28.12.2012
კახა კაჭარავა ”ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელია
საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - საქართველოს ორგზის ჩემპიონებს მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის მსვლელობისას კლუბში მწვრთნელ-კონსულტანტის რანგში მოსული კახა კაჭარავა გაუძღვება.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და კახა კაჭარავას შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებულება ძალაშია 2013 წლის 1 იანვრიდან და მისი ხანგრძლივობა განისაზღვრა სამი წლით.
როგორც მოგეხსენებათ, კახა კაჭარავა გუნდში მიმდინარე პირველობის ზესტაფონელთათვის ყველაზე რთულ და გადამწყვეტ მომენტში მწვრთნელ-კონსულტანტის სტატუსით მოვიდა. 46 წლის სპეციალისტი პასუხისმგებლობას არ შეუშინდა და ძალიან რთულ ვითარებაში გუნდს ღირსეულად გაუძღვა.
კახა კაჭარავა კარგადაა ცნობილი საფეხბურთო სამყაროში, როგორც მწვრთნელი, რომელმაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში წარმატებით იმუშავა თბილისის ”დინამოში”. ბოლო პერიოდში კი ის საქართველოს ცხრამეტწლამდელთა ნაკრებს უძღვებოდა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა დაძლია უეფას ევროპის 2012-13 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი, შესარჩევ ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და ხორვატიასთან ერთად, ელიტრაუნდში შეაბიჯა.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობაზე დანიშნულია წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი კახა გოგიჩაიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი გახლდათ. მასთანაც სამწლიან შრომით ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
|