Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

16.01.2013

 

 

 

 

 

 

ილია კოკაია: ახალგაზრდების თამაში კლუბების ინტერესებშია

 

 

 

 

 

 

 

 

"ლელო" უკვე წერდა, რომ ფეხბურთის ფედერაციაში უმაღლესი ლიგის კლუბების ხელმძღვანელთა, ანუ "12-თა საბჭოს" სხდომაზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კლუბებს ახალი წინადადება გააცნო, რომელიც ნაკრების მწვრთნელთა საბჭოზე შეიმუშავეს.

ამ ინიციატივის მიხედვით, უმაღლესი ლიგის ყველა კლუბის 18-კაციან განაცხადში უნდა იყოს 21 წლამდელი 2 ფეხბურთელი, რათა გაიზარდონ და მეტი სათამაშო გამოცდილება მიიღონ.

თავის მხრივ, კლუბებმა ფედერაციას საპასუხო წინადადებით მიმართეს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბები, პირველ სამ დამატებულ ლეგიონერზე სავალდებულო შესატანს (15 ათას ლარს) აღარ გადაიხდიან. სამს ზემოთ, ყოველ ახალ ლეგიონერზე გადასახადის გადახდა კვლავ მოუწევთ. ეს შეღავათი არ გავრცელდება ჩემპიონატის პირველ და ქვედა ლიგებზე.

ფედერაციამ წინადადება მიიღო და ის ძალაში შევა, თუ სფფ-ის აღმასკომი დაამტკიცებს. ამ საკითხებზე კომენტარი "ზესტაფონის" პრეზიდენტს, ილია კოკაიას ჩამოვართვით:


- ლეგიონერებთან დაკავშირებული ინიციატივა კლუბებისგან მოდის და მიმაჩნია, რომ ეს ქართული კლუბებისთვის კარგი ნაბიჯი იყო.

- ინიციატივა რამ განაპირობა?
- ელემენტარულად იმ სურვილმა, რომ ბიუჯეტიდან ზედმეტი ხარჯები არ გაგვეღო. ფედერაციის პოზიცია აბსოლუტურად გასაგებია, რომ ჩემპიონატში დაბალი დონის ლეგიონერების შემოდინება არ სურთ. ისედაც გასაგებია, რომ დაბალი დონის ლეგიონერის მოწვევა გაუმართლებელია და მათში ფულს თავად კლუბები არ გადაიხდიდნენ.

ბევრი ვიმსჯელეთ და საბოლოოდ, ფედერაცია ამ შეღავათზე დაგვთანხმდა. გადაწყდა, რომ ეს ცვლილება ექსპერიმენტის სახით, ერთი წელი იმოქმედებს. დავაკვირდებით, რა შედეგებს მივიღებთ და თუ არ გაამართლებს, არც მისი გაუქმება იქნება პრობლემა.

- თემურ ქეცბაიასა და ნაკრების მწვრთნელთა ინიციატივაზე რას გვეტყვით?
- როცა ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ქართული ფეხბურთი უნდა განვავითაროთ, ნაკრებების მწვრთნელთა საბჭოს წევრთა აზრით აუცილებლად უნდა დავინტერესდეთ. საინტერესოა, რას ფიქრობს ეს ხალხი და როგორ წარმოუდგენიათ ჩვენ წინაშე არსებული უამრავი პრობლემის მოგვარება. თუ მათ არ მოვუსმინეთ, არაფერი გამოვა.

გასაგებია, რომ ყველა კლუბს საკუთარი ინტერესი გააჩნია, მაგრამ გავითვალისწინოთ ქართული ფეხბურთის პრობლემაზე გამოსავალი ერთად უნდა ვიპოვოთ.

პირადად მე მიმაჩნია, რომ ქეცბაიასა და მწვრთნელთა ინიციატივა კლუბებისთვისაც მისაღებია. ამის შესახებ ჩვენს მწვრთნელებს დაველაპარაკები და ვფიქრობ, თანხმობასაც მივიღებთ.

- თქვენ ხომ ისედაც განზრახული გქონდათ "ზესტაფონის" გაახალგაზრდავება.
- ცხადია, ძირითად შემადგენლობაში ადგილს ასაკით ვერავის დავუჯავშნავთ და ვერც ახალ ფეხბურთელს მოვიგონებთ. მაგრამ ჩვენ მართლაც ვცდილობთ, რომ ნიჭიერი ახალგაზრდები დავაწინაუროთ და თავის გამოჩენის შანსი მივცეთ.

"ზესტაფონის" განვითარება სწორედ მათ გაზრდაზეა დამოკიდებული...

 


მერაბ მამულაშვილი, სპორტული გაზეთი "ლელო"

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013