20.12.2012
დუბლიორთა ტურნირის ოცდამეერთე ტური
20 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეერთე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტები ზუგდიდის "ბაიას" ბაზაზე საფეხბურთო კლუბ ”ზუგდიდის” მეორე გუნდს ესტუმრნენ.
ზესტაფონელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, ჯიქიძე (გიორგობიანი, 84), რობაქიძე, შალამბერიძე, კიკნაველიძე, გაჩეჩილაძე, ომარ გრიგალაშვილი (ლეკვეიშვილი, 83), ხუჯაძე (ჭეიშვილი, 72), კიკნაძე, ეგუტიძე (კუპრაშვილი, 75), იონანიძე (ჩუბინიძე, 79).
შეხვედრის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა - გარკვეულ მომენტამდე ორივე გუნდის დაცვის ხაზი თავდამსხმელებზე უკეთ გამოიყურებოდა. ანგარიში ტაიმის მიწურულს გაიხსნა - 37-ე წუთზე ლუკა გუგუჩიამ კარგი სოლორეიდი განახორციელა და ზესტაფონელთა გოლკიპერს შორეულ კუთხეში გაუტანა. ზუსტად ერთ წუთში არანაკლებ შთამბეჭდავი რეიდი ზესტაფონელმა გუგა კიკნაძემაც განახორციელა, მან გზად რამდენიმე მეტოქე ჩამოიცილა და ზუგდიდელთა გოლკიპერთან პირისპირ გასულმა ბურთი სწორედ მასპინძელთა კარის დარაჯს მოახვედრა...
უნდა ითქვას, რომ, წინა მატჩებისაგან განსხვავებით, იმერლებმა მკვეთრად გაახალგაზრდავებული შემადგენლობით ეწვივნენ ზუგდიდს. მოედანზე 1995-1996 წლებში დაბადებული რამდენიმე ფეხბურთელი გავიდა და მარცხის მიუხედავად, მათ ცუდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებიათ. სტუმრებმა რამდენიმე კარგი იერიშიც განახორციელეს "ზუგდიდის" კართან - ანგარიშის გათანაბრებასთან ყველაზე ახლოს კი დავით ხუჯაძე გახლდათ, თუმცა გოლის გატანის ძალიან კარგი შანსი ვერ იქნა სათანადოდ გამოყენებული. ზუგდიდელები კონტრიერიშებს მიმართეს და 74-ე წუთზე ლუკა გუგუჩიამ ულამაზესი გოლით თავის გუნდის უპირატესობა უფრო სოლიდური გახადა. დღევანდელი მატჩის საბოლოო ანგარიში კი 81-ე წუთზე დაფიქსირდა - გრიგოლ ბერიშვილმა ზუგდიდელები 3-0 დააწინაურა. აღსანიშნავია ისიც, რომ 70-ე წუთზე კახა მეშველიანმა 11-მეტრიანის მოგერიებაც მოახერხა - სტუმართა გოლკიპერმა მაკარ აქუბარდიას არ გაატანინა.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი
|