2012 წლის 19 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეერთე ტურის მატჩები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის ცენტრალურ სტადიონზე ადგილობრივმა საფეხბურთო კლუბმა ”ზუგდიდმა” საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა.
დღევანდელ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვება სტუმართათვის მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპის შედეგებით პირველ ექვსეულში საგზურის გასაფორმებლად საკმარისი აღმოჩნდა. საინტერესოა ისიც, რომ სწორედ "ზესტაფონი" გახდაპირველიგუნდი, რომელმაცგანმუხურშიზუგდიდელთა დამარცხებამოახერხა...
ძლიერი ქარის გამო შეხვედრის პირველ ნახევარში გუნდებს მაქსიმუმის დემონსტრირება უჭირდათ, თუმცა იმერლები მათ წინაშე არსებულ ამოცანას თავიდანვე სერიოზულად მოეკიდნენ და საგრძნობ ტერიტორიულ უპირატესობას პირველივე წუთებიდან მოყოლებული დაეუფლნენ. მალევე სტუმრებს გოლის გატანაც შეეძლოთ - იგორ იელიჩის შორიდან უძლიერესად დარტყმულის მოგერიება ზუგდიდელთა გოლკიპერმა ლაშა ძაგანიამ მოახერხა, ისევე, როგორც ბოტი გოას დამატებულის. სტუმრები 27-ე წუთზე მაინც გავიდნენ წინ - ზუგდიდელთა მცველებმა სტუმართა შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ალექსი ბენაშვილის მიერ ჩაწოდებულის საკუთარი საჯარიმოდან დროულად გამოტანა ვერ შეძლეს, იქ კი ყველას მარგველთა კოტდ'ივუარელმა ლეგიონერმა ბოტი გოა დემელმა დაასწრო და თავის გუნდი დააწინაურა.
მეორე ტაიმის დასაწყისი პოზიციური უპირატესობის დასაუფლებლად გაჩაღებული ბრძოლით იყო დასამახსოვრებელი. თუმცა, ტაიმის შუაწელისკენ ისევ სტუმართა უპირატესობა გამოიკვეთა და ბოტი გოას მიერ გაცუდებული კიდევ ერთი ძალიან სახიფათო მომენტის შემდეგ, ანგარიში 0-2 გახდა - 73-ე წუთზე თორნიკე აფციაურის მიერ კუთხურის ნიშნულთან ახლოს დანიშნული ჯარიმიდან ჩაწოდებულს თედორე გრიგალაშვილი გამოეხმაურა და ბურთი ზუგდიდელთა დაუცველ კარში გადაგზავნა. ზესტაფონელთა მაისურით გატანილი ორი სადებიუტო გოლის შემდეგ, სტუმრებმა მასპინძლებზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს და დღევანდელი შეხვედრის საბოლოო ანგარიში ზურაბ მენთეშაშვილმა ულამაზესი შორეული დარტყმით80-ე წუთზე დააფიქსირა. მარგველთა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ანგარიშით 3-0.
მატჩის შემდეგ (www.worldsport.ge):
ელგუჯა ქომეთიანი (“ზუგდიდი”): „ძალიან სამწუხაროა ჩვენთვის, რომ მთელი ნახევარი სეზონი წარმატებით ასპარეზობ და საკუთარ მინდორზე წაგება არ აქვს გუნდს, ხოლო ბოლო შეხვედრას მარცხით ვასრულებთ. რას ვიზამთ, დღეს მეტოქეს ყველაფერი იდეალურად გამოსდიოდა და შედეგიც სახეზეა. დღევანდელ შეხვედრაში თამაში არ წაგვივიდა, ზესტაფონს კი დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ“ კახა კაჭარავა (“ზესტაფონი”): „ჩემს ფეხბურთელებს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან დავალება ყველა რგოლში ზუსტად შეასრულეს. ამ მოგებამ კი საუკეთესო ექვსეულის გზა გაგვიხსნა. ბოლო ორ ტურში ექვსმა ქულამ კონკურენტებთან დაგვაახლოვა და ახლა ბოლო ტურში, „დინამოსთან“ თამაშის შემდეგ ნათლად გვეცოდინება, რამდენად უფრო რეალურად შეძვლებთ სამეულისთვის ბრძოლას“.
მიმდინარე პირველობის პირველი ეტაპის დასკვნით შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიმდინარე წლის 23 დეკემბერს გამართავს. საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეორე ტურში ზესტაფონელები თბილისის საფეხბურთო კლუბ "დინამოს" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ.