Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

04.01.2013

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ კახა კაჭარავასთან

 

სერიოზულად უნდა გავძლიერდეთ

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ახალი სეზონისთვის სამზადისს 10 იანვარს დაიწყებს. კახა კაჭარავა სამი მოგებული მატჩის შემდეგ მარგველთა სრულფასოვანი დამრიგებელია. სწორედ მან უნდა გადაჭრას საკმაოდ რთული მისია - სულ მცირე ევროპის ლიგის საგზური მოაგებინოს მოქმედ ჩემპიონს, რომელიც ახლა მეხუთე ადგილზეა. კაჭარავას გუნდის აწმყოსა და  სამომავლო გეგმებზე დავეკითხეთ - ვფიქრობთ, მისი პირველი ინტერვიუ ”ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელის რანგში საინტერესო გამოდგა...

 

 

- როგორ შეეგუეთ ახალ გუნდს?

- მადლობა მინდა ყველას გადავუხადო - ადაპტაციის პროცესმა ძალიან კარგად ჩაიარა. ამაში ხელი ხელმძღვანელობამაც შემიწყო და ფეხბურთელებმაც. რთულ დროს მოვედი ”ზესტაფონში”. სამი თამაში მოვიგეთ და ექვსეულში მოვხვდით. ეს იყო პროგრამა-მინიმუმი. ახლა უნდა გადავჭრათ ის ამოცანები, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას. ექვსეულში მოხვედრა კი აუცილებელი წინაპირობა იყო ამისათვის.

 

- როდის დაიწყებს გუნდი მზადებას?

- 7 იანვრიდან 10 იანვრამდე სამედიცინო შემოწმებას გავივლით. შემდეგ საქართველოში გავაგრძელებთ მზადებას, 29 იანვარს კი თურქეთში გავემგზავრებით. იქ 13 თებერვლამდე გავჩერდებით. 22 თებერვალს კი სუპერთასზე ”დილას” ვეთამაშებით. თურქეთში გვექნება რამდენიმე საკონტროლო შეხვედრა. არიან გუნდები, რომლებმაც უკვე გამოთქვეს ჩვენთან თამაშის სურვილი. ერთ კვირაში ზუსტად გვეცოდინება მეტოქეთა ვინაობა.

 

- ვიცით, რომ ერთ-ერთი პოტენციური მეტოქე ბუქარესტის ”სტიაუაა”...

- კი, არის ”სტიაუა”, მაგრამ მოდი ჯერ ნუ ვიჩქარებთ, როცა ყველა მეტოქე გაირკვევა, მაშინ მოგაწვდით ინფორმაციას. საუბარია ჩეხურ, რუმინულ, უკრაინულ და თურქულ გუნდებზე.

 

- ახლა ისიც ვთქვათ, ”ზესტაფონიდან” ვინ წავიდა?

- წავიდნენ ზურაბ მამალაძე, ზურაბ მენთეშაშვილი და მამუკა კობახიძე. მამალაძეს გუნდთან კონტრაქტი დაუმთავრდა. რაც შეეხება ზურაბ მენთეშაშვილს, როგორც ვიცი, ის საოპერაციოა. ბოლო სამი მატჩი, რომელიც ”ზესტაფონმა” ჩემი ხელმძღვანელობით ჩაატარა, ზურამ გამაყუჩებლებით ითამაშა და ამისთვის მას მადლობას ვუხდი. მამუკა კობახიძემ კი თავად გამოთქვა გუნდის დატოვების სურვილი. ის ”ალანიაში” ეცდება დამკვიდრებას.

 

- თორნიკე გორგიაშვილის საქმე როგორ იქნება, ამბობენ, მისით ლვოვის ”კარპატია” დაინტერესებულიო...

- იმ სამი მოთამაშის გარდა, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალე, ყველა ფეხბურთელი გუნდთან ერთად დაიწყებს ვარჯიშს.

 

- ვიცით, რომ ”ზესტაფონში” შეიძლება საქართველოს ნაკრების ფორვარდი ირაკლი ქობალია ვიხილოთ, ითქვა, ”ზესტაფონის” მაისურა შეიძლება რამდენიმე დინამოელმა, მაგალითად ნიკა კვეკვესკირმა და ლევან კაკუბავამ შეიძლება მოირგონო...

- მოლაპარაკება მიმდინარეობს როგორც ქობალიასთან, ისე არაერთ სხვა ფეხბურთელთან. კვეკვესკირი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მე წინააღმდეგი ვარ გუნდში მოთამაშის იჯარით მოყვანის. ”ზესტაფონი” ყველას პატივივისცემას იმით იმსახურებს, რომ არასდროს ყოფილა ერთწლიანი გუნდი და ახლაც არ იქნება. თუ ჩვენთან მოვა ფეხბურთელი, მოვა სამი-ოთხი წლით.

 

- ალბათ უცხოელების დამატებასაც აპირებთ. როგორც შევიტყვეთ, საუბარია საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელებზე. ერთ-ერთი მათგანი ბუნდესლიგური ”ნიურნბერგის” ღირსებასაც იცავს...

- მართალია, არის ასეთ ფეხბურთელზე ლაპარაკი. ასევე არის სერბი, ავსტრიელი და აფრიკელი მოთამაშეების დამატების შანსი. თურქეთში უკვე პოტენციურ ახალწვეულებთან ერთად წავალთ.

 

- რჩებიან თუ არა გუნდში იგორ იელიჩი, პატრიკ მილხრაუმი და ბოტი გოა?

- იელიჩმა თავი კარგად წარმოაჩინა. მას უკვე შევთავაზეთ ახალი კონტრაქტი და ის ჩვენთან დარჩება. ველოდებით მილხრაუმის პასუხს ჩვენს შეთავაზებაზე და იმედი მაქვს, პასუხი დადებითი იქნება. რაც შეეხება ბოტის, ის არ არის ურიგო ფეხბურთელი, თან ტრავმით თამაშობდა და თურქულ შეკრებაზე შანსს კიდევ მივცემთ.

 

- რა იქნება გუნდის მიზანი ამ სეზონში?

- სანამ არსებობს ჩემპიონობის შენარჩუნების თეორიული შანსი, მანამდე ჩემპიონობა. პროგრამა-მინიმუმი კი ევროპის ლიგის საგზურის მოგება და თან ახალგაზრდა კადრების დაწინაურებაა. ერთიც - ბავშვთა ფეხბურთს ძალიან სერიოზულად უნდა მივხედოთ.

 

- არის აზრი, რომ ბევრ ჩამოსულ ფეხბურთელს უჭირს ზესტაფონში ცხოვრება, ისინი ქალაქში გასართობის ნაკლებობას უჩივიან - თქვენი აზრით, შეუძლია თუ არა ზესტაფონს, ხანგრძლივად იქცეს საქართველოს ერთ-ერთ საფეხბურთო ცენტრად?

- აქ ყველანაირი პირობაა იმისათვის, რომ ფეხბურთელმა ფეხბურთი ითამაშოს. არის ბაზა, რომელიც დასრულების შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო იქნება საქართველოში. არის ქომაგი, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ამ კუთხით. კი, დღეს შეიძლება არ გვაქვს ისეთი ბაზა (საკუთარი საცხოვრებელი კორპუსით), როგორიც ”დინამოს” ან ”ტორპედოს”, მაგრამ ახლო მომავალში ყველაფერი იქნება. ისეთი გუნდი უნდა ავაშენოთ, რომელიც ევროპული ტურნირების ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

 

ალეკო კაკაურიძე, www.psoni.ge

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013