2012 წლის 15 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეოცე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქვეყნის ჩემპიონმა საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ბოლნისის საფეხბურთო კლუბ ”სიონს” უმასპინძლა.
დღევანდელი შეხვედრა კახა კაჭარავასთვის სადებიუტო მატჩი გახლდათ ზესტაფონელთა დამრიგებლის თანამდებობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ მოედანზე ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით გასული მასპინძლები სერიოზულად მოეკიდნენ მათ წინაშე დასახულ მნიშვნელოვან ამოცანას და ბოლნისელთა დაცვის ხაზს მრავალი სანერვიულო შეუქმნეს. ერთმანეთის მიყოლებით გოლის გატანის შესაძლებლობები ბოტი გოას (ორჯერ), პატრიკ მილხრაუმს, თორნიკე აფციაურსა და ზურამ მენთეშაშვილს მიეცათ, თუმცა იმერლებს ხან შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე ღალატობდათ, ხანაც კარის ხაზზე სასწაულებს ბოლნისელთა გოლკიპერი მინდია ბობღიაშვილი სჩადიოდა. სტუმრები მასპინძელთა აქტიურობას სწრაფ კონტრშეტევებით უპირისპირებდნენ, თუმცა საბოლოოდ შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ 0-0 დასრულდა.
მეორე ტაიმის პირველი ნაწილი შედარებით თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, სამაგიეროდ, მატჩის დასკვნით ნაწილში ისევ გამოიკვეთა მარგველთა უპირატესობა. ჯერ პატრიკ მილხრაუმის ძალიან სახიფათო დარტყმა ბოლნისელთა კიპერმა გააუვნებელჰყო, შემდეგ კი გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყვნენ თედო გრიგალაშვილი და გიორგი კაჭკაჭიშვილი... მატჩის ბედი კი მატჩის არბიტრ ხვიჩა გაგნიძის მიერ კომპენსირებულ ბოლო, მესამე წუთზე გადაწყდა - დღევანდელ შეხვედრაში ზესტაფონელთა უკანასკნელი შეტევისას ზურამ მენთეშაშვილმა ბურთი ბოლნისელთა საჯარიმო მოედნისაკენ ჩააწოდა, სტუმრებმა ბურთი საჯარიმოს ფარგლებს გარეთ გამოიტანეს, სადაც მას იგორ იელიჩიდაეუფლა და ძლიერად დაარტყა - ამ მომენტამდე ბრწყინვალედ მოასპარეზე მინდია ბობღიაშვილმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა... ზესტაფონელთა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ანგარიშით 1-0.
შემდეგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიმდინარე წლის 19 დეკემბერს გამართავს. საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეერთე ტურში ზესტაფონელები განმუხურში საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდს" ესტუმრებიან.