საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი მიმდინარე საფეხბურთო სეზონის საგაზაფხულო ეტაპისათვის მზადებას განაგრძობს.
გუშინ და გუშინწინ ფეხბურთელებმა ძირითადად ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე იმუშავეს. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, კახა კაჭარავამ გუნდი ორ ნაწილად გაჰყო და სანამ ფეხბურთელთა ერთი ჯგუფი მთავარი მწვრთნელისა და მისი ასისტენტის კახა გოგიჩაიშვილის ხელმძღვანელობით კლუბის ბაზაზე ბურთით ვარჯიშობდა, მეორე ჯგუფი სატრენაჟორო დარბაზში ივან ვუჩეტიჩის დავალებებს ასრულებდა. ვარჯიშის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ პირველმა და მეორე ჯგუფებმა ადგილები გაცვალეს.
დილით გამართული ვარჯიშის შემდეგ, კახა კაჭარავამ გუნდი ძველით ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით დაითხოვა. 15 იანვრიდან კი საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი” მზადებას გააგრძელებს.