვანია (მაკარიანი, 46), გაბუნია (ბაჯელიძე, 46), როსინი, გოგიტიძე, მუჯირი (თევდორაძე, 46), შალამბერიძე (ვარშანიძე, 65), ქუცურუა (ბერიძე, 46), აბუსელიძე (თოდაძე, 46).

 

პირველივე წუთებიდან მოყოლებული შეხვედრა მასპინძელთა დიდი სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა და უკვე 8-ე წუთზე თავის გუნდი იგორ იელიჩმა დააწინაურა. დინამოელთა კართან შექმნილი მომენტების სიმრავლის მიუხედავად, პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა ...

 

შესვენების შემდეგ კი ორივე გუნდის შემადგენლობაში მრავალი ცვლილება განხორციელდა, თუმცა ამ გარემოებას იმერელთა უპირატესობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია. 51-ე წუთზე მარგველთა უპირატესობა ორამდე თორნიკე გრიგალაშვილმა გაზარდა; 59-ეზე ზესტაფონელთა რიგებში გატანილი სადებიუტო გოლით თავი ალჟირელმა მოჰამედ რეკრუკმა გამოიჩინა; კიდევ ორი წუთის შემდეგ თავის გოლი რატი წინამძღვრიშვილმაც გაიტანა. დღევანდელ შეხვედრაში ბოლო გოლი კი 87-ე წუთზე გავიდა - ექს-სარაგოსელმა მოჰამედ რეკრუკმა დუბლი შეასრულა. ზესტაფონელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 5-0.

 

 

 

 
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013