26.12.2012
ჩვენი მეტოქე - ლანჩხუთის ”გურია”
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 26 დეკემბერს გამართული კენჭისყრის შედეგად, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მერვედფინალური წყვილები გაირკვა. საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” მეტოქედ ლანჩხუთის “გურია” ერგო.
თასის გათამაშების მერვედფინალში ზესტაფონელთა მეტოქე სახელოვანი წარსულით იწონებს თავს. დასავლეთ საქართველოს წარმომადგენელი რაიონული ცენტრის წარმომადგენელმა გუნდმა საკავშირო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გაღწევა მოახერხა და საბჭოთა იმპერიის ელიტარულ დივიზიონში თავი სულაც არ შეურცხვენია. საინტერესოა, რომ ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, სწორედ ლანჩხუთის "გურიამ" მოახერხა ეროვნული თასის პირველსავე გათამაშებაში გამარჯვების მოპოვება - ტურნირის ფინალურ შეხვედრაში გურულებმა ანგარიშით 1-0 სოხუმის "ცხუმი" დაამარცხეს.
"ზესტაფონსა" და "გურიას" ეროვნული ჩემპიონატის ერთსა და იმავე დივიზიონში არასდროს უასპარეზიათ, ხოლო რაც შეეხება ეროვნული თასის გათამაშებას, აქ გუნდები 2006-2007 წლების გათამაშებაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. 2006 წლის 10 აგვისტოს ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ პირველ მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრაში ზესტაფონელებმა ზურაბ იონანიძის, შალვა ღონღაძის, გრიგოლ იმედაძის, გოგი ფიფიასა და გიორგი ჭელიძის გოლების წყალობით ლანჩხუთელები 5-0 გაანადგურეს და გათამაშების მერვედფინალის საგზურიც პირველივე შეხვედრაში გაინაღდეს. მხარეთა ურთიერთშეთანხმების შედეგად, ფორმალობად ქცეული განმეორებითი მატჩიც ზესტაფონში, ოღონდ ზესტაფონელთა ხელოვნურსაფარიან მოედანზე, 2006 წლის 23 აგვისტოს გაიმართა და ამჯერად მეორე გუნდით მოასპარეზე იმერლებმა უფრო მოკრძალებული ანგარიშით 4-1 დაამარცხეს გურულები. იმერელთაგან გოლები ალექს ბენაშვილმა, ნიკა კვასხვაძემ, ირაკლი ძარიამ და დავით ჯანელიძემ გაიტანეს, სტუმართაგან კი თავი გიგა კვერენჩხილაძემ გამოიჩინა.
ეროვნული თასის გათამაშების მერვედფინალური სტადიის მატჩები 2013 წელს გაიმართება. “გურია” - “ზესტაფონის” წყვილის პირველ დაპირისპირებას 26 თებერვალს ლანჩხუთი უმასპინძლებს, ხოლო განმეორებითი შეხვედრა 2 მარტს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე ჩატარდება.
|