Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
15.01.2013

 

 

 

 

 

 

 

 

სამუშაო შეხვედრა ფეხბურთის ფედერაციაში

 

 

 

 

 

 

 

14 იანვარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბების ხელმძღვანელების „თორმეტთა საბჭოს“ სხდომა გაიმართა. სხვა კლუბების ხელმძვანელთა მსგავსად, სამუშაო შეხვედრას საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ. გთავაზობთ ”ზესტაფონის” პრეზიდენტის, ბატონი ილია კოკაიას კომენტარს, რომელიც მან გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა...

 

 

სხდომა სტადიონების ლიცენზირების თემით სფფ-ის პრეზიდენტმა ბატონმა ზვიად სიჭინავამ გახსნა... ამის შემდეგ, საბჭოს წევრებს განსახილველად დაურიგდათ ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის კალენდრის უკვე შემუშავებული ვარიანტი. რომელიც კლუბებმა მოიწონეს...

 

გუშინდელ შეხვედრას ესწრებოდა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია. მან კლუბების ხელმძღვანელებს ის წინადადება გააცნო, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ნაკრების მწვრთნელების გაფართოებულ შეხვედრაზე შეიმუშავეს. კერძოდ, საუბარია ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც უმაღლესი ლიგის ყველა კლუბის მინიმუმ 18-კაციან განაცხადში უნდა ხვდებოდეს ორი 19-21 წლის ფეხბურთელი, რათა უფროსი კოლეგების გვერდით გაიზარდონ და მეტი სათამაშო გამოცდილება მიიღონ.

 

საკითხის გარშემო ხანგრძლივი კამათი და მსჯელობა გაიმართა. კლუბების წარმომადგენლებმა განსხვავებული პოზიციები დააფიქსირეს. „ზესტაფონის“ პრეზიდენტმა ილია კოკაიამ განაცხადა, რომ ის თავის კლუბში ამ პოლიტიკას აუცილებლად გაატარებს და ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შანსს მისცემს. რამდენიმე კლუბმა ნაკრებების მწვრთნელების ინიციატივა არ გაიზიარა და გამოითქვა ვარაუდი, რომ ამ წესის შემოღების შემთხვევაში, კლუბებს გარკვეული მიმართულებებით პრობლემები შეექმნებათ...

 

დღევანდელ სხდომაზე საბოლოოდ დადასტურდა ჯერ კიდევ გასულ წელს, კლუბების მიერ შემოთავაზებული ერთი ინიციატივის ოფიციალურად დაკანონებაც. საუბარია, ლეგიონერებზე სავალდებულო გადასახადის მოხსნაზე. როცა სფფ-ის აღმასკომი ამ საკითხსაც დაამტკიცებს, ძალაში შევა წესი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბები, პირველ სამ დამატებულ ლეგიონერზე სავალდებულო შემოსატანს აღარ გადაიხდიან...

 

ილია კოკაია: „ლეგიონერებთან დაკავშირებული საკითხი, ჩვენი, კლუბების ინიციატივა იყო და ვთვლით, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. თუმცა, ფედერაციის პოზიციაც აბსოლუტურად გასაგებია - მათ არ სურდათ ჩემპიონატში დაბალი დონის ლეგიონერების შემოდინება მომხდარიყო. საბოლოოდ, ფედერაცია ამ შეღავათზე დაგვთანხმდა. ექსპერიმენტის სახით, ერთი წელი დავაკვირდებით, რა შედეგებს მოგვიტანს ეს ცვლილება და თუ არ გაამართლებს, მის გაუქმება პრობლემა არ იქნება...

 

რაც შეეხება თემურ ქეცბაიას და სხვა მწვრთნელების ინიციატივას ახალგაზრდა ფეხბურთელებთან დაკავშირებით, ერთს გეტყვით: როცა ვმსჯელობთ და ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ განვავითაროთ ქართული ფეხბურთი, აზრი აუცილებლად უნდა ვკითხოთ ნაკრებების მწვრთნელებს და მარტო ჩვენს ნაჭუჭში არ უნდა გამოვიკეტოთ. ეს ჩვენი საერთო პრობლემაა და გამოსავალიც ერთად უნდა ვიპოვოთ. პირადად მე, კონსულტაციებს გავივლი ჩემი გუნდის მწვრთნელებთან და დიდი ალბათობით, ამ წინადადებას მივიღებთ. ვეცდებით,  კლუბის პოლიტიკა ისეთი მიმართულებით წავიყვანოთ, რომ 2-3 ნიჭიერ და პერსპექტიულ ახალგაზრდას დაწინაურებისა და თავის გამოჩენის შანსი მუდმივად მივცეთ. იმას ვერ ვიტყვი, რომ ძირითად შემადგენლობაში ვინმეს ადგილი დაჯავშნილი ექნება, მაგრამ ამ საკითხზე რომ აქტიურად ვიმუშავებთ, ამას გპირდებით.“

 

 

 

მომზადებულია სფფ-ის პრესსამსახურის პუბლიკაციის მიხედვით

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013