იგორ იელიჩის სამწლიანი კონტრაქტი
საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” იგორ იელიჩთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. იმერულ კლუბსა და 23 წლის ფეხბურთელს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებულების პირობების თანახმად, სერბი ნახევარმცველი მარგველთა ღირსებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაიცავს.
შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” გამოჩენამდე, ფეხბურთელს სერბეთის ჩემპიონატის წარმომადგენელ შემდეგ საფეხბურთო კლუბებში უასპარეზია: ”სინდელიჩი” (ბელგრადი) - 2007- 2008, ”ვოზდოვაცი” (ბელგრადი) - 2008-2010, ”მლადოსტი” (აპატინი) - 2010, ”ოფკ” (ბელგრადი) - 2010-2012.
იგორ იელიჩმა, რომელიც "ზესტაფონს" გასული წლის 18 ოქტომბერს შეუერთდა, მიმდინარე სეზონში გუნდის მაისურით 11 შეხვედრა ჩაატარა. სწორედ სერბი ფეხბურთელის მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლი გამოდგა იმერელთათვის გამარჯვების მომტანი ბოლნისის "სიონთან" 2012 წლის 15 დეკემბერს გამართულ დრამატულ შეხვედრაში.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და იგორ იელიჩს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებულება ძალაშია 2016 წლის 1 იანვრამდე. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ იგორ იელიჩი მარგველთა რიგებში 77-ნომრიანი მაისურით ასპარეზობს.
|