27.12.2012
ინტერვიუ მიხეილ ხუციშვილთან
”ზესტაფონში” მნიშვნელოვანი გარდაქმნებია... ცხადია, იქნება ცვლილებები შემადგენლობაშიც. საქართველოს მოქმედ ჩემპიონს სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილი უჭირავს, თუმცა მარგველები მეტზე ფიქრობენ. გვესაუბრება საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” სპორტული დირექტორი მიხეილ ხუციშვილი.
- თავდაპირველად მწვრთნელის საკითხს შევეხოთ. როგორც ვიცით კახა კაჭარავას გუნდში დარჩენა გადაწყვეტილია...
- დიახ, კაჭარავა რამდენიმე დღეში გააფორმებს სრულფასოვან კონტრაქტს ”ზესტაფონთან.” ეს საკითხი გადაწყვეტილია. რაც შეეხება სამწვრთნელო შტაბს, ისიც ჩამოყალიბების სტადიაშია. ყველაფერს ოპერატიულად გაცნობებთ.
- საინტერესოა, რომელი ფეხბურთელები ტოვებენ გუნდს?
- ერთადერთი, ზურაბ მამალაძის წასვლაა გადაწყვეტილი - მას კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა. დანარჩენ ფეხბურთელებს კონტრაქტები აქვთ ”ზესტაფონთან” და მათ საკითხს მთავარი მწვრთნელი გაარკვევს უცხოურ შეკრებაზე.
- რა ბედი ელით ”ზესტაფონის” ლეგიონერებს: ბოტი გოას, იგორ იელიჩსა და პატრიკ მილხრაუმს?
- მათი საკითხი, ისევე როგორც დანარჩენი ფეხბურთელებისა, მწვრთნელის გადასაწყვეტია, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ სამივე ფეხბურთელი გუნდში დარჩება. ყოველ შემთხვევაში, მათ ამის დიდი სურვილი აქვთ.
- ცხადია, გუნდის რიგებში რამდენიმე ახალი ფეხბურთელის გამოჩენასაც უნდა ველოდოთ...
- რამდენიმე კვალიფიციური ფეხბურთელით აუცილებლად გავძლიერდებით. საუბარია როგორც უცხოელ, ისე ქართველ მოთამაშეებზე. მათ ვინაობას ჯერ ვერ დავაკონკრეტებ, იმას კი ვპირდები ქომაგს, რომ ”ზესტაფონი” გაცილებით ძლიერი იქნება.
- სად გაივლის ”ზესტაფონი” ზამთრის მოსამზადებელ შეკრებას?
- გადაწყვეტილია, რომ ზამთრრის შეკრებას თურქულ ანტალიაში გავივლით. იქ სავარაუდოდ 29 იანვარს გავემგზავრებით და 13 თებერვლამდე დავრჩებით. თურქეთში ხუთ საკონტროლო შეხვედრას ჩავატარებთ. მეტოქეთა ვინაობა რამდენიმე დღეში დაზუსტდება.
- დაბოლოს, როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს გუნდის მიზანი წლევანდელ სეზონში?
- სანამ ჩემპიონობის თეორიული შანსი გვაქვს, ვიბრძოლებთ ქართული ოქროს შესანარჩუნებლად. პროგრამა-მინიმუმი კი ახალგაზრდული, ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება და ევროპის ლიგაზე წარმატებული თამაშია.
|