"ზესტაფონის" პრეზიდენტის შეხვედრა გულშემატკივრებთან
2012 წლის 15 დეკემბერს საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ პრეზიდენტი ილია კოკაია ქალაქის საფეხბურთო საზოგადოებას უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო თეატრში შეხვდა. შეხვედრამ, რომელმაც ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, საათნახევარი გასტანა.
ილია კოკაია: "მეორედ ვარ ამ დარბაზში და მეამაყება, რომ ასეთი დიდი ინტერესი გამოიწვია ჩემმა სტუმრობამ, ანშლაგია და გამოგიტყდებით, ძალიან მსიამოვნებს, ყველაზე რთული დღე მექნება დღეს, უნდა გადაგიშალოთ გული და გითხრათ ჩემი ნააზრევი...
თქვენ ხართ ჩვენი კლუბის ყველაზე დიდი მონაპოვარი. მართალია დღეს „ზესტაფონს“ არ უდგას საუკეთესო დრო, მაგრამ გპირდებით რომ, ყველაფერი იქნება კარგად, რვა წელია ეს გუნდი არსებობს და ვერასდროს შევეგუებით იმას, რომ საშუალოთა შორის ვიყოთ. გპირდებით, რომ მივაღწევთ ჩვენს მიზანს და ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს მოგასმენინებთ ზესტაფონში...
კახა კაჭარავა გუნდში დროებით მოვიყვანეთ, ის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია და ამ რთულ დროს გვერდით დაგვიდგა, არ არსებობს დაუძლეველი პრობლემა, ყველაფერს მოევლება, ჩვენ იმ შეცდომების შედეგებს ვიმკით, რომელიც დავუშვით სელექციაში...
გპირდებით, რომ გუნდი აუცილებლად გაძლიერდება, ვინ მოვა და ვინ წავა, ეს ახალი მწვრთნელის გადასაწყვეტი იქნება, რომელიც დიდი ხნით იმუშავებს თავის პოსტზე. მოლაპარაკება მაქვს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მწვრთნელებთან, ჩვენ გვინდა გაგრძელდეს ის გზა, რომელიც ამ გუნდმა გაიარა და რომლის გამოც გუნდს ყავს ამდენი გულშემატკივარი...
ჩემთვის მთავარია რომ, რაც შეიძლება ბევრმა ზესტაფონელმა ითამაშოს „ზესტაფონში“. რვა წელია აქ ვართ და ადგილობრივი კადრები ვერ მოვამზადეთ, ეს ჩვენი უდიდესი მინუსია. მთავარი ინვესტიცია ამიერიდან განხორციელდება მწვრთნელებში, რამდენიმე სპეციალისტთან მიდის უკვე მოლაპარაკება, მაქსიმალურად დავასაქმებთ ადგილობრივ სპეციალისტებს...
სულაც არ ვთვლი, რომ ხშირად ვცვლით მწვრთნელებს, ჭიაბრიშვილზე ამას ვერ ვიტყვი და მუჯირი-ზამთარაძის დუეტი ჩვენ არ გაგვითავისუფლებია, თვითონ წავიდნენ, ვაგრძელებთ მუშაობას ორმაგი ენერგიით და კიდევ ერთხელ გპირდებით, რომ ავასრულებ თქვენს ოცნებას და ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს მოგასმენინებთ..."
„ზესტაფონის“ გულშემატკივრებმა გააჟღერეს ინიციატივა ილია კოკაიასათვის ზესტაფონის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ, რაზეც გუნდის პრეზიდენტმა განაცხადა:
" მე დღეს აქ ველოდი ბევრ კრიტიკას. ველოდი მწარე სიტყვებს, მაგრამ დამხვდა უდიდესი სითბო და სიყვარული, რისთვისაც გიხდით მადლობას. ეს კიდევ მეტს მავალდებულებს, ისღა დამრჩენია თქვენი ნდობა გავამართლო"...