პირველი ვარჯიში ახალ წელიწადში
2013 წლის 10 იანვარს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატისა და ეროვნული თასის გათამაშების გადამწყვეტი, საგაზაფხულო ეტაპისათვის მზადებას შეუდგა. საახალწლო დღესასწაულების შემდეგ გამართული პირველი ვარჯიში იმერული კლუბის ბაზაზე გაიმართა.
როგორც მოგეხსენებათ, საახალწლო არდადეგების შემდეგ, გუნდი თავიდან თბილისში შეიკრიბა - 8 და 9 იანვარს სამკურნალო სადიაგნოსტიკო სარეაბილიტაციო ცენტრ "მედიგარდში" ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს...
იმერეთი კი გუნდს ზამთრის სუსხიანი ამინდით შეეგება, თუმცა ამ გარემოებას გუნდის წევრთა განწყობაზე ცუდად სულაც არ უმოქმედია - ვარჯიში, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხასიათის პრობლემის გამო თორნიკე აფციაური, ზაალ ელიავა, ლევან შარიქაძე, თეიმურაზ ღონღაძე და თორნიკე გრიგალაშვილი აკლდნენ, ძალიან საქმიან ატმოსფეროში წარიმართა. ვარჯიშის დაწყებამდე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ ფეხბურთელებსა და გუნდის პერსონალს თავის ასისტენტი კახა გოგიჩაიშვილი წარუდგინა.
დღევანდელი დღე ძირითადად ფიზიკურ კონდიციებზე მუშაობას დაეთმო - დაახლოებით ოცწუთიანი ”კროსის” შემდეგ, ფეხბურთელებმა მცირე ხანს ბურთით იმუშავეს, ხოლო შემდეგ ყურადღება მატონიზირებელი ხასიათის ვარჯიშებზე იქნა გამახვილებული. პირველად თავის ახალი გუნდის შემადგენლობაში ივარჯიშა ზემოიმერული კლუბის ახალწვეულმა ლევან კუტალიამ.
2013 წელს გამართულმა ქვეყნის ჩემპიონთა პირველმა ვარჯიშმა მედიის მხრიდან საკმაო ინტერესი გამოიწვია - დღეს ზესტაფონს ცენტრალური და რეგიონალური ტელეკომპანიების წარმომადგენელი გადამღები ჯგუფები ესტუმრნენ...
ხვალიდან კახა კაჭარავას გუნდი ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმზე გადაჰყავს ...
|